NASA-ს ასტრონავტ ენ მაკკლეინს საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან მეუღლის თვალთვალში, კერძოდ კი მის ანგარიშებზე უკანონო წვდომაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი წერს. გამოცემის ცნობით, ეს შესაძლოა კოსმოსში ჩადენილი პირველი კანონდარღვევა იყოს.
ენ მაკკლეინის მეუღლემ, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების დაზვერვის ოფიცერმა სამერ უორდენმა რამდენიმე თვის წინ აღმოაჩინა, რომ ვიღაც, მისი პაროლის გამოყენებით მის საბანკო ანგარიშზე ამოწმებდა. უორდენმა ბანკს მიმართა და იმ კომპიუტერის ადგილმდებარეობის დადგენა მოითხოვა, საიდანაც მის ანგარიშზე წვდომა დაფიქსირდა. როგორც აღმოჩნდა, ეს NASA-ს ერთ-ერთი კომპიუტერი იყო.
უორდენმა ივარაუდა, რომ ანგარიში მისმა მეუღლემ შეამოწმა, რომელიც მაშინ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმყოფებოდა. ქალმა პირადი მონაცემების უკანონო შესაძლო უკანონო გამოყენების შესახებ NASA-ს და ფედერალურ სავაჭრო კომისიას აცნობა.
2018 წლის დეკემბერში მაკკლეინის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გამგზავრებამდე მეუღლეებმა განქორწინების პროცედურა დაიწყეს. მაკკლეინმა დაადასტურა, რომ უორდენის საბანკო ანგარიში შეამოწმა. მისი ადვოკატის განცხადებით, მაკკლეინს სურდა შეემოწმებინა, საკმარისია თუ არა ფული მათი საერთო შვილის ხარჯების დასაფარად.
ასტრონავტის ადვოკატის მტკიცებით, განქორწინების პროცედურის დასრულებამდე ენ მაკკლეინი მეუღლის ნებართვით საბანკო ანგარიშს რეგულარულად ამოწმებდა.
სამერ უორდენის ოჯახის განცხადებით, NASA-ში გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. ივნისში ენ მაკკლეინი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დაბრუნდა, სადაც 204 დღე გაატარა. თუ მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები დადასტურდება, ასტრონავტს ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით გაასამართლებენ.
ამასთან ერთად, ენ მაკკლეინი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ასტრონავტად ითვლება. რამდენიმე დღის წინ გამოცემა Stars and Stripes წერდა, რომ მაკკლეინი შესაძლოა მთვარეზე პირველი ქალი სამხედრო მოსამსახურე გახდეს. ის მოხვდა 12 ასტრონავტს შორის, რომლებიც NASA-მ 2024 წლისთვის დაგეგმილი მთვარეზე ექსპედიციისთვის შეარჩია.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“