close
განათლებასამართალისაქართველო

მსჯავრდებულების გარკვეულ ნაწილს უმაღლესი განათლების მიღების უფლება ექნება

დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის ან გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლება ექნებათ.

ამას ,,პატიმრობის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს განსახილველად მთავრობამ წარუდგინა. პროექტის ავტორი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროა.

,,პატიმრობის კოდექსის” არსებული რედაქციით, ბრალდებულს, მსჯავრდებულს უფლება აქვს მხოლოდ ზოგადი და პროფესიული განათლება მიიღოს.

როგორც სამინისტროს განმარტავს, არსებული პრაქტიკის ანალიზმა და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების საჭიროებების კვლევამ აჩვენა, რომ აუცილებელია პირველ ეტაპზე დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებულებს ჰქონდეთ საშუალება, პენიტენციური დაწესებულების პირობებში უმაღლესი განათლება მიიღონ.

„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, პენიტენციურ სისტემაში იქმნება ახალი – გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, რომელიც გათავისუფლებისთვის მოამზადებს დაბალი ან საშუალო რისკის იმ მსჯავრდებულებს, რომელთა მოსახდელი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ აღემატება 6 თვეს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის, ზვიად მიხანაშვილის, განმარტებით, გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით, შეეძლება დროებით დატოვოს პენიტენციალური დაწესებულება, თუკი იგი მუშაობს, სწავლობს ან სურს არასამუშაო დღეების დაწესებულების გარეთ გატარება.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, არსებული პრაქტიკის ანალიზმა და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების საჭიროებების კვლევამ აჩვენა, რომ აუცილებელია პირველ ეტაპზე დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებულებს ჰქონდეთ საშუალება პენიტენციური დაწესებულების პირობებში მიიღონ უმაღლესი განათლება.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად, პენიტენციურ დაწესებულებებში ათამდე მსჯავრდებული იხდის სასჯელს, რომელსაც ჩაბარებული აქვს ერთიანი ეროვნული გამოცდები, ჩარიცხულნი არიან შესაბამის უმაღლეს სასწავლებელში, თუმცა არსებული აკრძალვის გათვალისწინებით, ეს მსჯავრდებულები ვერ ახერხებენ სწავლის გაგრძელებას.

შესაბამისი ცვლილებები შედის „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონპროექტში. კერძოდ, მსჯავრდებულებმა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება დაძლიონ ელექტრონული ან ნაწილობრივ ელექტრონული სწავლების ფორმით.

 

წყარო: http://parliament.ge

მასალა  მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid