close
გამოგონება - ინოვაციამათემატიკასაქართველო

პირველი მრავალფუნქციური კალკულატორის ქართველი გამომგონებელი და რუსეთში დაკარგული მოწყობილობა

შესაძლოა ბევრს სმენია ქართველი მათემატიკოსის, მეტალურგისა და სპორტსმენის – გიორგი ნიკოლაძის სახელი. თუმცა, ცოტამ თუ იცის იმ მსოფლიო მასშტაბის გამოგონებაზე, რომელიც სწორედ მას ეკუთვნოდა.

დიდ ჯიხაიშში, ასევე გამოჩენილი ქართველი მოღვაწის – ნიკო ნიკოლაძის ოჯახში დაბადებული, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული  გიორგი ნიკოლაძე, სულ რაღაც, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ ამ მცირე პერიოდშიც შეძლო დამსახურებებით დაემკვიდრებინა სახელი ჩვენი ქვეყნის ღირსეული ადამიანების სიაში.

1861 წელს, ქუთაისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ, ნიკოლაძემ სწავლა სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა და აქტიურად მონაწილეობდა 1861  წლის ცნობილ გამოსვლებშიც, რის გამოც დააპატიმრეს და უნივერსიტეტიდანაც გარიცხეს.

გ. ნიკოლაძის მრავალმხრივ მოღვაწეობაზე საუბრისას, აღსანიშნავია, რომ სწორედ მას ეკუთვნის 1918 წელს თბილისში შექნილი პირველი სატანვარჯიშო საზოგადოების შექმნის იდეა და თვითონ ტერმინი ,,ტანვარჯიშიც“ მან დაამკვიდრა ქართულ რეალობაში. იმავე წელს ნიკოლაძემ ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროშიც დაიწყო მუშაობა, მაგრამ ეს საქმიანობა მალევე მიატოვა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ხელმძღვანელი გამხდარა.

ნიკოლაძე რუსულთან ერთად ფლობდა ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებს, რამაც კიდევ უფრო გაუმარტივა იმ დროინდელ ვითარებაში ქვეყნის ფარგლებს გარეთაც თავისუფლად ემოგზაურა და უცხოურ გამოცემებთანაც ეთანაშრომლა.

1926-1928  წლებში, დისერტაციის დასაცავად, ნიკოლაძე ორი წლით საზღვარგარეთ წავიდა და პარიზში გამოფენილი პირველი ელექტროგამომთვლელი მანქანები დაათვალიერა, რომლებიც ჯერ კიდევ მხოლოდ ორ მარტივ მოქმედებას ასრულებდა. სწორედ ამ დროს გასჩენია თვითნასწავლ მათემატიკოსს  იდეა, რომ შეექმნა ელექტროგამომთვლელი მანქანა, რომელიც შეკრება-გამოკლებასთან ერთად, გაყოფა-გამრავლების მოქმედების შესრულებასაც შეძლებდა.

მიუხედავად მრავალი შემოთავაზებისა გიორგის გადაუწყვეტია სამშობლოში დაბრუნებულიყო და სწორედ აქ განეხორციელებინა საკუთარი გამოგონების ხორცშესხმა, რომლის შესახებაც წყაროები თითქმის აღარ არსებობს, დაკარგულია მისი ნახაზებიც და ერთადერთი ის არის ცნობილი, რომ მისი პირველი მოდელი 1936 წლამდე მოსკოვის უნივერსიტეტში იყო გამოფენილი, თუმცა მისი ბედიც უცნობია.

საინტერესოა, რომ ნიკოლაძეს გეომეტრიის და ზოგადად მათემატიკისადმი მიდრეკილება ბავშვობიდან გასჩენია, მაგრამ არ გაუვლია რაიმე სპეციალურ სასწავლო პროგრამა ამ დარგში, რითიც კიდევ უფრო მეტად გვაკვირვებს. ის პოეზიითაც კი ყოფილა გატაცებული და არაერთი ნაშრომიც შეუქმნია. ამასთანავე,  მანვე მოგვცა ილია ჭავჭავაძისა და გრიგოლ ორბელიანის მხატვრული შემოქმედების ღრმა ანალიზი.

ნიკოლაძეს საბოლოოდ ფილტვების ორმხრივი კრუპოზული ანთებით გარდაიცვალა. სამწუხაროა, რომ მისი გარდაცვალების ზუსტი თარიღიც კი კითხვის ნიშნის ქვეშ არის, ზოგი ცნობით, ის 1928 წელს გარდაიცვალა, არსებობს წყაროები სადან ამ თარიღად 1931 წელია მიჩნეული.  „დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიანო” – უთქვამს ნიკო ლორთქიფანიძეს და დასანანია, რომ  ამდენად ცოტა ყურადღება ეთმობა სხვადასხვა ეპოქის გამორჩეულ პიროვნებებს, რომელთა სახელი ერთეულებსღა თუ ახსოვთ.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid