თბილისში, მდინარე მტკვრისა და მისი შენაკადების გასწვრივ, უწყვეტი, გამწვანებული საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკების ქსელი უნდა მოეწყოს. ამის შესახებ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში წერია.
მტკვრისა და მისი შენაკადების გასწვრივ ბილიკების ქსელის მოწყობა „მწვანე ქალაქის“ კონცეფციით განსაზღვრული ერთ-ერთი ამოცანაა.
მტკვრისპირა სარეკრეაციო სისტემამ უნდა დაიცვას მდინარის ჩრდილო-დასავლეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით არსებული ბუნებრივი ლანდშაფტები, ასევე, უზრუნველყოს ქალაქის ცენტრალური ნაწილი მდინარისპირა ურბანული სარეკრეაციო სივრცეებით, რომლებიც ქალაქის განიავებისა და გაგრილების დერეფნების ფუნქციასაც შეასრულებს. გამწვანებული საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკების ქსელი კი, ურბანული ხაზოვანი გამწვანების დერეფნებთან ერთად, ველომოყვარულთათვის და ფეხით მოსიარულეთათვის კომფორტულს გახდის ქალაქში გადაადგილებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
თბილისის გამწვანებული რეკრეაციული სივრცეები უნდა ჩამოყალიბდეს ერთიან, შეკავშირებულ სისტემად, რაც, ერთი მხრივ, გაზრდის მათ ეფექტიანობას დამსვენებელთათვის ფართო, ერთმანეთთან დაკავშირებული სასეირნო თუ სავარჯიშო ქსელის შეთავაზებით და მეორე მხრივ, კომფორტული, ეფექტიანი გადაადგილების საშუალება იქნება ფეხით მოსიარულეთა და ველომოყვარულთათვის.
განსაზღვრულია ადგილები, სადაც მშენებლობები უნდა შეიღუდოს. გარდა ამისა, გათვალისწინებულია 4 ახალი საქალაქო პარკის პროექტირება-მოწყობა და 11 განაშენიანების ჩარჩო გეგმა (მაგალითად: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია, დიღომი, თბილისის ზღვა და ა.შ.).
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ძალაში 2019 წლის პირველი იანვრიდან შევა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”