1936 წელს ალბერტ აინშტაინმა გამოაქვეყნა ის, რაც მან აღწერა, როგორც “მცირე კალკულაცია”. აინშტაინმა აჩვენა, თუ როგორ შეიძლება მზე ერთ დღეს გიგანტურ ტელესკოპად გამოიყენონ. შეიძლება წარმოუდგენლად ჟღერდეს, მაგრამ ეს კონცეფცია საკმაოდ რეალურია. და, აი, ახლა NASA ამ ყველაფერზე სერიოზულად ფიქრობს.
“ცოტა ხნის წინ რ.ვ. მანდლი მესტუმრა და მთხოვა გამომექვეყნებინა მცირე გაანგარიშების შედეგები, რომელიც მისი თხოვნით გავაკეთე. ეს მის სურვილს შეესაბამება”, — წერდა აინშტაინი ჟურნალ Science-ში.
როგორც აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორია გვეუბნება, გიგანტური ობიექტები სივრცე-დროს ამრუდებენ. ეს სინათლეზეც მოქმედებს. ამ შესაძლებლობის გამოყენებით უკვე არსებული ტელესკოპების დაკვირვების დიაპაზონის მნიშვნელოვნად გაფართოება შეგვიძლია.
აინშტაინმა გააცნობიერა, რომ ჩვენს მზის სისტემაშიც არის რეგიონი, სადაც მზის უკნიდან, კონკრეტული ობიექტებიდან მომავალი სინათლე მრუდდება ვარსკვლავის გრავიტაციით.
რეგიონი, სადაც ეს ეფექტი ხდება, მზისგან დაახლოებით 550 ასტრონომიული ერთეულითაა (AU) დაშორებული. განათავსეთ ტელესკოპი ამ რეგიონში და ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ იგი ეგზოპლანეტების ზედაპირების შესასწავლადაც.
“ასეთ დროს მზის გრავიტაციული ველი მოქმედებს როგორც სფერული ლინზა, რათა გაადიდოს რადიაციის ინტენსივობა”, — თქვა იდეის ერთ-ერთმა თანაავტორმა, ფონ რასელ ეშლემანმა.
ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ გრავიტაციული ლინზირება წარმოუდგენლად შორეული ობიექტების დასანახად, მაგრამ ასეთ დროს შეზღუდული ვართ ამ ობიექტების მდებარეობითა და მათ უკან მყოფი ობიექტების არსებობით. კოსმოსური ხომალდის გამოყენებით შეგვიძლია ტელესკოპი მზის მოპირდაპირე მხარეს განვათავსოთ. ეს ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ობიექტსა და ტელესკოპს შორის შუაში მზეს მოვაქცევთ.
NASA-ს მეცნიერების თქმით, ეს ჩვენს შესაძლებლობებს საოცრად გაზრდის. მაგალითად, 6 თვის პერიოდში ეგზოპლანეტის სურათის ისეთი გარჩევადობით გენერირება შეგვეძლება, რომ მისი ზედაპირის პირდაპირი შესწავლა მოხდება. ამის გაკეთება მარტივი არ იქნება, მაგრამ როგორც ჩანს NASA ამაზე უკვე სერიოზულად ფიქრობს.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”