close
მედიცინა

ქალებს, რომლებიც დილით ადრე დგებიან, ძუძუს კიბოს განვითარების ნაკლები რისკი აქვთ

იმ ქალებს, რომლებიც ბიოლოგიური  საათის მიხედვით „დილის ადამიანები“ არიან, ძუძუს კიბოს განვითარების  ნაკლები რისკი აქვთ,- ამის შესახებ იმ კვლევის ავტორები აცხადებენ, რომელიც გლაზგოში გამართულ NCRI Cancer Conference-ზე წარმოადგინეს.

ბიოლოგიური საათი

ბიოლოგიური საათი ყველა ადამიანს აქვს, რომელიც 24 საათიანი პატერნის, ე.წ. ცირკადული რიტმის, განმავლობაში ორგანიზმის მუშაობას მართავს. ბიოლოგიური საათი განსაზღვრავს ყველაფერს – როდის ვიძინებთ, როგორ განწყობაზე ვართ და გულის შეტევის რისკსაც კი.

დილის ადამიანები „ტოროლები“ ადრე დგებიან და საღამოს ადრე გრძნობენ დაღლას.

საღამოს ხალხს, ანუ „ბუებს“ ადრე ადგომა უჭირთ, საღამოს საათებში უფრო პროდუქტიულები არიან და გვიან იძინებენ.

 რა კავშირშია ბიოლოგიური საათი ძუძუს კიბოსთან?

მეცნიერებმა დნმ-ის 341 ნაწილაკი გამოიკვლიეს, რომელიც განსაზღვრავს, „ბუ“ ხართ, თუ „ტოროლა“. მათ ეს ცოდნა ბრიტანეთის ბიობანკის პროექტში ჩართულ 180,000 ქალსა და ძუძუს კიბოს ასოციაციის კონსორციუმის კვლევაში მონაწილე 230,000 ქალზე ექსპერიმენტის ჩასატარებლად გამოიყენეს.

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მათ, ვინც გენეტიკურად ისე არიან დაპროგრამებული, რომ „ტოროლები“ უნდა იყვნენ, ძუძუს კიბოს გაცილებით ნაკლები რისკის ქვეშ იმყოფებიან, ვიდრე „ბუები“.

თუმცა ეს პირველადი კვლევის შედეგია, რაც შემდგომ კვლევებზე დაფუძნებულ მტკიცებულებებს მოითხოვს. არსებობს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოქმედებს ბიოლოგიური საათი ძუძუს კიბოზე : ახდენს თუ არა ზეგავლენას იმუნიტეტზე, ჰორმონალურ დონესა და მეტაბოლიზმზე.

კვლევის შედეგები მეცნიერთა ვებგვერდ bioRxiv-ზე გამოქვეყნდა.

წყარო : BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0