close

,,ფეისბუკსა” და კომპანია ,,კემბრიჯ ანალიტიკას” (Cambridge Analytica) მილიონობით მომხმარებლის პერსონალური მონაცემების უკანონოდ, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ედავებიან.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2014 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა ალექსანდრ კოგანმა ,,ფეისბუქის” პლატფორმაზე აპლიკაცია „ეს არის შენი ციფრული ცხოვრება“ („This is you digital life“) შექმნა. აპლიკაცია მომხმარებლებს მათი პიროვნების ტიპის დასადგენად ტესტს სთავაზობდა. ტესტში დასმული იყო უამრავი შეკითხვა, პარალელურად კი აპლიკაცია ისეთ პერსონალურ მონაცემებზეც ითხოვდა წვდომას, როგორიცაა ადგილსამყოფელი, მოწონებული გვერდები, ინტერესები და სხვა. გარდა ამისა, მომხმარებელი აპლიკაციას ინფორმაციას აწვდიდა მისი ფეისბუკმეგობრების შესახებაც. კოგანის აპლიკაციით დაახლოებით, 300 ათასმა მომხმარებელმა ისარგებლა. მათ მიერ მეგობრებზე გაცემული ინფორმაციების ჩათვლით, საერთო ჯამში, 50 მილიონი ადამიანის მონაცემები შეგროვდა. არსებული ვერსიით, მოგვიანებით ეს მონაცემები „კემბრიჯ ანალიტიკამ“ იყიდა და დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა – კერძოდ, შექმნა მომხმარებელთა ფსიქოლოგიური პორტრეტები, გაანალიზა ინფორმაცია და ამომრჩევლებზე მათზე მორგებული კამპანიით ზეგავლენა მოახდინა და ტრამპის გამარჯვება უზრუნველყო.
თავად Cambridge Analytica მომხდართან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.
მარკ ცუკერბერგმა აღიარა, რომ კომპანიამ შეცდომები დაუშვა. მან განაცხადა, რომ ,,ფეისბუკი” პასუხისმგებელია მომხმარებლის მონაცემების დაცვაზე. ცუკერბერგი ამტკიცებს, რომ მონაცემების „კემბრიჯ ანალიტიკას“ ხელში ჩავარდნის შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა, პასუხისმგებლობას იღებს იმ ზიანზე, რაც შესაძლოა მის მომხმარებლებს მიადგათ.
18 მარტს, მასაჩუსეტსის შტატის გენერალურმა პროკურორმა მარა ჰელეიმ ,,ფეისბუკისა” და კომპანია Cambridge Analytica-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მსოფლიოს მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა რამდენიმე გამოძიება Cambridge Analytica-ს საქმიანობაზე.
ევროკომისარმა იუსტიციის საკითხებში ვერა იუროვამ განაცხადა, რომ სოციალურ ქსელ ,,ფეისბუკთან” მიმართებით მკაცრი ზომები გატარდება.
ევროკომისარმა შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ,,ფეისბუქის” ხელმძღვანელობისგან ოფიციალური განცხადება მოითხოვა.
იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა ევროკავშირი დაარწმუნეს, რომ ამ სიტუაციას სერიოზულად განიხილავენ და საჭირო ზომების მომზადებაზე მუშაობენ. „ეს სკანდალი სიგნალი უნდა გახდეს ყველა ჩვენგანისთვის. თუ როგორ ვეპყრობით პირად მონაცემებს, ამას მასშტაბური შედეგები შეიძლება ჰქონდეს“, – დასძინა მან.
,,ფეისბუკის” ისტორიაში უდიდესმა კრიზისმა უკვე მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა კომპანიას – მისი ღირებულება 7 პროცენტით, 37 მილიარდით, შემცირდა. მომხდარს კი გამოიძიებენ როგორც ევროპაში, ისე – ამერიკის შეერთებულ შტატებში.
პერსონალური მონაცემების ბოროტად გამოყენების სკანდალს ონლაინ კამპანია #deletefacebook (წაშალე ფეისბუქი) მოჰყვა, რომელიც მარტის შუა რიცხვებში ,,ტვიტერზე” დაიწყო, როცა Whatsapp-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბრაიან ექტონმა აღნიშნული მოწოდების პოსტი გამოაქვეყნდა.
თუმცა, არის კი ,,ფეისბუკის” დატოვება ასეთი იოლი? ანგარიშის გაუქმებიდან 90 დღეა საჭირო, რომ მომხმარებლის მონაცემები სრულიად წაიშალოს საიტიდან. გარდა ამისა, ექსერტების ნაწილი აცხადებს, რომ არცთუ ისე იოლია, ამ 2,2 მილიარ მომხმარებლიანი სოციალური ქსელის ალტერნატივის პოვნა. რით შეიძლება ჩავანაცვლოთ ,,ფეისბუკი”? “ტვიტერით”? – ამ ზედმეტად საჯარო სოციალური ქსელით? “ინსტაგრამით?- რომელიც ,,ფეისბუკის” საკუთრებაა? Snapchat-ით?- შესაძლებელია, თუკი თქვენი ასაკი 25 წელს არ აღემატება.
აღსანიშნავია, ილონ მასკმა SpaceX-ისა და Tesla-ს Facebook გვერდები წაშალა. მასკმა თქვა, რომ მისი კომპანიების  ფეისბუქგვერდების არსებობის შესახებ არც კი იცოდა, სანამ ამის შესახებ Twitter-ზე არ უთხრეს. მასკს Twitter-ზევე მოუწოდეს, წაეშალა ვერიფიცირებული გვერდები. სანამ ამას გააკეთებდა, მან დაწერა: „რა არის ,,ფეისბუკი”?“.
ასე რომ, არსებობს ორი გამოსავალი : წავშალოთ „ფეისბუკი“ ან დავიცვათ თავი ჩვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებისგან. როგორ?
,,ფეისბუკზ”ე გავრცელებული ისეთი ე.წ. ქვიზები როგორიცაა, “გაიგე შენი IQ”, “როგორია შენი პიროვნება” ან ,,რომელ ცნობილ მსახიობს ჰგავხარ” ხშირ შემთხვევაში ჩვენს მონაცემებს იყენებენ. სწორედ ასეთივე ტესტი იყო Cambridge Analytica მიერ შემუშავებული ,,ეს არის შენი ციფრული ცხოვრებაც”.

ასეთ ,,ქვიზებს” მონაცემების შეგროვების უფლება, ,,ფეისბუკის” წესების მიხედვით, აქვთ, თუმცა ზოგიერთი მათგანი მომხმარებელს ამის შესახებ არ აფრთხილებს.
პერსონალური მონაცემების დასაცავად საჭიროა : შეხვიდეთ ფეისბუქზე და გახსნათ “აპლიკაციების პარამეტრები” (App. Settings)
თითოეული აპლიკაციის ქვეშ მოცემულია წაშლის ან რედაქტირების ფუნქცია, რაც საშუალებას მოგცემთ ან საერთოდ წაშალოთ აპლიკაცია, ან შეუზღუდოთ მათ თქვენს მონაცემებამდე წვდომა.

წყაროები: https://www.independent.co.uk ; https://www.theguardian.com ;  https://www.theverge.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid