ნასას მარს როვერმა – Curiosity, წითელ პლანეტაზე უძველესი ტბებისა და ნოტიო მიწისქვეშა გარემოს მტკიცებულება აღმოაჩინა, რაც მილიარდობით წლის წინ შეიცვალა. ეს კი, მეცნიერების განცხადებით, იმაზე მიანიშნებს, რომ პლანეტაზე მილიონობით წლის განმავლობაში სიცოცხლე არსებობდა.
,,Gale Crater ის ადგილია, სადაც Curiosity-მა დაჯდომა განახორციელა და სადაც შესაძლოა ათეულობით და ასეულობით მილიონი წლის განმავლობაში საცხოვრებლად შესაბამისი გარემო ყოფილიყო. იქ წარმოდგენილი იყო არა მხოლოდ ტბები, არამედ მიწისქვეშა წყლის სისტემები, სადაც სითხის ცირკულაცია ხდებოდა. ამ სითხეების ქიმიური შემადგენლობის შედეგად ისეთი მინერალები წარმოიქმნებოდა, რომელიც მიკროორგანიზმების სიცოცხლისთვის საჭირო მასალა იყო,“ – აცხადებს მეცნიერი ჯონ გროტინგერი.
მარს როვერი წითელ პლანეტაზე ოთხი წლის წინ გაემგზავრა იმის გასარკვევად, იყო თუ არა პლანეტაზე ოდესმე სიცოცხლისთვის საჭირო პირობები. მარსის ქანების გამოკვლევისას ახლახანს ბორის ელემენტი აღმოაჩინეს, თუმცა ერთ-ერთ მთავარ საბურღ აპარატზე შექმნილი პრობლემის გამო Curiosity იძულებული გახდა კვლევა შეეწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ აშშ ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირობა დადო, რომ 2030 წლისთვის წითელ პლანეტაზე ადამიანებს გააგზავნიან.
წყარო: Dailymail
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”