close
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

ხელსაწყო, რომელიც მეწყრის პროგნოზირებას შეძლებს, სენაკელმა ახალგაზრდებმა გამოიგონეს

27 თებერვალს გამოვლინდა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის (Millennium Innovations Award – MIA) გამარჯვებული გუნდი – ,,Smart Kids-ი”, რომლის წევრები არიან: ალექსი ტყებუჩავა, ნათია შამათავა, დეა ჩიტაია, ლიკა კოკაია და გვანცა ჩიქოვანი. ახალგაზრდები წმ. ალექსი შუშანიას სახელობის სენაკის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები არიან. კონკურსის მიზანია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალგაზრდების წახალისება, რაც, უპირველეს ყოვლისა, ხელს შეუწყობს აღნიშნული სფეროების განვითარებას ქვეყანაში. გუნდი აპრილში აშშ-ის ნასას კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრება. პროექტს ახორციელებს ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო”, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აშშ-ის საელჩოსა და კომპანია ,,ჯეოსელის” მხარდაჭერით. ,,დოქტრინა” გაესაუბრა ჯგუფის წევრებსა და მათს მენტორ უტა კილასონიას. მათ დეტალურად ისაუბრეს გამოგონებაზე, რომელიც გააკონტროლებს მეწყერსაშიშ ზონებს, რათა თავიდან ავირიდოთ ადამიანთა მსხვერპლი და მინიმუმამდე დავიყვანოთ მოსალოდნელი ეკონომიკური ზარალი.

,,ჩვენი პროექტის, ,,გეოლოგიური საფრთხეების”, მიზანია, წინასწარ განვსაზღვროთ მეწყერის მოახლოების საშიშროება. ეს ხელსაწყო არის შეტყობინების სისტემა. გამოყენებული გვაქვს ჰოლის სენსორი, რომელიც გვიჩვენებს მაგნიტური ველის ინტენსივობის ცვლილებას. ჩვენს პროექტს ბევრი უპირატესობა აქვს: იაფია, ერგება ყველანაირ რელიეფს, გამოირჩევა სიზუსტით, საიმედოობით, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მისი დამზადება, წარმოება და დანერგვა შესაძლებელია საქართველოში. გრუნტის ზედაპირზე, მცირე ზომის თხრილში, თავსდება მაგნიტები, მათ ზემოთ რამდენიმე მილიმეტრის დაშორებით – ჰოლის სენსორები, რომელიც დაკავშირებულია მიკრო პროცესორთან და GSMსისტემის საშუალებით ინფორმაციას გადასცემს ცენტრალურ სერვერს. პლანშეტებში ჩატვირთულია აპლიკაცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავარეგულიროთ ზღვარი. როდესაც მიწაში რხევები გადააჭარბებს ჩვენს დაყენებულ ზღვარს, ხელსაწყო ავტომატურად აგზავნის შეტყობინებებს დარეგისტრირებულ მოსახლეობასთან მობილურ ტელეფონებზე. აღსანიშნავია, რომ სენსორულ აპარატს ანალოგი არ აქვს მსოფლიოს მასშტაბით. ეს იდეა გაგვიჩნდა 2016 წლის ფაქტიდან გამომდინარე, აგვისტოში მოვარდნილმა წყალდიდობამ და ღვარცოფმა დიდი ზარალი მიაყენა სენაკს, კერძოდ, ჩაინგრა ჩვენი სკოლა-გიმნაზიის მისასვლელი საავტომობილო გზა და ხიდი,” – აღნიშნეს ახალგაზრდებმა.

,,შევისწავლეთ დღეს არსებული ხელსაწყოები, რომელთათვისაც მილიონობით ლარია საჭირო. ჩვენი მოწყობილობა, ვფიქრობთ, ხარჯეფექტიანია სახელმწიფოსთვის, ჯდება დაახლოებით 10 000 ლარი, თანაც არის უფრო ზუსტი, ვიდრე არსებული. ჩვენი იდეების გაანალიზებაში, მოდელირებასა და კონსტრუირებაში დაგვეხმარა დავით სონღულაშვილის ვირტუალური ლაბორატორია და საგანმანათლებლო სისტემაზე დაფუძნებული STEM (Science, Technology, Engineering, Mathematics) კურსები, რომელიც ერთი წლის წინ გავიარეთ,” – აღნიშნა გუნდის მენტორმა, უტა კილასონიამ.

იგეგმება მოწყობილობის დამონტაჟება ნოქალაქევის არექეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე.

აღსანიშნავია, რომ სენაკელი ახალგაზრდების შექმნილ სენსორულ მოწყობილობას  უკვე დიდი გამოხმაურება და დადებითი შეფასებები მოჰყვა მეცნიერთა საზოგადოებისგან. წინ კი ჰიუსტონია, NASA, სადაც მოსწავლეები კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამას გაივლიან.

 

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid