პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო ფორუმის (WSIS) საპრიზო კონკურსში გამარჯვებულ ქართველ მეცნიერს ნინო დემეტრაშვილს შეხვდა და მას სათანადო პრიზი გადასცა.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი ჯაიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგამბულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე ყუბუსიძე.
ნინო დემეტრაშვილის პროექტმა საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო ფორუმის – (WSIS) საპრიზო კონკურსის ერთ-ერთ კატეგორიაში გაიმარჯვა. კერძოდ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილია ვეკუას სახელობის მათემატიკური ინსტიტუტის მიერ წარდგენილმა პროექტმა – „საიმედოობისთვის, სხვადასხვაგვარობისა და მემკვიდრეობითობისთვის ნდობის ინტერვალის გამოსათვლელი R-პროგრამული უზრუნველყოფა” (R-package to compute confidence intervals for heritability, reliability and heterogeneity) გაიმარჯვა კატეგორიაში: ელექტრონული მეცნიერება. პროექტის თანაავტორია პროფესორი ედვინ ვან დენ ჰუველი. გამარჯვებული პროექტი მოიცავს მათემატიკური სტატისტიკის თეორიულ და გამოყენებით ნაწილებს, რომლებიც გამოიყენება ბიოსამედიცინო და საინჟინრო სფეროებში, უფასოდ ხელმისაწვდომი პროგრამული უზრუნველყოფის სახით.
წელს კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის (ITU-ს 193 წევრიქვეყანა) მთავრობებმა, კერძო სექტორმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, უნივერსიტეტებმა და სხვა.
2016 წლის WSIS-ის საპრიზო კონკურსი 5 ეტაპად ჩატარდა. თავდაპირველად მოხდა პროექტების წარდგენა ონლაინ ვებგვერდის საშუალებით. მომდევნო ეტაპზე ექსპერტთა ჯგუფმა ნომინანტი პროექტებიდან საუკეთესო 309 პროექტი შეარჩია. ონლაინ ხმის მიცემისა და გამარჯვებული პროექტების შერჩევის შემდეგ, ფორუმის ფარგლებში გამარჯვებული პროექტების დაჯილდოება გაიმართა.
კონკურსის სხვადასხვა კატეგორიაში სულ 18 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა, მათ შორისაა საქართველოდან წარდგენილი პროექტიც. პრიზების გადაცემის ცერემონიალიWSIS-ის ფორუმის ფარგლებში ჟენევაში 2-6 მაისს ჩატარდა.
საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო ფორუმის – WSIS საპრიზო კონკურსი წარმოადგენს პლატფორმას, ის ავლენს წარმატებულ პროექტებს, რომლებიც მომავალში საინფორმაციო საზოგადოებას WSIS დასახული მიზნების მიღწევაში დაეხმარება და რომლებიც გაეროს 17 ძირითადი ამოცანის მიღწევას ითვალისწინებს. ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და მისი მასპინძელი და ორგანიზატორია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირი -ITU, თანაორგანიზატორები – UNESCO (United Nations Educational, Scientific and Cultural Organization), UNCTAD (United Nations Conference on Trade and Development), UNDP (United Nations Development Programme) და გაეროს სხვა ორგანიზაციები.
წყარო: www.economy
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”