close

NASA-ს ინფორმაციით, გასული წლის ნოემბრიდან პირველად, „ვოიაჯერ 1“-მა დედამიწაზე წაკითხვადი ინფორმაცია გამოაგზავნა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კოსმოსური აპარატი პლანეტაზე მხოლოდ ნულებისა და ერთიანების უაზრო კომბინაციებს აგზავნიდა. სპეციალისტების თქმით, ამის მიზეზი კომპიუტერული წუნი იყო, თუმცა ინჟინრებმა პრობლემის მოგვარება შეძლეს.

ამ ეტაპზე აპარატი დედამიწაზე მხოლოდ თავისი ბორტული სისტემების შესახებ აგზავნის ინფორმაციას, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მალე კვლავ მიიღებენ მეცნიერებისთვის საჭირო მონაცემებს.

„ვოიაჯერი 1“ ერთ-ერთია იმ ორი იდენტური ხომალდიდან, რომლებიც NASA-მ 46 წლის წინ გაუშვა. ეს, ადამიანის მიერ შექმნილი, დედამიწისგან ყველაზე შორს მდებარე ობიექტია. 2012 წლის აგვისტოს მან ჰელიოპაუზა (მზის სისტემის გარე საზღვარი) გადაკვეთა და ახლა ვარსკვლავთაშორის სივრცეს იკვლევს. ის საათში 61 200 კილომეტრის სიჩქარით გადაადგილდება. „ვოიაჯერ 1“-დან გადმოცემული სიგნალი დედამიწამდე 22,5 საათში მოდის.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0