ერთი შეხედვით პატარა და უწყინარი მდედრი კოღო ყველაზე საშიშ არსებად არის მიჩნეული დედამიწის ისტორიაში. თუკი გაგიჩნდათ კითხვა, რატომ მაინცდამაინც მდედრი კოღო?- გეტყვით, რომ მამრები მხოლოდ მცენარეებს კბენენ, ხოლო მდედრებმა დედამიწაზე დაღუპულ ადამიანთა ნახევარი – თითქმის 45 მილიარდი მათგანი, შეიწირეს.
სტატისტიკის მიხედვით, კოღოებს ასზე მეტი პოტენციურად მომაკვდინებელი დაავადება გადააქვთ, მათ შორის: მალარია, ყვითელი ციება, დენგეს ცხელება, ენცეფალიტი, ფილარიატოზი და ელეფანტიაზი. საინტერესოა, რომ დღესაც – როდესაც მედიცინა ასე განვითარდა, ისინი ყოველ 12 წამში ერთ ადამიანს კლავენ.
1877 წელს ბრიტანელმა ექიმმა – სერ პატრიკ მენსონმა, დაამტკიცა, რომ ელეფანტიაზს კოღოს ნაკბენი იწვევდა.
17 წლის შემდეგ დაუშვა, მალარიის გამომწვევიც კოღო ხომ არ იყო. თავისი თეორიის შესამოწმებლად მენსონმა ფრინველები გამოიყენა. იმის საჩვენებლად, რომ ეს თეორია ადამიანების შემთხვევაშიც მუშაობდა, მან საკუთარი ვაჟი დააინფიცირა რომიდან დიპლომატური ჩანთით ჩამოტანილი კოღოების მეშვეობით. (საბედნიეროდ, დაუყოვნებლივ ქინაქინის მიღებით, ბიჭუნა გამოჯანმრთელდა).
კოღოს 2500 სახეობაა ცნობილი, მათგან 400 ანოფელესის ოჯახის წარმომადგენელია, რომელთაგან 40 სახეობა მალარიის გადამტანია.
მდედრი კოღოები გამოწოვილ სისხლს კვერცხების მოსამწიფებლად იყენებენ, რომლებსაც წყალზე დებენ. კვერცხებიდან წყლის მატლები იჩეკებიან. მწერების უმრავლესობისგან განსხვავებით, კოღოს ჭუპრები, რომლებსაც „აკრობატებს“ უწოდებენ, აქტიურები არიან და ცურავენ.
მდედრ კოღოებს იზიდავს ტენი, რძე, ნახშირორჟანგი, სხეულის სითბო და მოძრაობა. ოფლიან ადამიანებსა და ორსულ ქალებს კოღოსგან დაკბენის მეტი შანსი აქვთ.
რაც შეეხება საქართველოს – დღეისთვის აქ შესწავლილია კოღოების 32 სახეობა, მათ შორის, ნილოსისა და დენგეს ცხელების გადამტანები. დენგეს ცხელების რისკის ქვეშ ყოველწლიურად 50 მილიონი ადამიანი დგას და თუ ეს დაავადება გაურთულდათ, დაავადებულთა 3% მაშინაც კი იღუპება, როცა მკურნალობა უტარდება.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”