პერფექციონიზმი 1978 წელს ფსიქოლოგმა ჰოლენდერმა, ერთ-ერთმა პირველმა განსაზღვრა პერფექციონიზმი, როგორც საკუთარი თავისადმი ყოველდღიურად წაყენებული უფრო მაღალი დონის მოთხოვნები, ვიდრე ამას გარემოება ითხოვს. მოგვიანებით, ბერნსმა დააზუსტა და შეავსო ეს ცნება კოგნიტური პარამეტრით (აზროვნებით) – „ყველაფერი ან არაფერი”.
„perfectus-ი“ ლათინური სიტყვაა და „ სრულყოფილებას” ნიშნავს. ფსიქოლოგიაში პერფექციონიზმი განიხილება პიროვნულ მახასიათებლად, რომელსაც ახასიათებს პიროვნების მისწრაფება უნაკლობისკენ და უმაღლესი სტანდარტების შესრულებისკენ, მას აგრეთვე თან ახლავს კრიტიკული თვითშეფასება და კონცენტრირება სხვების შეფასებებზე. პერფექციონიზმი იმის რწმენაა, რომ ადამიანს შეუძლია საუკეთესო შედეგის მიღწევა. როცა პერფექციონისტები ვერ აღწევენ საკუთარ მიზნებს მათ დეპრესია ემართებათ. ფსიქოლოგიაში კამათის საგანია, პერფექციონიზმი პიროვნებისათვის დადებითი პიროვნული ნიშანია თუ უარყოფითი. პერფექციონიზმი შეიძლება იყოს როგორც პიროვნების „ნორმალური“ მახასიათებელი, ისე ნევროტული ფსიქიკური აშლილობაც. ფსიქოლოგმა დონალდ ჰამაჩეკმა გამოყო პერფექციონიზმის ორ სახე: ადაპტური და ნევროტული. ადაპტური პერფექციონიზმის დროს – ადამიანი შრომისმოყვარეა და ლიდერის თვისებებით ხასიათდება, აქტიურია, მოტივირებული, აქვს მაღალი, მაგრამ რეალისტური სტანდარტები, გააჩნია მიზნები და მისი მიღწევის კონკრეტული გზები, აქვს პოზიტიური თვითშეფასება და პრეტენზიის მაღალი დონე. ისახავს ძნელად მისაღწევ მიზნებს, მაგრამ მას ეს პროცესი, განსაკუთრებით შედეგი სიამოვნებს. მუშაობის პროცესში აზარტულია და გარკვეულად ღელავს კიდეც. რაც შეეხება ნევროტულ პერფექციონიზმს, ამ შემთხვევაში პიროვნებას წარუმატებლობის ძლიერი შიში იპყრობს. იგი მუდამ უკმაყოფილოა საკუთარი მიღწევებით, ეს კი მუდმივ დაძაბულობას იწვევს პიროვნებაში. იმისათვის, რომ არ შელახონ საკუთარი უბადლო იმიჯი, ცდილობენ დამალონ დაშვებული შეცდომები ან უარი თქვან ჩანაფიქრზე, ისინი მოქმედებენ პრინციპით „ყველაფერი ან არაფერი”. ელოდებიან იდეალურ მომენტს და ემზადებიან დიდი წარმატებებისთვის. ხშირად ეს მომენტი იგვიანებს, ამასობაში კი სხვები ახალ საქმეებს იწყებენ, შეცდომებსაც უშვებენ, მათ მაგალითზე სწავლობენ და თანდათან წინ მიიწევენ. პერფექციონისტული ორიენტაცია ბავშვობიდანვე ფორმირდება. მას ოჯახური აღზრდის თავისებურებები განსაზღვრავს. გამოკვეთილია მშობლების ქცევის 4 ტიპი, რომელიც მოქმედებს ბავშვის პერფექციონისტული აზროვნების ფორმირებაზე: მშობლები ზედმეტად კრიტიკული და მომთხოვნი არიან; მშობლების მოლოდინები და სტანდარტები ამაღლებულია; კრიტიკა არ არის პირდაპირი, არამედ ირიბი; მშობლები არ არიან თანახმა საერთოდ არაფერზე ან მათი თანხმობა პირობითია მშობლები- პერფექციონისტები ქცევის პერფექციონისტული ფორმების და სტანდარტების დასწავლის მოდელები არიან შვილებისთვის. კანადელმა მკვლევრებმა გამოყვეს პერფექციონიზმის 4 სახე: „მეზე” მიმართული პერფექციონიზმი – გულისხმობს ძალიან მაღალ სტანდარტებს, მუდმივ თვითშეფასებასა და თავისი ქცევის გაკრიტიკება, ასევე სრულყოფილებისკენ სწრაფვის მოტივს, რომელიც ინდივიდუალურია თავისი ინტენსივობით. პიროვნება თავის თავს „არ პატიობს“ არასრულყოფილებას ან შეცდომას. სხვა პიროვნებებისკენ მიმართული პერფექციონიზმი – რწმენები და მოლოდინები სხვა პიროვნებების მიმართ. გულისხმობს არარეალისტურ სტანდარტებს ახლო ადამიანებისთვის, ადამიანური სრულყოფილების მოლოდინი და სხვათა მუდმივი შეფასება. ეს წარმოქმნის სხვათა დადანაშაულებას, ნდობის დეფიციტსა და ხალხის მიმართ მტრულ დამოკიდებულებას. პერფექციონიზმი სამყაროს მიმართ – რწმენა იმისა, რომ ყველაფერი სამყაროში უნდა იყოს „სწორად“, აკურატულად, რომ ყველა საყოველთაო პრობლემას უნდა ჰქონდეს სწორი და დროული გადაწყვეტილება. სოციალურ გარემოზე გათვალისწინებული პერფექციონიზმი – სწრაფვა შეესაბამებოდეს სხვათა სტანდარტებსა და მოლოდინებს. ამაში გამოიხატება ის, რომ ხალხი ხშირად თავიანთ მოლოდინებში არარეალისტულნი არიან, მკაცრად აფასებენ და ინდივიდს წნეხის ქვეშ აქცევენ, რათა ის სრულყოფილი გახდეს. პერფექციონიზმს აქვს როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური ასპექტები. პერფექციონიზმის პოზიტიური ასპექტები: პერფექციონიზმმა შეიძება ადამიანების მოუტანოს დიდი წარმატება. პერფექციონიზმი აჩენს ისეთი მოტივაციას, რომლითაც წინ აღუდგები ყველა პრობლემას და წინაღობას. ადაპტურ პერფექციონისტებს აქვთ საქმის გადადების დაბალი მაჩვენებელი, ვიდრე არაპერფექციონისტებს. პერფექციონიზმის ადაპტური ფორმა მიჩნეულია, როგორც პოზიტიური პიროვნული მახასიათებელი. ადაპტური პერფექციონიზმი შეიცავს ორგანიზებულ და გეგმაზომიერ მოქმედებას, მუდმივ ლტოლვას რომ იყო საუკეთესო და სხვადასხვა საკითხებისადმი გონივრულად მიდგომას, წვრილმან დეტალებზე ყურადღების მიქცევას, თავგანწირვას და შეუპოვრებას, ეს მახასიათებლები აჩენს მაღალ თვითშეფასებას და დაბალ კრიტიკას და ნეგატივიზმს. პერფექციონიზმის ნეგატიური ასპექტები: პერფექციონიზმი შეიძლება იყოს ზიანის მომტანი. ნევროტული პერფექციონისტები გრძნობენ მუდმივ წნეხს რომ მიაღწიონ თავიანთ უმაღლეს სტანდარტებს. ეს წნეხი ბადებს კოგნიტურ დისონანსს და ადამიანს არ შეუძლია თავისი მოლოდინების თანხვედრა. ნაკლებადაპტური პერფექციონისტები აჩვენებენ მაღალ სოციალურ დაძაბულობას და შფოთვას, რაც ასახავს მათ არაადეკვატურ გრძნობებს და დაბალ თვითშეფასებას. ნევროტული პერფექციონიზმისდაძლევა შესაძლებელია რამდენიმე რეკომენდაციის შესრულებით: მიეცით თავს უფლება, იყოთ ზოგჯერ „არასრულყოფილი“რაიმე საქმიანობებში.
გაიაზრეთ, რომ დღეს დასრულებული არასრულყოფილი სამუშაო უკეთესია სრულყოფილ, მაგრამ ყოველ ჯერზე გადადებულ სამუშაოზე. თუ გეშინიათ რაიმე საქმიანობის დაწყება, შეეკითხეთ თავს, რა მოხდება ისეთი საშინელი, თუ არ გამომივა? თუ არაფერი ცუდი თავში არ მოგდით, ესე იგი შიშიც გაუმართლებელია. მიეცით თავს უფლება , დაუშვათ დღეში 3 შეცდომა. შეცდომებისგან არავინ არის დაცული, არც კრიტიკისგან. მაგრამ შეხედეთ კრიტიკას სხვა კუთხით: თუ გაკრიტიკებენ, ესე იგი სჯერათ, რომ თქვენ უკეთესადაც შეგიძლიათ ამოცანის შერულება. ისწავლეთ გამოყოთ მნიშვნელოვანი უმნიშვნელოსგან. ნუ ჩაიციკლებით დეტალების შესრულებაზე.
მასალა მოამზადა: მართა ჩაგუნავამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება: