close
კვლევებიმედიცინა

ორსულების მიერ მარიხუანას მოხმარების მაჩვენებელი მატულობს

ორსულების მიერ მარიხუანას მოხმარების მაჩვენებელი მატულობს

უახლოეს დღეებში პარლამენტს წარედგინება კანონპროექტი, რომელიც საქართველოში მარიხუანას ექსპორტის მიზნით კულტივაციას გულისხმობს. რამდენიმე დღეა მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები გვიმტკიცებენ, რომ ქვეყანაში მარიხუანას ლეგალიზება არ მოხდება და მისი მოხმაება “მაქსიმალურად მკაცრ ჩარჩოებში იქნება მოქცეული”. მათი განმარტებით, კულტივაცია მოხდება მხოლოდ და მხოლოდ ექსპორტის მიზნით და ექსპორტიც არსებითად მიმართულია სამედიცინო და სამეწარმეო მოხმარებისკენ.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მარიხუანას მოხმარება სხვადასხვა მიზნითაა ლეგალიზებულია. შედარებით დიდია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც კანაფი სამედიცინო დანიშნულებით არის ლეგალიზებული. ხოლო ქვეყნები, სადაც მარიხუანა ლეგალიზებულია  რეკრეაციის მიზნით, გახლავთ კანადა, საქართველო, ურუგვაი, ამერიკის 9 შტატი და კოლუმბიის ოლქი.

ფაქტია, რომ იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც სამედიცინო და გართობის მიზნით მარიხუანას მოხმარება ლეგალიზებული ხდება, თანდათან მატულობს.  პარალელურად მატულობს იმ ორსული თუ მეძუძური დედების რიცხვი, რომლებიც ნარკოტიკს მოიხმარენ. 2017 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც აგვისტოში JAMA Internal Medicine-ში გამოქვეყნდა და რომელიც ჩრდილოეთ კალიფორნიაში (სადაც მარიხუანა სამედიცინო მოხმარების მიზნით 1996 წლიდანაა ლეგალიზებული) მცხოვრები 280,000-მდე ქალის შარდის ანალიზის პასუხებსა და გამოკითხვის შედეგებს ეყრდნობა, აჩვენა, რომ 2009 წელს მარიხუანა ორსულთა ოთხმა პროცენტმა გასინჯა, 2016 წელს ეს რაოდენობა შვიდ პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო 2016 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც კალიფორნიაში მარიხუანას რეკრეაციის მიზნით ლეგალიზება მოხდა, მომხმარებელთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა.

ორსული დედის მიერ მოხმარებული ნარკოტიკი ნაყოფზეც ზემოქმედებს, ვინაიდან მასში შემავალი ინგრედიენტები პლაცენტის გავლით ნაყოფშიც ხვდებიან, ხოლო დაბადებული ბავშვის ორგანიზმს მეძუძური დედის რძიდან აღწევენ.

რა ზემოქმედებას ახდენს მარიხუანა დედისა და ბავშვის ორგანიზმზე? 

ეს გახლავთ შეკითხვა, რომელსაც ამერიკის პედიატრიის აკედემია  რამდენიმე კვირის წინ გამოცემა Pediatrics-ში გამოქვეყნებულ ანგარიშში სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით პასუხობს.

აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე მეცნიერთა აზრი იყოფა. ზოგიერთი კვლევა ამტკიცებს, რომ მარიხუანა ბავშვებზე ნეგატიურად მოქმედებს და დედის მიერ მისი მოხმარება ჩვილის მცირე წონასთან და ნეონატალური ინტენსიური თერაპიის განყოფილებასთანაა დაკავშირებული, დედებში კი ანემიის რისკს ზრდის.  თუმცა, შედარებით ადრე ჩატარებულმა კვლევებმა განსხვავებული შედეგი აჩვენეს. მაგალითად, 1987 წელს მაიმუნებზე ჩატარებულმა კვლევამ (Fetal disposition of delta 9-tetrahydrocannabinol (THC) during late pregnancy in the rhesus monkey) აჩვენა, რომ მარიხუანაში შემავალი ნივთიერება THC პლაცენტაში სწრაფად არ გადადის.

კანაფში 66 კომპონენტია აღმოჩნილი, თითოეული მათგანი კი ორგანიზმზე განსხვავებულ ზემოქმედებას ახდენს. მაგალითად, ტეტრაჰიდროკანაბინოლი THC ფსიქოაქტიურ ეფექტებთანაა დაკავშირებული.  არსებობენ კვლევები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მაღალი THC-შემცველობის მქონე მარიხუანის ხანგრძლივად მოხმარებას განვითარებადი ტვინის ზრდის პროცესის შეცვლა შეუძლია. რაც შეეხება კანაბიდიოლს (CBD) მას თერაპიულ მედიცინაში იყენებენ. ესპანელი ბიოქიმიკოსი მანუელ გუზმანი წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევების შედეგად დარწმუნდა, რომ THC-ს, CBD-ს და ტემოზოლომიდის კომბინაცია საუკეთესო შედეგს იძლევა თაგვებში თავის ტვინის სიმსივნის მკურნალობისას. გუზმანი და მისი კოლეგები 15 წლის განმავლობაში აძლევდნენ კანაფის კომპონენტებს კიბოს მეტასტაზებით დასნებოვნებულ ვირთაგვებს. ვირთაგვების ერთ მესამედში სიმსივნე აღმოიფხვრა, ხოლო მეორე მესამედში – დაპატარავდა. თუმცა, გუზმანი არ ჩქარობს დასკვნის გამოტანას – „პრობლემა ისაა, რომ თაგვი არ არის ადამიანი, ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს საერთოდ შეიძლება თუ არა მისი გამოყენება ადამიანების შემთხვევაში“.

ზოგადად, მეცნიერებს ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე ურთულდებათ იმ თემების შესწავლა, რომელიც ნარკოტიკებსა და ბავშვებს გულისხმობს, რის გამოც ჩატარებულ კვლევათა რაოდენობა საკმარისი არაა მარიხუანას ეფექტების სრულად გამოსვლენად და დასამტკიცებვლად. ამიტომ, დედების გადასაწყვეტია, უღირთ თუ არა მარიხუანას მოხმარება თავიანთი და თავიანთი შვილებისა ჯანმრთელობის გარისკვად.

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0