close

მეცნიერებმა კომპიუტერული ანალიზის საფუძველზე აღმოაჩინეს, რომ  გამორჩეულად მდიდრები სულაც არ არიან გამორჩეულად ნიჭიერები და მთელი საიდუმლო მათ იღბლიანობაშია.

იტალიის კატანიის უნივერსიტეტის მეცნიერების განცხადებით, მათი მიზანი ადამიანების სასოწარკვეთილებაში ჩაგდება ნამდვილად არ ყოფილა. ,,ჩვენ შევეცადეთ, საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, რა როლს ასრულებს შანსი ცხოვრებაში.”

ამოცანა, რომლის გადაჭრაც მათ დაისახეს, შემდეგია : თუკი ნიჭი, ინტელექტი, სამუშაოს სურვილი და სხვა ფაქტორები, რომელიც ცხოვრებაში გვეხმარება, საკმაოდ სწორადაა მოსახლეობას შორის განაწილებული, რატომ არაა სიმდირე?

კიდევ უფრო დეტალურად რომ ვთქვათ, კაცობრიობის 10 პროცენტის ხელში სიმდიდრის 85 პროცენტია, თუმცა ეს ,,რჩეულები” ნიჭითა და ჭკუით გამორჩეულები სულაც არ არიან. მაშ რა არის დაფარული ინგრედიენტი?

,,ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ასეთი ფაქტორი არის იღბალი,” – წერენ კვლევის ავტორები.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 1,000 კომპიუტერული მოდელი – აგენტი შექმნეს. თითოეულს გარკვეული ნიჭი ჰქონდა, მაგრამ არა გამორჩეულად დიდი ან მცირე. მათი სიმდიდრის დონე თავდაპირველად თანაბარი იყო.

აგენტებმა იღბლიანი (მწვანე წრე) და უიღბლო (წითელი წრე) მოვლენები განიცადეს.

ეს შემთხვევითი მოვლენები სიმულაციაში გადაიტანეს. აგენტების სიმდიდრე იღბლიანი მომენტების პროპორციულად იზრდებოდა და მცირდებოდა.

როდესაც მკვლევარებმა საბოლოო შედეგები გააანალიზეს, აღმოჩნდა, რომ სიმდიდრის გადანაწილება რეალურ ცხოვრებაში არსებულ სინამდვილესთან ძალიან ახლოს იყო. ადამიანების დაახლოებით 20 პროცენტის ხელში სიმდიდრის 80 პროცენტი აღმოჩნდა.

თუმცა ყველაზე მდიდარი 20 პროცენტი და ყველაზე ნიჭიერი (ან უნიჭო) 20 პროცენტი ერთმანეთს ნამდვილად არ ემთხვეოდა.

ისინი, რომლებიც ყველაზე მეტ ფულს შოულობდნენ, საშუალო ნიჭის მქონე ადამიანები იყვნენ. თუმცა სიმდიდრის პირამიდის თავში მოქცეული ადამიანები ყველაზე იღბლიანები იყვნენ.

,,ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად გარკვეული მოცულობის ნიჭი ნამდვილად საჭიროა, თუმცა, ფაქტია, რომ როგორც წესი, ძალიან ნიჭიერი ადამიანები ძალიან წარმატებულები ვერ ხდებიან. საშუალო ნიჭისა და კარგი იღბლის მქონეები კი ცხოვრებაში წარმატებას აღწევენ და მდიდრდებიან”, –  აცხადებენ მეცნიერები.

 

 

წყარო: https://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid