close
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმედიცინამსოფლიო

მეცნიერებმა ტვინის სიმსივნით დაავადებულების სიცოცხლის გახანგრძლივება შეძლეს

მედიკოსებმა გენმოდიფიცირებული პოლიოვირუსის საშუალებით, ტვინის სიმსივნის განუკურნებელი ფორმით დაავადებული პაციენტების სიცოცხლის გახანგრძლივება შეძლეს.

როგორც მკვლევარებმა სამშაბათს განაცხადეს, კლინიკური ცდის პირველმა საფეხურმა აჩვენა, რომ პაციენტების 21 პროცენტი (ყველა მათგანს დაავადების რეციდივი აღენიშნებოდათ) ვირუსის მკურნალობის შედეგად 3 წლის შემდეგაც ცოცხალი იყო, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი ტრადიციული ქიმიოთერაპიის გამოყენებისას მხოლოდ 4 პროცენტია.

ცდაში, რომელიც Duke Cancer Institute-ში ჩატარდა, გლიობლასტომით დაავადებული პაციენტები მონაწილეობდნენ.

გლიობლასტომა ცენტრალური ნერვული სისტემის ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ვითარდება ნეიროგლიის უჯრედებისაგან. დაავადება იწვევს შეტევებს, თავის ტკივილს, მხედველობის დაბინდვას და გონების არევას. აქტიური მკურნალობის პირობებშიც კი, გლიობლასტომით დაავადებული ადამიანები 20 თვეზე ნაკლებს ცოცხლობენ, რეციდივის შემთხვევაში კი – პაციენტები ერთი წლის განმავლობაში იღუპებიან.

მეცნიერებმა მოდიფიცირებული ვირუსის მკურნალობის უსაფრთხოებისა და სწორი დოზის დასადგენად ,,ფაზა 1 ცდა” 2012 წელს დაიწყეს.

პაციენტებს ტვინში კათეტერი ჩადგეს და გენეტიკურად მოდიფიცირებული პოლიოვირუსის ინფუზია უშუალოდ სიმსივნეში განახორციელეს. ვირუსი განკუთვნილია იმისათვის, რომ სიმსივნის უჯრედებზე იმოქმედოს და იმუნური სისტემის რეაგირება გამოიწვიოს.  

პოლიომკურნალობა ერთ-ერთი „ონკოლიტური ვირუსია“, რომელიც განიხილება, როგორც ანტისიმსივნური აგენტი. ,,ფაზა 1 ცდის” შედეგი შემდეგია: 61 პაციენტში გადარჩენის საშუალო მაჩვენებელი – 12.5 თვე, ხოლო „ისტორიულად კონტროლირებადი ჯგუფის“ (შედარებისთვის გამოყენებული პაციენტები, რომლებსაც მანამდე სტანდარტული ქიმიოთერაპიით მკურნალობდნენ და პოლიო ვირუსის ცდის კრიტერიუმები დააკმაყოფილეს), შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 11,3 თვეა.  

მეცნიერებმა ,,Duke-სა” და სამ სხვა სამედიცინო ცენტრში ,,ფაზა 2 ცდა” დაიწყეს, რათა  მოეხდინათ შედარება პოლიოვირუსით მკურნალობა + ქიმიოთერაპიული მედიკამენტი vs. მხოლოდ ვირუსი. აღსანიშნავია, რომ მედიკოსები ცდების ჩატარებას მკერდის კიბოსა და მელანომაზეც აპირებენ.

ის მეცნიერებიც კი, რომლებიც პოლიოვირუსით მკურნალობის მეთოდს ეჭვის თვალით უყურებდნენ და აცხადებდნენ, რომ უსაფრთხოების დასადგენად ჩატარებული ცდებისა და მასში მონაწილე პაციენტების რაოდენობა საკმარისი არ იყო, სამშაბათს გამოქვეყნებულ შედეგებს მიესალმნენ და განაცხადეს, რომ „შედეგები ძალიან საინტერესოა და საკმარის საფუძველს იძლევა კვლევის გასაგრძელებლად”.

წყარო: https://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid