21-ე საუკუნის ადამიანისთვის კარგი საპრეზენტაციო და სადისკუსიო უნარების ფლობა აუცილებელია. არსებობს სტერეოტიპი, რომ ეს უნარები ადამიანს ბუნებრივად აქვს თანდაყოლილი, მაგრამ, საინტერესოა, რომ მათი დასწავლა შესაძლებელია და საქართველოში – სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე სპეციალური პროგრამაც კი არსებობს. ამ პროგრამის მიხედვით ლექციებს ნინო ტურაშვილი კითხულობს, რომელმაც დეტალურად გაგვაცნო სქემა და ამ კურსის პრიორიტეტები.
–ნინო, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავი რომ გააცნოთ საზოგადოებას.
-პროფესიით პედაგოგი ვარ – გერმანული ენის სწავლების თეორიისა და პრაქტიკის მაგისტრი. 10 წელზე მეტია ვკითხულობ ლექციებს – ,,აკადემიური წერა” და ,,კომუნიკაცია, პრეზენტაცია და დისკუსიის ტექნიკები”. დღეისათვის ვარ პროგრამა ,,კომპასის“ აფილირებული ლექტორი სულხან-საბას სასწავლო უნივერსიტეტში.
-საიდან გაჩნდა პროგრამის – ,,კომუნიკაცია, პრეზენტაცია და დისკუსიის ტექნიკები“ შემოტანის იდეა?
-რეფერატებისა და პრეზენტაციების მომზადება, ინფორმაციის ფორმულირება, დისკუსია უდიდეს როლს ასრულებს არა მარტო სწავლების, სემინარებისა თუ გამოცდების დროს, არამედ მიიჩნევა, როგორც გადამწყვეტი პროფესიონალური უნარი მიზნის მისაღწევად. ჯერ კიდევ გერმანიაში, 1996 წელს, პროფესორმა ზიგფრიდ ფრაიზერმა და ნიკოლა ბუხჰოლცმა შეიმუშავეს პროგრამა ,,კომპასი“, რომელიც აერთიანებს კომუნიკაციის, მოდერაციის, პრეზენტაციის და გუნდური მუშაობის ტექნიკებს. იმ პერიოდში ილიას უნივერსიტეტის თანამშრომელი, ფსიქოლოგი თამარ ტურაშვილი ფრანკფურტში სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა პროფესორ ზიგრიფ ფრაიზერის კათედრაზე და იქ გაეცნო ,,კომპასის“ ეფექტურ პროგრამას. პროგრამის გამოყენება საავტორო უფლებების დაცვით – ფრანკფურტის უნივერსიტეტის მენტორობით თამარ ტურაშვილმა ჩამოიტანა და დანერგა საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწყობით, 2007 წლიდან სავალდებული საგნად დასახელდა პირველკურსელთათვის. მაშინ ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც უმაღლეს სასწავლებელში ისწავლებოდა პრეზენტაციის უნარები. აღსანიშნავია, რომ ,,კომპასი“ დღესაც წარმატებით ხორცილედება გერმანიის ორ უმაღლეს სასწავლებელში – ფრანკფურტის უნივერსიტეტსა და ბერლინის ფსიქოლოგიის უნივერსიტეტში.
-რამდენად არის სტუდენტების მხრიდან დაინტერესება ამ პროგრამისადმი და რამდენად დგას მსგავსი პროგრამების საჭიროება?
-სასიხარულოა, რომ კურსი თავიდანვე გამოირჩეოდა მაღალი რეიტინგით. პირველკურსელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროგრამის გავლა, ისინი ახალ სოციუმში გამოწვევების წინაშე დგანან და სწორედ ურთიერთობებთან დაკავშირებული თემები – კონფლიქტის მართვა, ჯგუფში მუშაობის ტექნიკები – ეხმარებათ სირთულეების დაძლევასა და თვითშეფასების ადეკვატურად აღქმაში. მსგავსი პროგრამების დანერგვა, რომელიც ორიენტირებულია სტუდენტის პიროვნულ ჩამოყალიბებასა და პროფესიულ გაზრდაზე, შეიძლება მივიჩნიოთ თანამედროვე განათლების უმნიშვნელოვანეს კომპონენტად.
–პროგრამა იძლევა საშუალებას, ლექცია ჩატარდეს ინტერაქტიულად – როგორ ფიქრობთ, ეს რამდენად მნიშვნელოვანი კომპონენტია და საქართველოში საგანმანათლებლო სისტემა რამდენად აქტიურად თუ ეფექტიანად იყენებს მას?
-უნდა ვაღიაროთ, რომ სტუდენტების გარკვეული ნაწილი არ არის მიჩვეული ინტერაქტიული მეთოდებით მუშაობას, ეს განსაკუთრებით იგრძნობა პირველკურსელებთან ურთიერთობის დროს და უკვე უნივერსიტეტის პერსონალის დამატებით ძალისხმევას საჭიროებს. რაც შეეხება ჩვენს პროგრამას, ლექციებს ტრენინგის ფორმატი უფრო აქვს, აქ არ ხდება მხოლოდ ცოდნის გადაცემა, პასიური მოსმენა – სტუდენტები ჩართულები არიან პროცესში, მიზნობრივად მუშაობენ, იუმჯობესებენ საკომუნიკაციო უნარებს. ინტერაქცია იძლევა კარგ საშუალებას – ჩართულობის, რეფლექსიისა და ემოციების გამოყენებით მოხდეს მასალის დასწავლა –დამახსოვრება.
–რაიმე კონკრეტული რჩევები ხომ არ გექნებოდათ სტუდენტებისა და, ზოგადად, დაინტერესებული ადამიანებისათვის – როგორ შეიძლება მარტივად კომუნიკაციის, პრეზენტაციისა თუ დისკუსიის ტექნიკის დაუფლება?
-კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და დისკუსიის მართვის უნარების გაუმჯობესება შესაძლებელია სწორედ ჩვენი სალექციო პროგრამის საშუალებით. ეს უნარები მარტივად არ დაისწავლება, მაგრამ თანმიმდევრული სწავლებით, ერთი სემესტრის მანძილზე, შესაძლებელია ამ უნარების გაუმჯობესება. დღეს წარმატებული კარიერისთვის მნიშვნელოვანია ადამიანს შეეძლოს საკუთარი თავის ეფექტური წარდგენა, ახალი პროექტის პრეზენტაცია და აუდიტორიის მართვა, რომელსაც ჩვენ ვასწავლით კურსის მანძილზე გადაცემული ინფორმაციითა და სპეციალური აქტივოებებით.
–არსებობს გავრცელებული აზრი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი უნარები არ დაისწავლება და თანდაყოლილია – რას იტყოდით ამ შემთხვევაში?
-არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საკმაოდ კარგად აქვთ განვითარებული კომუნიკაციის უნარები ან ნაკლებად შფოთავენ აუდიტორიის წინაშე. თუმცა, ის აზრი, რომ ეს უნარები არ დაისწავლება – ნამდვილად შორს არის რეალობისგან. ასობით და ათასობით სტუდენტი ყოველი ლექციის შემდეგ გრძნობს გაუმჯობესებულ უნარებს და თავად არიან აღფრთოვანებულები შეძენილი თუ აღმოჩენილი შესაძლებლობებით. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ჩატარდა სამეცნიერო კვლვა საქართველოსა და ბერლინის უნივერსიტეტებში. საქართველოდან მონაწილეობა მიიღო სულხან საბას სასწავლო უნივერსიტეტის 105 სტუდენტმა, რომლებიც გადიოდნენ კურსს ,,კომუნიკაცია, პრეზენტაცია და დისკუსიის ტექნიკა’. სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურა ისეთი კომპეტენციების გაუმჯობესება, როგორიცაა – კომუნიკაცია, ჯგუფური მუშაობა, კრიტიკის გაცემა და მიღება, ინფორმაციის გაზიარება და აუდიტორიის წინაშე თავდაჯერებული გამოსვლა.
-დასასრულ, თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ რომ გვიამბოთ.
-კურსი ,,კომუნიკაცია, პრეზენტაცია და დისკუსიის ტექნიკა” ყოველწლიურად უფრო და უფრო აქტუალური და დიდი მოთხოვნის მქონე ხდება. ახალი სასწავლო წლიდან იგეგმება კურსის დანერგვა სხვადასხვა კერძო უნივერსიტეტსა და სკოლაში.
მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“