ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მოქვის სახარება XIII-XIV საუკუნეების ქართული კალიგრაფიული ხელოვნებისა და მინიატურული მხატვრობის გამორჩიული ნიმუშია.
ხელნაწერში 329 ფურცელი, 155 სიუჟეტური მინიატიურა, 10 კამარა, 4 თავსამკაული და 530-ზე მეტი მოხატული საზედაო ასოა. თავების დასაწყისში მდიდრულად შემკული თავსართებია. თვით ტექსტში კიდიდი ზომის მრავალი, 500-ზე მეტი ფიგურული ინიციალია, რომლებიც ფრინველთა და ცხოველთა გამოსახულებებისაგან შედგება.
ტექსტი შესრულებულია ნუსხურით. ყავისფერი მელნის სხვადასხვა ტონალობაში ჩართული სინგურის აქცენტები ტექსტის მნიშვნელოვან პასაჟებს გამოყოფენ. სახარება გადაწერილია ორ სვეტად ეფრემის მიერ და მთელ ტექსტში მკაცრადაა დაცული სვეტის 22-სტრიქონიანი სისტემა.
მოქვის ოთხთავის მოხატულობა უშუალოდ ოქროზეა შესრულებული. ძველი ქართველი ოსტატები ორი სახის ოქროს იყენებენ ხელნაწერის მოხატულობის დროს: ფურცლოვანსა და ფხვიერი ოქროსაგან სპეციალურად დამზადებულ ოქრომელანს.
მოქვის ოთხთავი ქართულ ტრადიციაში დაცული ის იშვიათი გამონაკლისია, რომლებშიც მახარებლებს მათი შთამაგონებელი ფიგურები ახლავს. წმ. მარკოზს-წმ. პეტრე; წმ. ლუკას- ღვთისმშობელი; წმ.იოანეს- ღვთაებრივი სხივი; წმ. მათეს შთამაგობელი ფიგურა ხელნაწერის დაზიანების გამო უცნობია.
მოქვის სახარების მხატვრულ გაფორმებას ტექსტში ჩართული მრავალრიცხოვანი მინიატურები ქმნიან, მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით 160. მათგან გამორჩეულია „ქრისტეს გენეალოგია“- მაცხოვრის წინაპართა სახეებში გამჟღავნებულია ახალი აღთქმის კავშირი ძველთან. მინიატიურაში 42 მამამთავარს შორის ერთადერთი ქალის გამოსახულებაა და ეს არის ღვთისმშობელი. ზოგადად, ხელნაწერი გამორჩეულია ღვთისმშობლის გამოსახულებათა სიმრავლითაც.
ძირითადად დასურათებულია მათეს სახარება – სულ 97 მინიატიურა, ხოლო დანარჩენ თავებში ივსება საილუსტრაციო ციკლის შემადგენლობა. იშვიათია ერთი და იმავე სიუჟეტის მინიატიურის განმეორება.
ხელნაწერი საკმაოდ დაზიანებული სახითაა ჩვენამდე მოღწეული, რაც მისი თავდაპირველი შენახვის არასათანადო პირობებით იყო გამოწვეული. ასევე, არც თავად ოთხთავის საშემსრულებლო ტექნიკა – ოქროზე საღებავების დადება არ აღმოჩნდა მყარი. საღებავმა როგორც ჩანს, შეიწოვა ოქრო და გამოაშრო. საღებავი ოქროსთან ერთად თანდათანობით სცილდება ეტრატს და მინიატურულ მხატვრობას აზიანებს.
დღემდე მოქვის სახარებამ რთული გზა განვლო. გადაწერილია 1300 წელს, აფხაზეთში, ღვთისმშობლის სახელობის მოქვის ეკლესიაში დანიელ მოქველი ეპისკოპოსის დაკვეთით, რომლის მინიატურაც გამოსახულია ოთხთავში. ხელნაწერის დამკვეთის მინიატიურა არც ერთ სხვა ძველ ხელნაწერში არ გვხვდება.
უცნობია რა ვითარებაში მოხვდა ხელნაწერი მოქვიდან მარტვილის ეკლესიაში. სწორედ იქ მიაკვლიეს მას ნიკოდიმ კონდაკოვმა და დიმიტრი ბაქრაძემ XIX საუკუნის II ნახევარში.
1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის დროს ემიგრაციაში წასულმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ მოქვის სახარება, სხვა ქართულ ხელნაწერებთან ერთად, საფრანგეთში გაიტანა. საქართველოში კი, ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით, 1945 წელს დაბრუნდა.
საფრანგეთიდან დაბრუნებისას ხელნაწერს მხოლოდ გვიანი ხანის მოოქრული ვერცხლის ყდის ფრაგმენტი ჩამოჰყვა.
სპეციალისტების შეფასებით, მოქვის სახარება წარმოადგენს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან სულიერ და მატერიალურ ძეგლს, რომლის ანალოგი მსოფლიოში თითქმის არ არის.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საქართველოს როგორც საერო, ასევე სასულიერო წრეების წარმომადგენლების ძალისხმევით, მოქვის ოთხთავი განადგურებას გადაურჩა. მნიშვნელოვანი იყო იუნესკოს გადაწყვეტილება 24 ათასი ამერიკული დოლარით დაეფინანსებინა მოქვის ოთხთავის დიაგნოსტიკის პროექტი, რომელმაც თვალსაჩინო გახადა ხელნაწერის მძიმე მდგომარეობა.
რესტავრირებული სახარება რამდენჯერმე გამოიფინა კიდეც. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია მოქვის სახარების ახალი, სამენოვანი, ალბომის გამოცემა, რომელიც მაღალ პოლიგრაფიულ დონეზეა შესრულებული და ინარჩუნებს ხელნაწერის ავთენტიკურ ფორმატს და შეიცავს 155 უნიკალური მინიატიურის რეპროდუქციას.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”