„ნასა“ აცხადებს, რომ აღმოსავლეთ ანტარქტიდაზე მდებარე აქამდე უძრავმა მყინვარებმა „გაიღვიძა“ და ლღობა დაიწყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზღვების დონეებმა შესაძლოა კატასტროფულად მოიმატოს. აღსანიშნავია, რომ კონტინენტის ამ ნაწილს აქამდე ბევრად უფრო სტაბილურად მიიჩნევდნენ, ვიდრე დასავლეთს.
ამერიკის კოსმოსური სააგენტო ირწმუნება, რომ აღმოსავლეთ ანტარქტიდის მყინვარები, მათ შორის Totten Glacier-ი, რომელიც 2,400 კვადრატულ მილს ფარავს, მნიშვნელოვანი რაოდენობის ყინულს კარგავს.
„ნასა“ ამ კონკრეტული მყინვარის ლღობას აღწერს, როგორც „ბეჰემოთს, რომელიც ისეთი რაოდენობის ყინულს შეიცავს, რომელიც საკმარისია იმისთვის, რომ ზღვის დონე სულ ცოტა 3,3 მეტრით გაზარდოს.“ Totten-ი ერთ-ერთია იმ მყინვარებს შორის, რომლებმაც ბოლო პერიოდში დნობა დაიწყო, თუმცა ის მეცნიერების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა, ვინაიდან აღმოსავლეთ ანტარქტიდის უდიდესი მყინვარია.
„ნასას“ კვლევის თანახმად, Vincennes Bay-ში მდებარე მყინვარების დონემ 2008 წლიდან დღემდე 2, 7 მეტრით დაიწია. გაცილებით მძიმე სიტუაციაა კონტინენტის დასავლეთ ნაწილში, სადაც მყინვარები გაცილებით სწრაფად დნებიან.
ამერიკის კოსმოსური სააგენტო 2019 წლის დასაწყისიდან ახალ პროექტს – Inter-mission Times Series of Land Ice Velocity and Elevation-ს იწყებს, რომლის მიზანი მსოფლიოს ყინულის საფარის კონტროლია.
პროექტი გულისხმობს 30-წლიანი სატელიტურ ჩანაწერებზე დაყრდნობით მყინვარების, ყინულის ზედაპირისა და ყინულის შელფების ცვლილებების შესწავლას.
წყარო : independent.co.uk