ფრიდრიხ ებერტის ფონდმა საქართველოში კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდების 85%-ს არასდროს მოუწევია მარიხუანა, ხოლო 8% იშვიათად მოიხმარს მას.
აღნიშნულ 8%-ში მამაკაცები დომინირებენ (14%).
მარიხუანას მოწევის წილი იზრდება ასაკთან ერთად 5%-დან 9%-მდე. ასევე, კვლევის შედეგების მიხედვით, ახალგაზრდები, რომლებიც იშვიათად ეწევიან მარიხუანას, მიეკუთვნებიან მაღალ სოციალურ ფენას (16%) და ცხოვრობენ თბილისში (15%).
ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევა – ,,თაობა გარდამავალ პერიოდში – ახალგაზრდობის კვლევა 2016- საქართველო” მოიცავს საქართველოს ახალგაზრდების პრობლემებსა და მისწრაფებებს, ღირებულებებისა და ცხოვრების სტილის გარშემო არსებულ საკითხებს და გამოკითხულები არიან 14-29 წლის ასაკის ახალგაზრდები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბებულ დამოუკიდებელ საქართველოში გაიზარდნენ.
კვლევა ჩატარდა 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში. ფრიდრიხ ებერტის ფონდმა მსგავსი კვლევები განახორციელა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიაში. აღნიშნული კვლევები შექმნილია იმისათვის, რათა შესაძლებელი გახდეს გამოკითხვაში მონაწილე ქვეყნების შედეგების შედარება.
მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”