close
ანალიტიკაფსიქოლოგია

პერფექციონიზმი – „ყველაფერი ან არაფერი!”

ფსიქოლოგ ჰოლენდერის განსაზღვრებით, პერფექციონიზმი (ლათინური სიტყვიდან perfectus – „აბსოლუტური სრულყოფილება“) არის პიროვნული მახასიათებელი, რომელიც გულისხმობს საკუთარი თავისადმი უფრო მაღალი მოთხოვნების წაყენებას, ვიდრე ამას გარემოება მოითხოვს.

პერფექციონისტი მიისწრაფვის ძნელად შესასრულებელი ან არარეალური მიზნებისაკენ, თვითკრიტიკულია, და როცა მიზანს ვერ აღწევს, უჩნდება დაბალი თვითშეფასების განცდა. სხვა სიტყვებით, პერფექციონისტის ცხოვრება რეალურად მიუღწეველი იდეალისაკენ სწრაფვაა.

ბერნსის მიხედვით, პერფექციონიზმი არის პიროვნული სტრატეგია, რომელიც გულისხმობს: „ყველაფერი ან არაფერი!“ ინდივიდს აქვს მხოლოდ ორი ალტერნატივა: ან მაღალი სტანდარტების შესატყვისობა, ან სრული კრახი. მნიშვნელოვანი, წარმატებული ადამიანის იმიჯის შესანარჩუნებლად პერფექციონისტი ცდილობს, დამალოს დაშვებული შეცდომები, ან უარი თქვას მისთვის ძნელად განსახორციელებელ ჩანაფიქრზე, რათა თავიდან აიცილოს წარუმატებლობა. პერფექციონისტის პრობლემა ისაა, რომ ის დიდი წარმატებებისათვის ემზადება და იდეალურ მომენტს ელოდება, მაგრამ ეს მომენტი შეიძლება არასოდეს დადგეს. მისი უამრავი დრო და ენერგია მიაქვს მეორეხარისხოვან დეტალებზე მუშაობას. პერფექციონიზმის არსი კარგად არის ასახული გამოთქმაში: „საუკეთესო კარგის მტერია“. პერფექციონიზმი თანდაყოლილი პიროვნული მახასიათებელია, თუმცა მისი ფორმირება, გარკვეულწილად, ბავშვობაში, აღზრდის თავისებურებების გავლენითაც ხდება. მაგალითად, პერფექციონიზმს აყალიბებს მშობლების „პირობადებული სიყვარული“, როცა ბავშვი მხოლოდ იმ შემთხვევაში იმსახურებს შექებას, წახალისებას, თუ მშობლების მოსაწონად იქცევა. როგორც წესი, პერფექციონისტის მშობლები მკაცრი, კრიტიკული, მომთხოვნი ადამიანები არიან და ნაკლებად ავლენენ მხარდაჭერას შვილების მიმართ. მშობლების მოლოდინი და სტანდარტები ხშირად არ შეესაბამება ბავშვის შესაძლებლობებსა და მოთხოვნილებებს. ბავშვი იძულებულია, არასოდეს დაუშვას შეცდომა, რომ გაამართლოს მშობლების მოლოდინი და თავიდან აიცილოს კრიტიკა.

ჰიუტმა და ფლეტმა პერფექციონიზმი აღწერეს, როგორც სამგანზომილებიანი კონსტრუქტი – თვითორიენტირებული, სხვებზე ორიენტირებული და სოციალურად მიწერილი და პერფექციონიზმის გასაზომი სკალაც შეიმუშავეს. თვითორიენტირებული პერფექციონიზმი გულისხმობს საკუთარი თავის მიმართ წაყენებულ ირაციონალურ მოლოდინებსა და სტანდარტებს. ასეთ ადამიანს ახასიათებს დაბალი თვითპატივისცემა და შეიძლება ჰქონდეს ისეთი ფსიქიკური პრობლემები, როგორიცაა: შფოთვა, დეპრესია, მნიშვნელოვანი განსვლა რეალურ და იდეალურ მე-ს შორის. სხვებზე ორიენტირებული პერფექციონიზმი გულისხმობს სხვა ადამიანის მიმართ წაყენებულ მაღალ სტანდარტებს. ასეთი ადამიანი გარშემომყოფებისაგან მოელის სრულყოფილებას, მუდმივად აფასებს მათ და ორიენტირებულია სხვების დადანაშაულებასა და კრიტიკაზე. ეს ქმნის დაძაბულობას, პრობლემებს ინტერპერსონალურ ურთიერთობებში. სოციალურად მიწერილი პერფექციონიზმის მქონე ადამიანი მოქმედებს იმ სტანდარტებისა და მოლოდინების შესაბამისად, რომლებსაც, მისი აზრით, მას უყენებენ მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანები. ის ფიქრობს, რომ სხვები მისგან მოელიან სრულყოფილებას, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გარშემომყოფების შეფასებებს და ეშინია სხვების მხრიდან უარყოფის. ამ ტიპის პერფექციონიზმის მაღალი ხარისხი შეიძლება გახდეს ისეთი ფსიქოლოგიური პრობლემების მიზეზი, როგორიცაა: დეპრესია, სუიციდი, სოციალური შფოთვა, კვებითი აშლილობები. ფსიქოლოგთა ნაწილი წინა პლანზე აყენებს პერფექციონიზმის დადებით ასპექტებს და მიუთითებს, რომ პერფექციონისტები გამოირჩევიან მაღალი მოტივაციით, დაბრკოლებების გადასალახად საჭირო ბრძოლის უნარით. მაგალითად მოჰყავთ მეცნიერების, სპორტის, ხელოვნების მსოფლიოში ცნობილი წარმომადგენლები, რომლებმაც დიდ წარმატებებს მიაღწიეს.

როედელის მიხედვით, პერფექციონიზმი ადამიანს ანიჭებს მიზნის მიღწევის ძლიერ ენერგიასა და მოტივაციას. ჰამაჩეკმა პერფექციონიზმის ორი სახე გამოჰყო – ჯანსაღი (კონსტრუქციული) და ნევროტული (დესტრუქციული). ჯანსაღი პერფექციონიზმის მქონე ადამიანი შრომისმოყვარეა და ლიდერის თვისებები ახასიათებს. ის მოტივირებულია, აქვს მაღალი, მაგრამ რეალისტური სტანდარტები, დიადი მიზნები და მათი მიღწევის კონკრეტული გზები, პოზიტიური, ადეკვატური თვითშეფასება და პრეტენზიის მაღალი დონე. ის მუშაობის პროცესში აზარტულია, გარკვეულწილად შფოთავს კიდეც, მაგრამ თავისი საქმიანობიდან და აქტივობებიდან სიამოვნებას იღებს. ნევროტული პერფექციონიზმის შემთხვევაში სრულყოფილება იდეა-ფიქსი ხდება და ადამიანს წარუმატებლობის ძლიერი შიში იპყრობს; სიყვარულისა და საყოველთაო პატივისცემის დამსახურების სურვილის გამო ირჩევს ისეთ მიზანს, რომელიც მის შესაძლებლობებს აღემატება, ეს კი მასში მუდმივ დაძაბულობას იწვევს. არარეალური მიზნებისაკენ სწრაფვა ხდება საკუთარი თავით უკმაყოფილების, შინაგანი დისჰარმონიისა და სტრესის მიზეზი.

 

წყარო:  Naec.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”  

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid