კომპანია ,,ჯეოსელის“ ინიციატივით ახლახან გამოცხადდა სტიპენდია ქალებისთვის, რომელიც სრულად ფარავს ჯეოლაბში სწავლების საფასურს. ,,დოქტრინა“ გაესაუბრა ჯეოლაბის სოციალური მედიის მენეჯერს – ვაკო ქვაჩახიას, რომელმაც დაწვრილებით ისაუბრა სტიპენდიის მიზნებსა და მონაწილეობისთვის საჭირო მოთხოვნებზე.
პროგრამა განკუთვნილია შემოქმედებითი და მოტივირებული ქალებისთვის, რომლებსაც პროექტი აძლევს საშუალებას ისწავლონ ან გაიუმჯობესონ ცოდნა ტექნოლოგიურ სფეროში. თავად იდეა კი, ჩვენს რეალობაში არსებული პრობლემიდან გამომდინარე გაჩნდა, ,,ამ სფეროში ბევრი მამაკაცია და საჭიროა ქალების წახალისება, ბიზნესის პასუხისმგებლობაც ხომ სწორედ მსგავს საკითხებზე ფოკუსირებაა, მეტი ქალი ტექნოლოგიებში!“ – აღნიშნა ვაკომ.
სტიპენდიის მოპოვება ნებისმიერი ასაკის ქალბატონს შეუძლია, ისინი შეფასდებიან და შეირჩევიან განსაკუთრებული კრიტერიუმების საფუძველზე, მთავარია აპლიკანტმა გასაუბრებაზე შეძლოს დამტკიცება, რომ ნამდვილად შეძლებს კურსის ბოლომდე მიყვანასა და მის ფარგლებში მიღებული ცოდნის ცხოვრებაში გამოყენებას.
სასწავლო პროცესი სამითვიან პრაქტიკულ კურსს მოიცავს და მეოთხე თვეში მონაწილეები უკვე თავადვე იმუშავებენ კონკრეტულ პროექტებზე.
დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა 31 მარტამდე შეუძლიათ, რის შემდეგაც, გასაუბრების საფუძველზე, ისინი გუნდებად დაკომპლექტდებიან. სასწავლო კურსი საკმაოდ მრავალფეროვანია და შერჩეული აპლიკანტები მათივე ინტერესების შესაბამისად გადანაწილდებიან შესაფერის პროგრამებზე.
პროექტი შემდეგ პროგრამებს მოიცავს:
- ვებ პროგრამირება (PHP/ NET MVC)
- მობაილპროგრამირება (iOS/AndroidJAV)
- ინტერფეისის დიზაინი
- 3D დიზაინი
- შრიფტის დიზაინის საფუძვლები და ფონტ-ინჟინერია
კონკურსში მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ ბმულს: http://geolab.edu.ge/ka-GE/Home/WomenInTechnologies