close
კვლევები

მართალია რომ ცაციები უფრო ნიჭიერები არიან?

არსებობს მოსაზრება, რომ „მემარცხენეებში“ უფრო ხშირად გვხვდებიან გამორჩეული ნიჭის პატრონები, ვიდრე „მემარჯვენეებში“. ამ შეხედულებას არც სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები აკლია. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მემარჯვენეები ცაციებზე დაახლოებით ათჯერ მეტნი არიან. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ კაცებში მემარცხენეები ორჯერ უფრო ხშირად გვხვდებიან, ვიდრე ქალებში.

რატომ იბადება ადამიანი ცაციად?

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. ეს შეიძლება გენეტიკასთანაც იყოს დაკავშირებული, თუმცა სპეციალისტები სხვა მიზეზებზეც საუბრობენ. მართალია, ერთი კვერცხუჯრედიდან დაბადებულ ტყუპებს მსგავსი გენები აქვთ, მაგრამ მათგან 17%-ი სხვადასხვა სამუშაო ხელით იბადება. ხანდახან ნაყოფს მემარცხენეობა გარე ფაქტორების გავლენით უყალიბდება.

მაგალითად, არსებობს კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ ბავშვის ცაციად დაბადების მეტი ალბათობა არსებობს, თუ დედას ფეხმძიმობის დროს ხშირი სტრესი ჰქონდა. ფსიქოლოგები გამოყოფენ შეძენილ მემარცხენეობასაც, რომელიც ტრავმით ან სხვა მოვლენით შეიძლება იყოს განპირობებული.

რატომ გაჩნდა მოსაზრება, რომ ცაციები უფრო ნიჭიერები არიან?

სავარაუდოდ, ადამიანებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ ბევრი ცნობილი ადამიანი ცაციაა. 1970-იანი წლების ბოლოდან მეცნიერებმა გამოაქვეყნეს საკმაოდ ბევრი კვლევა, რომელიც მემარცხენეობასა და გამორჩეულ ნიჭს შორის კავშირს სწავლობდა. სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით ჩატარდა: ამოწმებდნენ ჰიპოთეზებს იმის თაობაზე, რომ ბევრი ცნობილი და ნიჭიერი მხატვარი, არქიტექტორი, მუსიკოსი თუ მათემატიკოსი ცაციაა. ტარდებოდა ექსპერიმენტები ბავშვებისა და მოზარდების მონაწილეობით.

კვლევებით რა გაირკვა?

გამოქვეყნებული მასალები არ იძლევა საშუალებას დაზუსტებით ითქვას, რომ მემარცხენეები მემარჯვენეებზე რომელიმე კონკრეტულ სფეროში უფრო ნიჭიერები არიან. უფრო მეტიც, კვლევები ურთერთგამომრიცხავია. ზოგიერთმა სამეცნიერო ნაშრომმა დაადასტურა ცაციების გამორჩეული ნიჭის შესახებ არსებული ჰიპოთეზა, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ მეთოდოლოგიაში სერიოზული ხარვეზები იყო.

2009 წელს ავსტრალიელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ნაშრომი, რომელიც 4-დან 5 წლამდე ასაკის 5000-მდე ბავშვის გამოკითხვას ეფუძნებოდა. კვლევა ჩატარდა არა კონკრეტულად ცაციების თემაზე, არამედ სხვა პროექტის ფარგლებში გროვდებოდა ინფორმაცია და ამისათვის ბავშვებთან ხანგრძლივი ინტერვიუები ჩაიწერა.

მათ სთხოვდნენ წაეკითხათ, დაეწერათ და სხვადასხვა შემოქმედებითი დავალება შეესრულებინათ. აღმოჩნდა, რომ ცაცია ბავშვები შედარებით რთულად ართმევდნენ თავს ისეთ დავალებებს, რომლებიც მოტორიკასთან იყო დაკავშირებული (წერა, ხატვა). ამასთანავე, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები მემარცხენეებსა და მემარჯვენეებში თანაბარი რაოდენობით აღმოჩნდნენ. იმ დავალებებს კი, რომლებსაც მოტორიკასთან კავშირი არ ჰქონდა, ყველა ბავშვი ერთნაირი წარმატებით ასრულებდა.

ესე იგი, სჯობს ბავშვი ცაციობას გადავაჩვიოთ?

არა. პირველ რიგში, კვლევებმა აჩვენა, მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს შორის მოტორიკასთან დაკავშირებული დავალებების შესრულებაში მხოლოდ მცირე განსხვავებაა. მეორეც, მეცნიერები უკვე დიდი ხანია მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მარცხენა ხელით წერის გადაჩვევის მცდელობას მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე – სარგებელი. როდესაც მემარჯვენე ასრულებს წერილობით დავალებას, ძირითადად მისი ტვინის მარცხენა ნახევარსფერო მუშაობს. ცაციების შემთხვევაში პირიქითაა.

გადაჩვევა კი ტვინის მუშაობაზე აისახება. ხშირად, გადაჩვეული ცაცია მარჯვენა ხელით წერს, მაგრამ ბურთს მარცხენათი ისვრის და სხვა აქტივობებისთვისაც მარცხენა ხელს იყენებს აქტიურად. გარდა ამისა, თუ გადაჩვევის პროცესი მკაცრი და მომთხოვნი იქნება, ბავშვს შეიძლება ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყოს. ისეთი მეთოდები კი, როგორიცაა ხელების დაბმა ან სახაზავის თითებზე დარტყმა, რა თქმა უნდა, კატეგორიულად გამოსარიცხია.

მსოფლიოში ხომ ყველაფერი მემარჯვენეებისთვის არის მოწყობილი. ცაციები იჩაგრებიან?

ცაციებს დისკომფორტი ნამდვილად ექმნებათ. თუმცა ნელ-ნელა ადამიანები იაზრებენ, რომ მსოფლიოში მხოლოდ მემარჯვენეები არ ცხოვრობენ. სულ უფრო მეტი კომპანია უშვებს ცაციებისთვის ისეთ პროდუქციას, როგორიცაა სპორტული ინვენტარი, დანები, მაკრატლები, საათები, ტანსაცმელი და სხვაა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

გაზიარება:
fb-share-icon0