close
ანალიტიკამსოფლიოპოლიტიკასამართალი

მონებით ვაჭრობა ლიბიაში: თანამედროვე „საკონცენტრაციო ბანაკი“

გასულ კვირას ასობით ადამიანი შეიკრიბა პარიზში, ლიბიის საელჩოს წინ, გზავნილით: „დაგვეხმარეთ, შევაჩეროთ მონობა და საკონცენტრაციო ბანაკები ლიბიაში“. აქციის ერთ-ერთი მონაწილე აღნიშნავს: „საჭიროა მობილიზება, რადგან 21-ე საუკუნეში შეუძლებელია მონებით ვაჭრობდნენ“.

ლიბიაში დასავლეთ აფრიკიდან წამოსული მიგრანტებს ყიდულობენ და შემდეგ ყიდიან, როგორც მონებს. აფრიკულ ქვეყანაში ტრეფიკინგის, ექსპლუატაციისა და მონური შრომის შესახებ წინა წლებშიც მიმართეს დაზარალებულებმა გაეროს, თუმცა, როგორც მიგრანტების საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, ადამიანებით ღიად ვაჭრობა დღეს უკვე ნორმალური ფაქტია, რაც რეაგირებას მოითხოვს.

დასავლეთ აფრიკელი მიგრანტები, რომლებიც ევროპაში მიგრაციას გეგმავენ და უწევთ ლიბიის გავლა, რათა ზღვის საშუალებით ევროპის კონტინენტზე მოხვდნენ, ხშირად ხდებიან ტრეფიკინგის მსხვერპლნი, რადგან მათ უმეტესობას არ აქვს საკმარისი თანხა და ოფიციალური დოკუმენტაცია. მსხვერლებს ათავსებენ ციხისმაგვარ დაწესებულებაში ლიბიაში და აიძულებენ იმუშაონ ანაზღაურების გარეშე. ხშირია შემთხვევა, როდესაც უკავშირდებიან მსხვერპლის ოჯახის წევრებს და ითხოვენ ფულად ანაზღაურებას ადამიანის თავისუფლების სანაცვლოდ. სანიტარული ნორმების დარღვევის, მძიმე შრომისა და შიმშილის გამო, ბევრი მიგრანტი იღუპება. იმ შემთხვევაში, თუკი მათი რაოდენობა ციხეში არასაკმარისი იქნება სამუშაოს შესასრულებლად, ეჭვმიტანილები დამატებით ყიდულობენ „მონების ბაზარზე“ ახალ მსხვერპლს.

მიგრანტების საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებით, 2017 წლის პირველ ნახევარში, მსგავსი 1500 შემთხვევა გამოვლინდა. თითქმის იგივე მაჩვენებელი იყო 2015 წელსაც. თუმცა, იმის გამო, რომ ბევრი მიგრანტი ვერ ახერხებს თავის დაღწევას და შესაბამისი ორგანოებისთვის მიმართვას, სტატისტიკა ვალიდური არ არის და მაჩვენებელი შესაძლოა ბევრად დიდია.

ამ შემთხვევის შემდეგ, დაიწყო ოფიციალური გამოძიებაც გაეროსა და ადამიანების უფლებების აფრიკული კომისიის ინიციატივით. მიგრანტების საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, დღეს ლიბიაში 700 000-დან 1 000 000-მდე მიგრანტია და მათგან 2000 დაიღუპა მაშინ, როცა ევროპის კონტინენტამდე მისვლას ცდილობდნენ ზღვის გავლით. 20 000-მდე ადამიანი კი ზემოთ აღნიშნულ დაწესებულებაში ხვდება.

2011 წელს არაბული გაზაფხულისა და მუჰამედ კადაფის დიქტატორული რეჟიმის შემდეგ, ლიბია მოქმედების ერთ-ერთი მთავარი არეალი გახდა ტრეფიკინგისა და კონტრაბანდისტებისთვის, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ევროპაში მიგრაცია.

შემთხვევას საპასუხო რეაქცია მოჰყვა იტალიის სახელმწიფოსგანაც. თუმცა, ხელისუფლება კონცენტრირდა მიგრანტების შემოსვლის შემცირებაზე, ლიბიის სანაპირო ზოლის კონტროლირებით. მხოლოდ აგვისტოში, იტალიაში მიგრანტების შესვლის მაჩვენებელი 85 %-ით დაეცა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ლიბიის კონტრაბანდისტებს. CNN-ის მონაცემებით, მონობით ვაჭრობის აუქციონზე, მიგრანტები საშუალოდ 400 აშშ $-ად იყიდებოდნენ.

საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის, გაერო და აფრიკული გაერთიანების ასოციაცია აცხადებს, რომ დაიწყება ოფიციალური მოლაპარაკებები ლიბიის ხელისულებასთან, რათა გადაიდგას ის „პრაქტიკული ნაბიჯები“, რომელიც „შეეხება ლიბიაში მიგრანტების შედინებას.“

ლიბიის ხელისუფლების განცხადებით, ისინი გამოიძიებენ აფროამერიკელი მიგრანტების საჩივრებს მონობით ვაჭრობასთან დაკავშირებით და შეეცდებიან სამართლიანობის აღდგენას. უშუალოდ ლიბიის მოსახლეობის რეაქცია აღნიშნულ ფაქტზე კი -განსხვავებულია. მათი დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ ევროპული სახელმწიფოების მცდელობა, შეაჩერონ ან შეამცირონ მიგრანტების შედინება (მოიაზრება, უპირველესად ი,ტალია), სიტუაციას მხოლოდ აუარესებს.

წყარო: CNN, Reuters, nytimes

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid