close
გამოგონება - ინოვაციასაქართველოტექნოლოგიები

ბიზნესმენეჯმენტის მრავალფუნქციური პლატფორმა ,,თსუ ინოვაციის“ ფინალისტი გუნდისგან

 12 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  პროექტის – „თსუ ინოვაცია“ დაჯილდოება გაიმართა. სტუდენტ ფიზიკოსთა საინიციატივო ჯგუფის პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტის სტუდენტებმა თავიანთი ინოვაციური იდეები წარმოადგინეს, მოსულ დამთვალერებელს ადგილზევე შეეძლო გასცნობოდა აქ წარმოდგენილ 8 პროექტს, რომელთა შორის სამი საუკეთესო სტარტაპი 5000 ლარის ოდენობის საპრიზო ფონდით დასაჩუქრდა, მათ შორის პროექტი „Stellar-business management system-ი“, რომლის შესახებაც იდეის ერთ-ერთ ავტორს – ოთარ ქავთარაძეს ვესაუბრეთ.

გუნდი, რომელსაც ეკუთვნის „Stellar-business management system-ი“ ოთხი წევრისგან შედგება, ესენი არიან – რევაზ კაკაბაძე, ავთანდილ ოზიაშვილი, ლუკა კაკაბაძე და ოთარ ქავთარაძე, აღსანიშნავია, რომ ისინი სხვადასხვა უნივერსიტეტისა თუ ფაკულტეტის წარმომადგენლები არიან და მიუხედავად მრავალპროფილური ინტერესებისა უკვე წელიწად-ნახევარია ერთი მიზნის გარშემო გაერთიანდნენ.

„Stellar-business management system-ი“ არის თანამედროვე პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ერთ სივრცეშია გაერთიანებული შეკვეთების მიღების, ავტოპარკისა და თანამშრომლების კონტროლის სისტემა. მოწყობლობას, რომელიც ტრანსპორტში განთავსდება, აქვს მარტივად გასაგები რეპორტინგი და რაც ყველაზე მთავარია, კომპანიებს აძლევს საშუალებას რეალურად შეამცირონ საკუთარი ხარჯები და დანერგონ ეფექტური მენეჯმენტისა თუ აღრიცხვიანობის სისტემა კომპანიაში.

„Stellar-ის“ სისტემას აქვს GPS-და OBDტრეკერები, საწვავის საზომები, IPკამერები, ყველა ამ მოწყობილობას კი სჭირდება პლატფორმა, რომელიც,  „Stellar-ის“ შემთხვევაში, ერთ მოწყობილობაშია გაერთიანებული. GPSმომსახურება გულისხმობს პირდაპირ რეჟიმში ავტოპარკის თვალყურის დევნებას, მარშრუტების დაგეგმვას, ადგილზე მიტანის სერვისებისთვის შეკვეთების მიღების ელექტრონულ სისტემას, ყოველდღიური რუკების შედგენასა თუ ობიექტების დატანას ამ რუკებზე. საკმაოდ მნიშვნელოვანია საწვავის ზუსტი ზომვის სისტემა  და კამერები, რომელთა საშუალებითაც თანამშრომლებს აღარ დასჭირდებათ საშვები არც სამსახურში და არც პარკინგზე, ვინაიდან პლატფორმა თავად გააკეთებს პერსონალისა და ავტომობილების ინდენტიფიკაციას, აღრიცხავს მათი სამსახურში გამოცხადებისა და წასვლის დროებს.

„წარმოიდგინეთ, ხართ მენეჯერი და მხოლოდ მაუსზე ხელის დაჭერით გებულობთ თუ ვინ რომელ საათზე მოვიდა ან წავიდა სამსახურიდან, დაარღვია თუ არა მარშრუტი თქვენმა ავტოპარკმა, ვინ რამდენი საწვავი დახარჯა, ვის რა ნაწილი გაუფუჭდა. ასევე, ამოწმებთ თქვენ თანამშრომლების მიერ ქსელში შესრულებული სამუშაოს ხარისხს, რაც საკმაოდ ამცირებს გაწეულ შრომასა და ხარჯებს,“ – აღნიშნავს ოთარი.

ამ ეტაპზე, „Stellar-ის“ პლატფორმა სატესტო რეჟიმში მუშაობს და საპრიზო ფონდიც სრულიად მოხმარდება მისი პროტოტიპირების და მოწყობილობების დატესტვის პროცესს, სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, გუნდი აპირებს „სტარტაპ საქართველოს“ ახლადგამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას და საკუთარი იდეების კიდევ უფრო ფართო საზოგადოებისთვის წარდგენას, რის შემდეგაც, უკვე შესაძლებელი იქნება ადგილობრივი თუ უცხოური ბაზრების ათვისებაც.

 

 

მასალა მოამზადა:  თამარ  დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid