close
ბიზნესი

Nestle-ს დაარსებისა და განვითარების შთამბეჭდავი ისტორია

 კომპანია „ნესტლე“, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ბრენდი, 150 წლის გახდა. მის საუკუნენახევრიანი ისტორია, შვეიცარიის ერთ პატარა ფრანგულენოვან დასახლებაში, ბავშვთა კვების პროდუქციით დაიწყო, დღეს კი „ნესტლეს“ 2000-ზე მეტი სხვადასხვა პროდუქციის ბრენდი მთელს მსოფლიოში ვრცელდება.

2016 წლის ივნისში 150 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ,,ნესტლემ” ვევეიში გახსნა მუზეუმი, სახელად Nest (ბუდე). მუზეუმი აღმოჩენების ცენტრს წარმოადგენს ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის, აქ ვიზიტორებს შეუძლიათ: გაეცნონ კომპანიის ისტორიას; დაათვალიერონ „ნესტლეს“ სხვადასხვა ბრენდის პირველი პროდუქტ-ექსპონატები; შეიტყონ მეტი ორგანიზმის, მისი ფუნქციონირებისა და მასზე საკვების ზემოქმედების შესახებ კრეატიული ატრაქციონების და სახალისო აქტივობების მეშვეობით. შენობა 3000 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზეა განთავსებული, ზუსტად იმ ადგილას, სადაც ჰენრი ნესტლემ 1866 წელს პირველად შეიმუშავა ჩვილ ბავშვთა კვების რეცეპტი. მუზეუმი ინახავს ბრენდის 150-წლიან ისტორიას და აგრძელებს მის საუკუნოვან მისიას – ერთმანეთთან აკავშირებს ბავშვებსა და უფროსებს.

ბრენდის ისტორია მდიდარია საინტერესო ფაქტებითა და შემთხვევებით. იცით თუ არა, რომ:

„ნესტლე“ 1866 წელს იღებს დასაბამს, როგორც ინგლისურ-შვეიცარული შედედებული რძის წარმოება. წარმატებულმა მეწარმე ჰენრი ნესტლემ ყველაფერი მომავალზე ზრუნვით დაიწყო – ბავშვთა კვების წარმოებით.

ამ დროს, ევროპაში ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია. ბავშვებს, რომლებიც დედის რძით არ იკვებებიან, სიცოცხლის გაგრძელების უმცირესი შანსი აქვთ. 1867 წელს შვეიცარიის ქალაქ ვევეიში მცხოვრები ჰენრი ნესტლე ბავშვთა კვების ახალ ფორმულას შეიმუშავებს – ‘farine lactée’ (რძის ფხვნილი). ჩვილ ბავშვთათვის განკუთვნილი ფაფა ძროხის რძის, ხორბლის ფქვილისა და შაქრის შემადგენლობით მზადდებოდა და ბავშვებს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საკვები ღირებულებებით ამარაგებდა. ამ წარმოებით დაიწყო „ნესტლეს“ ბრენდად ჩამოყალიბება. გამოიკვეთა მისი მისია – ზრუნვა ოჯახსა და მომავალზე.

მეწარმის გვარი Nestlé ერთ-ერთ გერმანულ დიალექტზე ბუდეს ნიშნავს. მის საოჯახო გერბზეც ეს სიმბოლო იყო გამოსახული – ბუდეზე მჯდომარე ჩიტი. ჰენრი ნესტლემ ლოგოტიპისთვის გამოსახულების ადაპტაცია მოახდინა და მისგან ოჯახი შექმნა – სამი ბარტყი, რომლებსაც დედა საჭმელს აწვდის. გერბის ამგვარმა გარდაქმნამ ერთმანეთს დააკავშირა მეწარმის გვარი და კომპანიის მთავარი საწარმოო ხაზი – ბავშვთა კვების პროდუქცია. 1868 წელს მან ოფიციალურად დაიწყო გამოსახულების საფირმო ნიშნად გამოყენება.

ლოგოს მთავარი გამოსახულება პირველად 1988 წელს შეიცვალა. კომპანიამ ბრენდის სახე სოციალურ ცვლილებებს შეუსაბამა. ევროპულ ოჯახს ამ დროისთვის ორი პატარა წევრი ჰყავს, „ნესტლეს“ ბუდეშიც მხოლოდ ორი ბარტყი რჩება.

ასე ვითარდებოდა ლოგოს გამოსახულება წლების განმავლობაში:

„ნესტლემ“ შექმნა პირველი ხსნადი ყავა 1938 წელს. კომპანია, თავისი არსებობის მანძილზე, ყოველთვის დიდ დროს უთმობდა ბიზნესში სოციალურ პასუხისმგებლობას. დღესდღეობით, საქვეყნოდ ცნობილმა ყავის ბრენდმა „ნესკაფემ“ დასაბამი ბრაზილიაში აიღო ადრეულ 30-იან წლებში. წარმოება ქვეყანაში ინოვაციისა და მდგრადი განვითარების ინიციატივის ნაწილად იქცა. ამ ფორმულის შემუშავებით, ბრენდმა ათასობით ბრაზილიელი ფერმერის ცხოვრება შეცვალა, აარიდა რა მათ მძიმე შრომა წარმოების ახალი პროცესით.

დღეს „ნესტლეს“ მსოფლიოს გარშემო 335,000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული და 2000-ზე მეტ ბრენდს აწარმოებს 85 ქვეყნის 436 ქარხანაში. კომპანიის ბიზნესისმიმართულებები წარმოების დიდ სპექტრს მოიცავს: ბურღულეული, სასმელები, ცხოველების მოვლა, კანის მოვლა და სხვა.

 

მასალა მოამზადა:  ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld