ლომისობა მოძრავი დღესასწაულია და აღდგომიდან მე-7 კვირას აღინიშნება. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე – სოფელ მლეთაში. ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებიან. ტრადიციის თანახმად, ,,დეკანოზები” (იგივე ხევისბერები) გამოასვენებდნენ დროშას და ,,ფერხისას” სიმღერით აიტანდნენ მთაზე, სადაც იმართებოდა დღეობა შესაწირავით.
ლომისობას რამდენიმე ლეგენდა უკავშირდება, ერთ-ერთის თანახმად, მისი აღნიშვნა მე-13 საუკუნეში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ჯალალ-ედ-დინმა ქვეყანა გაანადგურა და მთიულეთის მთავარი სიწმინდე – გზოვანის წმინდა გიორგის ხატი თან წაუღიათ მის მიერ ტყვედ აყვანილ ქართველებს. გადმოცემით, ამ ხატს ხვარაზმელთა (ხორასნელთა) მხარე „შეუკრავს”: დედამიწას ნაყოფი აღარ გამოუღია, ადამიანი და საქონელი გაბერწებულა…
სულთანს თავზარი დასცემია და მისნები მოუხმია. მიზეზად გურჯისტანიდან წამოღებული ხატი დასახელდა. სულთანმა მისი დაწვა ბრძანა, საკირეშიც ჩააგდეს, მაგრამ, როგორც ლეგენდა იუწყება, იგი ამოფრენილა საკირედან და იქვე მოვლენილ თეთრი ხარის რქაზე დაბრძანებულა. ხარი და ხატი მანამ არ დაძრულან ადგილიდან, სანამ სულთანს ყველა ტყვე არ გაუთავისუფლებია. მაინც დაკლებიათ ერთი კოჭლი დედაკაცი, რომელიც ვიღაც ხორასნელს მოახლედ წაუყვანია. ის ქალიც სასწრაფოდ მოუძებნიათ და ხატიანი ხარიც 7000 ქართველის თანხლებით სამშობლოსკენ დაძრულა. გზად, სადაც კი ხარს შეუსვენია, ხალხს ყველგან ნიში აუგია. ხატი ბოლოს მლეთის მთაზე დამკვიდრებულა, სადაც ახლა სალოცავია. მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს და ა.შ.
არავინ იცის, სად არის ამჟამად ლომისის სასწაულთმოქმედი ხატი. აქაურთა თქმით, შიშიანობის დროს დეკანოზებს იგი გადაუმალავთ და სანაცვლოდ მისი მსგავსი ვერცხლის ხატი მოუჭედინებიათ. გადამალული ხატი ვეღარ უპოვიათ. ასლი ახლა მლეთის ეკლესიაშია დაბრძანებული.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“