close
მედიცინა

ლაბორატორიის თანამშრომელი ღორებისგან ებოლათი დაინფიცირდა

კანადელი ლაბორატორიის თანამშრომელი ექსპერიმენტზე მუშაობის დროს ღორებთან კონტაქტის შედეგად ებოლას ვირუსით დაინფიცირდა.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, შემთხვევა იმან გამოიწვია, რომ მამაკაცის დამცავი კოსტუმი გარღვეული იყო.

ინციდენტი Winnipeg, Manitoba-ის ლაბორატორიაში მოხდა, რომელიც იმავე მხარეს მდებარეობს, სადაც მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, რომელშიც მეცნიერებმა ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს.

კანადის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, აქამდე კანადაში ებოლას არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

ლაბორატორიის დაინფიცირებული თანამშრომელი იზოლაციაში ყოფნას დასთანხმდა. მას მედიკოსები 21 დღის განმავლობაში დააკვირდებიან.

ექვსი ღორი ექსპერიმენტის ფარგლებში ებოლას ვირუსით დააინფიცირეს. ლაბორატორიის აღნიშნული თანამშრომელი ანესთეზირებულ ღორებთან სპეციალური კოსტიუმით შევიდა. „გაუგებარია, რამ გამოიწვია კოსტუმის დაზიანება,“ – აცხადებენ ქვეყნის ჯანდაცვის ოფიციალური პირები.

ებოლა წარმოადგენს ჰემორაგიულ ცხელებას. ის იშვიათი დაავადებაა, თუმცა ხასიათდება მაღალი სიკვდილიანობით (დაავადებულთა 90%-ზე მეტი დაიღუპა).

პირველად ვირუსი დაფიქსირდა 1976 წელს ეკვატორულ სუდანსა და ზაირში. სუდანში დაინფიცირებული 284 ადამიანიდან დაიღუპა 151, ზაირში კი 318 დაავადებულიდან 280 გარდაიცვალა. ვირუსის პირველი იდენტიფიცირება მოხდა ზაირში მდინარე ებოლას ხეობაში, საიდანაც გაჩნდა ვირუსის სახელწოდება.

ვირუსი ვრცელდება ლორწოვანი გარსით და კანის მიკრბოდაზიანებებით. კანადელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტებით დაადასტურეს, რომ ვირუსი შესაძლებელია კონტაქტის გარეშეც გადაეცეს.

დაკრძალვის რიტუალები, რომლის დროსაც ჭირისუფლებს აქვთ კონტაქტი დაღუპულის სხეულთან, ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყაროა. დაღუპულის ორგანიზმიდან ვირუსი 3 კვირის განმავლობაში გამოიყოფა.

დაავადების სიმპტომებია თავის, კუნთებისა და მუცლის ძლიერი ტკივილები, დიარეა და ანგინა. მოგვიანებით ჩნდება მშრალი ხველება, მჩხვლეტავი ტკივილები მკერდში და დეჰიდრატაცია. ვირუსი იწვევს სისხლის შემადგენლობის შეცვლას – იწყება ანემია, ლეიკოციტებისა და ტრომბოციტების მკვეთრი შემცირება. შედეგად იშლება სისხლის შედედების ფუნქცია, ზიანდება სასხლძარღვები და იწყება სისხლდენები. სიკვდილი დგება დაავადების მეორე კვირას სისხლდენებისა და შოკის შედეგად.

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  ,,დოქტრინა”

წყარო: http://www.dailymail.co.uk/

 

გაზიარება:
fb-share-icon0