20 მარტს ,,დავითიანნის” ფსიქოლოგიის ცენტრში ჩატარდა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა თემაზე – ოჯახური ძალადობა, რომელსაც უძღვებოდა სისხლის სამართლის ადვოკატი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სემინარის ხელმძღვანელი და სამოქალაქო განათლების პედაგოგი – თორნიკე გვენეტაძე.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ძალადობის სახეები, გამომწვევი მიზეზები, რისკ-ფაქტორები, მოძალადე-მსხვერპლის მახასიათებლები, ძალადობის მსხვერპლთა ჩვენებიდან ამონარიდები, პრევენციის გზები.
ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
- ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს;
- ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას;
- იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება;
- სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ;
- ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;
- უგულებელყოფა – მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური, ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია, შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე;
მოძალადე შეიძლება იყოს სავსებით კეთილგანწყობილი, წესიერი, სანიმუშო პიროვნება სხვა პირთა მიმართ, თუმცა ოჯახის წევრებთან ის არის აბსოლუტურად სხვანაირი. მიზეზი კი ბევრი შეიძლება იყოს: ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, თამაში და სხვა…
შეხვედრაზე დასახელდა მიზეზები, რომლებიც ხშირად ხდება ძალადობის მაპროვოცირებელი:
- მოძალადის ფსიქოლოგიური მდგომარეობა როგორც ძალადობის მიზეზი.
- მესამე პირი როგორც ძალადობის მაპროვოცირებელი.
- მსხვერპლი როგორც ძალადობის მიზეზი.
- ქალის სისუსტე და დაუცველობა როგორც ძალადობის მიზეზი
- სოციალური პრობლემები როგორც ძალადობის გამომწვევი მიზეზი
- ომის გამოცდილება, როგორც ძალადობის მაპროვოცირებელი.
- არასწორი აღზრდა, როგორც ძალადობის გამომწვევი მიზეზი
- უსიყვარულობა, როგორც ძალადობის მიზეზი:
- ურთიერთგაუგებრობა როგორც ძალადობის მიზეზი
- სიმთვრალე და ნარკოტიკი როგორც ძალადობის გამომწვევი ფაქტორი:
შეხვედრის მოდერატორმა ასევე ისაუბრა შემაკავებელი და დამცავი ორდერების დეფინიციებზე. შემაკავებელი ორდერის ფარგლებში ოჯახური ძალადობის საკიტხი ჯერ პოლიციის, ხოლო შემდეგ სასამართლოს განხილვის საგანი ხდება სპონტანურად, წინასწარ დასახული რაიმე კონკრეტული გეგმის, წინასწარი მომზადების გარეშე. შემაკავებელი ორდერის სასამართლოს კანცელარიაში წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში განიხლიავს მოსამართლე მისი დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ მიზანშეწონილობის საკითხს.
- პირველი ინსტანციის მოსამართლის მიერ გამოცემული აქტი, რომელიც გამოიწერება 3 თვემდე ვადით, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 3 თვით.
- დამცავი ორდერის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, მისი ოჯახის წევრს, ან მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას.
- არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
ოჯახური ძალადობის პრევენციის გზებად დასახელდა ქალთა როლის გაზრდა სოციალურ თუ პოლიტიკურ სფეროებში;
სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი კონტროლი და შესაბამისი ზომების მიღება თუ პროგრამების გატარება.
მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და თანაგანცდის იგივე ემპათიის უნარის გამომუშავება, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის აღება.
შეხვედრას ესწრებოდნენ – ფსიქოლოგები: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: ნათია კიკვაძე, მართა ჩაგუნავა; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: ნუცა ჟამურელი, მარიამ ჩხეიძე, ანი სალდაძე; საქართველოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები – სალომე ბოსტოღანაშვილი, ელენე ჩუგოშვილი; ფსიქოლოგი ნინო თოფურია; იურისტები: ლაშა წიკლაური; რაძიკ ხაჩატური.
მასალა მოამზადა: ნინო თოფურიამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”