იქიდან გამომდინარე, რომ ვირუსები ხმელეთზეც არსებობს და ოკეანის წყალშიც, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისინი ცაშიც არიან.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყოველდღიურად, ასობით მილიონი ვირუსი ილექება დედამიწის ატმოსფეროს ყველაზე ქვედა ფენის თავზე.
ამან შეიძლება ახსნას საინტერესო ფენომენი — როგორ ჩნდება თითქმის იდენტური ვირუსები ერთმანეთისგან ძალიან დაშორებულ გეოგრაფიულ არეალებში და სხვადასხვა გარემოში.
პლანეტის ყველა მიკრობს შორის, ვირუსები ყველაზე უხვადაა. მხოლოდ ოკეანეში, მათი ოდენობა ნონილიონს (10^30) აღწევს. რა თქმა უნდა, ვიცით ისიც, რომ ვირუსებს შეუძლია ჰაერ-წვეთოვანი გზით გავრცელება, რაც მათი გადაცემის ძირითად მეთოდს წარმოადგენს.
წარსულში, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სატყეო ოფისმა დაადგინა, რომ ყოველწლიურად, დედამიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე ტრილიონზე მეტი ვირუსი ცვივა.
როგორც აღმოჩნდა, ეს ციფრი საკმაოდ კონსერვატიულია.
„ყოველდღიურად, პლანეტური საზღვრის ფენის თავზე, ყოველ კვადრატულ მეტრზე ილექება 800 მილიონ ვირუსზე მეტი — 25 ვირუსი კანადის ყოველ მცხოვრებზე“, — ამბობს ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის ვირუსოლოგი კურტის სატლი.
იგი ერთ-ერთი ავტორია ახალი კვლევისა, რომელმაც პირველად ისტორიაში, შეაფასა იმ ვირუსთა ოდენობა, რომლებიც ვრცელდება ტროპოსფეროში, სტრატოსფეროს ქვემოთ, ატმოსფეროს ყველაზე ქვედა ფენის თავზე — პლანეტური საზღვრის ფენაში, სადაც ყალიბდება ამინდი და დაფრინავენ თვითმფრინავები.
„დაახლოებით 20 წლის წინ, დაიწყო გენეტიკურად ერთნაირი ვირუსების გავრცელების აღმოჩენა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულ გარემოში, მთელი პლანეტის მასშტაბით“, — ამბობს სატლი.
„დიდხანს სიცოცხლის უნარის მქონე ვირუსების უპირატესობა, იმოგზაურონ ატმოსფეროში — სავარაუდოდ ხსნის თუ რატომ ვრცელდებიან ისინი ატმოსფეროში ერთი კონტინენტის თავზე და ილექებიან მეორე კონტინენტზე“.
ვირუსების აეროიზოლაციის მექანიზმი, ანუ როგორ ვრცელდებიან ისინი ჰაერ-წვეთოვანი გზით, ბოლომდე კარგად შესწავლილი არაა, მაგრამ როგორც კვლევები გვთავაზობს, სულ მცირე ზოგიერთ შემთხვევებში, ისინი ატმოსფეროში მტვერთან და ზღვის შხეფებთან შერეული ვრცელდებიან. უკვე ვიცით, რომ ამ გზით ვრცელდება ბაქტერიები, შესაბამისად, უპრიანია, რომ ეს ვირუსებსაც შეეძლოს.
სატლსა და მის გუნდს სურდა გაერკვია, ზუსტად რა ოდენობის ვირუსი ადიოდა 2500-3000 კმ სიმაღლეზე.
ესპანეთში, სიერა-ნევადის მთების რეგიონში, რომელიც გლობალური მტვრის სარტყლის გავლენის ქვეშ იმყოფება, პლანეტური საზღვრის ფენის თავზე განთავსებულ პლატფორმაზე მათ ორი კოლექტორი დაამონტაჟეს.
შედეგად, აღმოაჩინეს, რომ თავისუფალ სტრატოსფეროში, ყოველ კვადრატულ მეტრზე, დღეში მილიონობით ბაქტერია და მილიარდობით ვირუსი ილექებოდა.
ვირუსების დალექვის მაჩვენებელი 9-461-ჯერ მაღალი იყო ბაქტერიებისაზე.
თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სიტუაცია მძიმეა — თვალნათელია, რომ მათთან ერთად ჩვენ შესანიშნავად ვცხოვრობთ და გადარჩება თუ არა ვირუსები ახალ ეკოსისტემაში, დამოკიდებულია იმაზე, არის თუ არა მასპინძელი მათთან თავსებადი.
მიუხედავად ამისა, მათ შეუძლიათ გაუძლონ ატმოსფერულ მგზავრობას, შესაბამისად, არსებობს შესაძლებლობა, რომ ახალ ეკოსისტემაზე გავლენის მოხდენაც შეეძლოთ.
გარდა ამისა, ვირუსები მხოლოდ პათოგენები როდია. როგორც ბოლო მტკიცებულებები გვთავაზობს, ისინი გადამწყვეტ როლს თამაშობენ ოკეანის ნახშირბადის ციკლში. ასევე არსებობს ვირუსები, სახელად ბაქტერიოფაგები, რომლებიც ადამიანებს მავნე ბაქტერიების განადგურებაში ეხმარებიან.
როგორც მკვლევართა ჯგუფი წერს, ატმოსფეროში გავრცელება და იქ დიდხანს დარჩენა, წარმოქმნის ვირუსების მრავალფეროვნების შენარჩუნების მექანიზმს, დაახლოებით თესლების შემნახველი საცავის მსგავსს.
„ატმოსფეროდან ბაქტერიებისა და ვირუსების ქვედა მიმართულებით დინებებს შეიძლება ეფექტები ჰქონდეს მიმღები ეკოსისტემების სტრუქტურასა და ფუნქციონირებაზე“, — წერენ მკვლევრები.
„უარყოფითი შედეგების ნაცვლად, ასეთი დალექვა წარმოქმნის თესლების საცავს, რომელიც ეკოსისტემებს გარემოს ცვლილებებზე სწრაფი მორგების საშუალებას აძლევს“.
კვლევა International Society for Microbial Ecology Journal-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.ubc.ca-სა და ScienceAlert-ის მიხედვით