close

გასული წლის თებერვალში ევროპელ ასტრონავტთა გუნდმა განაცხადა, რომ აღმოაჩინეს შვიდპლანეტიანი სისტემა, რომელიც ვარსკვლავ TRAPPIST-1-ის ახლომახლო მოძრაობს.

გარდა იმისა, რომ შვიდივე პლანეტა კლდოვანი იყო, სამი მათგანი TRAPPIST-1-ის სიცოცხლისთვის პოტენციურად ხელსაყრელ ზონაში მდებარეობს. იმ პერიოდიდან მეცნიერებმა არაერთი კვლევა ჩაატარეს იმის დასადგენად, არის თუ არა სიცოცხლე რომელიმე ამ პლანეტაზე.

კვლევები ორიენტირებული იყო იმაზე, აქვთ თუ არა ამ პლანეტებს ატმოსფერო, როგორია მათი შემადგენლობა და ინტერიერი.

ერთ-ერთი ბოლო კვლევა კოლუმბიის უნივერსიტეტის Cool Worlds Laboratory-ში ორმა მკვლევარმა ჩაატარა, რომლებმაც დაადგინეს, რომ TRAPPIST-1-ის ერთ-ერთ პლანეტას (TRAPPIST-1e) დიდი რკინის ბირთვი აქვს – ეს არის დასკვნა, რომელიც მეცნიერებს დაეხმარებათ იმის დადგენაში, არის თუ არა პლანეტაზე სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები.

კვლევა სახელწოდებით – „TRAPPIST-1e-ს დიდი რკინის ბირთვი აქვს“, გაბრიელ ენგლემენ-სუისამ და დევიდ კიპინგმა ჩაატარეს. მათ კვლევისთვის მანამდე ჩატარებული კვლევების მონაცემები გამოიყენეს. TRAPPIST-1-ის მასისა და რადიუსის პარამეტრების საშუალებით, თითოეული პლანეტის მაქსიმალური და მინიმალური ბირთვის რადიუსის ფრაქცია (CRF) განსაზღვრეს.

CRF-ის განსაზღვრის მეთოდს კიპინგი შემდეგნაირად აღწერს: ,,თუ თქვენ იცით მასა და რადიუსი ძალიან ზუსტად, ისევე როგორც TRAPPIST-1-ის სისტემის შემთხვევაში, შეგიძლიათ ის თეორიულად განსაზღვრულ ინტერიერის სტრუქტურის მოდელებს შეადაროთ.

პრობლემა ისაა, რომ ეს მოდელები, ზოგადად, მოიცავს ოთხ ფენას – რკინის ბირთვს, სილიკატურ მანტიას, წყლის ფენასა და მსუბუქ არამდგრად გარსს (დედამიწას აქვს მხოლოდ ორი მათგანი აქვს, მისი ატმოსფერო მასა და რადიუსზე უმნიშვნელოა).

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ TRAPPIST-1e-ის შემთხვევაში, მისი ბირთვი პლანეტის რადიუსის, სულ მცირე, 50 პროცენტი და მაქსიმუმ 78 პროცენტი უნდა ყოფილიყო. 

ეს მონაცემები რომ დედამიწისას შევადაროთ, სადაც შიდამყარი ბირთვი რკინისა და ნიკელისაა და გარეთხევადი კი – დამდნარი რკინა-ნიკელის, ის პლანეტის რადიუსის 55 პროცენტს შეადგენს.

TRAPPIST-1e-ის CRF-ის ზედა და ქვედა ზღვარის დადგენით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მას მასიური ბირთვი უნდა ჰქონდეს, რომელიც დედამიწის მსგავსია.

ეს დასკვნა იმაზე მეტყველებს, რომ TRAPPIST-1-ის ერთ-ერთი პლანეტა – e – დედამიწას ყველაზე მეტად ჰგავს და, სავარაუდოდ, მას დამცავი  მაგნიტოსფერო აქვს.

კიპინგის განმარტებით, ამ დასკვნას დიდი მნიშვნელობა აქვს საცხოვრებლად ხელსაყრელი ეგზოპლანეტების აღმოჩენის თვალსაზრისით და, ამ მხრივ, TRAPPIST-1e-ი სიის თავში უნდა მოვაქციოთ.

,,პლანეტა დედამიწაზე უფრო პატარაა. ის მდებარეობს საცხოვრებლად ხელსაყრელ ზონაში და ახლა ვიცით, რომ დედამიწის მსგავსად დიდი რკინის ბირთვი აქვს. ისევე, როგორც დედამიწას, პლანეტას არ აქვს არამდგრადი გარსი. უფრო მეტიც, TRAPPIST-1 Proxima-ზე უფრო მშვიდი ვარსკვლავი ჩანს და, ჩემი აზრით, სიცოცხლის არსებობის შანსი TRAPPIST-1e -ზე უფრო მეტადაა, ვიდრე Proxima b -ზე,” – განაცხადა კიპინგმა.

აღსანიშნავია, რომ კიპინგი და მისი გუნდი აპირებენ ჩაატარონ კვლევები Proxima b-ის შესახებ, რათა დაადგინონ, აქვს თუ არა მას ატმოსფერო და რა რა შეიძლება იყოს მისი CRF-ი.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომავალი კვლევების საშუალებით, რომლებსაც მომავალი თაობის ტელესკოპით ჩაატარებენ, კიდევ უფრო მეტს აღმოაჩენემ ამ სისტემის შესახებ და გაარკვევენ, არსებობს თუ არა ამ სისტემაში პოტენციურად დასახლებადი პლანეტა.

წყარო: http://sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid