close
ტექნოლოგიები

მაცივრები და სარეცხი მანქანები მალე დანაშაულის მოწმეები გახდებიან

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მაღალტექნოლოგიური მაცივრები და სარეცხი მანქანები მალე სამართალდამცავებს დანაშაულის სცენებიდან მტკიცებულებების მოპოვებაში დაეხმარება.

ამჟამად დეტექტივების სპეციალური მომზადება მიმდინარეობს, რათა მათ მსხვერპლების ან კრიმინალების „ციფრული კვალის“ მოპოვება შეძლონ.

„უკაბელო კამერებმა ისეთ მოწყობილობაში, როგორიცაა მაცივარი, შესაძლოა მფლობელებისა და ეჭვმიტანილების მოძრაობა ჩაწერონ. კარის ზარის საშუალებით, რომელიც სპეციალური აპლიკაციით ტელეფონთანაა დაკავშირებული, პატრონს შეუძლია დისტანციურად აკონტროლოს, ვინ დარეკა ზარი და მაშინაც კი, როცა სახლში არ იმყოფება, დართოს  ან არ დართოს ვინმეს იქ შესვლის ნება. მომავლის შემთხვევის ადგილი „საგნების ინტერნეტად“ გადაიქცევა“ – განუცხადა The Times-ს  Metropolitan Police-ის ციფრული, კიბერ და კომუნიკაციების ექსპერტიზის განყოფილების უფროსმა – მარკ სთოუკმა.

მაგალითად, ახალ მაცივარს Samsung Family Hub Fridge აქვს კამერები, რომლის საშუალებითაც ადამიანებს შეუძლიათ შეიხედონ თავიანთ მაცივარში, როდესაც საყიდლებზე იმყოფებიან, რათა გაიგონ, რისი ყიდვა სჭირდებათ და რისი – არა. ეს კამერები შესაძლოა შესანიშნავი ალიბი იყოს  ან დაამტკიცონ, რომ ადამიანები არ იყვნენ ამა თუ იმ დროს იმ ადგილზე, სადაც მათი მტკიცებით, იმ დროს იმყოფებოდნენ.

სტოუკის განცხადებით, მომავლის დეტექტივმა უნდა შეძლოს „ციფრული სასამართლო ექსპერტიზის“ განხორციელება, რაც მათ მიკროჩიპების ანალიზისა და შემთხვევის ადგილზე მონაცემების ჩამოტვირთვის საშუალებას მისცემს.

თუმცა, სამართალდამცავები შესაძლოა წინააღმდეგობას წააწყდნენ გაჯეტების შემქმნელი კომპანიებისგან, რომლებისთვისაც მათი მომხმარებლების საკუთრების უფლება მნიშვნელოვანია.

აშშ-ში ,,ამაზონი” დღემდე იბრძვის ხელისუფლების იმ მოთხოვნის წინააღმდეგ, რომელიც ენდრიუ ბეითსის კუთვნილი  გასართობი სისტემის Echo-ს ჩანაწერების გადაცემას ითვალისწინებს. პოლიცია დღემდე იძიებს ვიქტორ კოლინსის მკვლელობას, რომელიც 2015 წელს ბეითსის hot tub-ში გარდაცვლილი იპოვეს.  მათ უკვე მოიპოვეს მტკიცებულება ელექტრო წყლის მრიცხველიდან, რომელმაც აჩვენა, რომ დიდი რაოდენობით წყალი იქნა გამოყენებული. დეტექტივები აცხადებენ, რომ, შესაძლოა, წყალი ეზოდან სისხლის კვალის გადასარეცხად გამოიყენეს.

Echo არის ინტერაქტიული სპიკერი, რომელიც მფლობელის ხმაზეა მორგებული. შეკითხვის შემთხვევაში,  მოწყობილობა ყოველთვის ცემს პასუხს ინფორმაციის, მუსიკის, სიახლეების, ამინდის შესახებ. Echo-ს კონტროლი ხმის მეშვეობითაა შესაძლებელი. სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ მოწყობილობა შესაძლოა ისეთ ინფორმაციას ინახავდეს, რაც მათ  კოლინსის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში დაეხმარებათ.

წყარო: telegraph.co.uk

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid