იაპონელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მათ დედამიწის ბირთვში „დაკარგული ელემენტის“ იდენტიფიცირება მოახდინეს. ისინი ფიქრობენ, რომ აღნიშნული ელემენტი სილიციუმია.
მეცნიერები, რომლებიც ამ ელემენტს ათწლეულების განმავლობაში ეძებდნენ, მიიჩნევენ, რომ რკინისა და ნიკელის შემდეგ, სილიციუმს ჩვენი პლანეტის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია.
აღმოჩენა მნიშვნელოვანია, რადგან ის მეცნიერებს დედამიწის ფორმირების პროცესის უკეთ გაგებაში დაეხმარება.
„გვჯერა, რომ სილიციუმი დედამიწის ბირთვის ძირითადი ელემენტია – დაახლოებით 5%,“ – განაცხადა ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორმა, წამყვანმა მკვლევარმა – ეიჯი ოჰტანიმ.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ დედამიწის შიდანაწილი დაახლოებით 1,200კმ რადიუსის მყარი ბურთია. ის ძალიან ღრმაა იმისთვის, რომ პირდაპირ გამოიკვლიონ, ამიტომ მეცნიერები, მისი შემადგენლობის შესწავლის მიზნით, რეგიონის სეისმურ ტალღებს სწავლობენ.
დედამიწის შუაგული ძირითადად რკინისა (85%) და ნიკელისგან (10%) შედგება. დარეჩენილი 5 %-ის გამოსაკვლევად ეიჯი ოჰტანიმ და მისმა გუნდმა რკინისა და ნიკელის შენადნობს სილიკონი შეურიეს და დედამიწის შიდაბირთვში არსებულის მსგავს მაღალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში მოათავსეს.
მათ აღმოაჩინეს, რომ ეს ნარევი შეესაბამებოდა იმას, რაც, სეისმური მონაცემების მიხედვით, დედამიწის ინტერიერში ჩანდა.
მიუხედავად ჩატარებული კვლევისა, წამყვანი ავტორი ოჰტანი აღნიშნავს, რომ სილიციუმის არსებობის დასადასტურებლად ჯერ კიდევ მეტი მუშაობაა საჭირო. მისი ინფორმაციით, დედამიწის ბირთვში სილიციუმის აღმოჩენა იქ სხვა ელემენტების არსებობას არ გამორიცხავს.
„ეს რთული ექსპერიმენტები ნამდვილად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის შესაძლოა გახდეს ფანჯარა იმის გასარკვევად, თუ როგორი იყო დედამიწის ინტერიერი 4,5 მილიარდი წლის წინ ანუ მაშინ, როცა ჩვენი პლანეტა ფორმირდა და როცა ბირთვმა დედამიწის კლდოვანი ნაწილისგან განცალკავება დაიწყო. თუმცა, ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ დედამიწის ბირთვის მნიშვნელოვან ნაწილს ჟანგბადი წარმოადგენს,“ – განაცხადა კვლევაზე კომენტირებისას კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა – საიმონ რედფერნმა.
მისივე ინფორმაციით, დედამიწის ბირთვის შემადგენლობის შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს იმის უკეთ გასაგებად, თუ როდის და როგორ ჩამოყალიბდა ჩვენი პლანეტა. „ამ მხრივ, აღნიშნული კვლევა ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა არა საბოლოო სიტყვა გახლავთ,“ – დასძინა მან.
წყარო: BBC
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”