close

 ,,Bubblestack-ი“არის ,,სტარტაპ საქართველოს” მიერ დაფინანსებული კიდევ ერთი გუნდი, რომელმაც წარმატებით გაიარა ბიზნესისთვის ყველაზე რთული – საწყისი ეტაპი, შექმნა რეალური პროტოტიპი და უკვე მზადაა ბაზარზე აქტიურად შესასვლელად.  გუნდმა შექმნა ჰიდროფონიკული სისტემა, რომელიც გულისხმობს მცენარეების გაზრდას ნიადაგის გარეშე, წყლის თხელ ნაკადში. ,,დოქტრინა“ დაინტერესდა საკითხით და გაესაუბრა იდეის ერთ-ერთ ავტორს –  ნიკა ჩხიკვიშვილს.

,,Bubblestack-ს” სამი დამფუძნებელი ჰყავს – ნიკა ჩხიკვიშვილი, ქეთი ხულუზაური და დათო გოქაძე.  ნიკასა და დათოს სამუშაო სფერო ინფორმაციულ ტექნოლოგიებს მოიცავს, ხოლო ქეთის – ბიზნესგანათლება და გამოცდილება აქვს. ნიკამ აღნიშნა, რომ გარკვეული პერიოდი ქიმიითაც იყო დაინტერესებული, რამაც დიდად შეუწყო მას ხელი აღნიშნულ საქმეში.

            იდეა საქართველოსთვის საკმაოდ აქტუალური პრობლემიდან გამომდინარე გაჩნდა, ვინაიდან ჩვენს ბაზარზე ნაკლებადაა შესაძლებელი ახალდაკრეფილი  და პესტიციდებისგან თავისუფალი ხილ-ბოსტნეულის შეძენა, ,,ჩვენს აგრარულ სფეროს ძალიან სჭირება მაღალი ტექნოლოგიები – ძნელია, იმ ადამიანების ყურება, ვინც მთელი წელი შრომობს და ხუთწუთიანი სეტყვის გამო ყველაფერს კარგავს; შესაბამისად, სოფლის მეურნეობაში მუშაობა არავის უნდა, რადგან ეს არანორმალურ შრომასა და დაბალ შემოსავალთან ასოცირდება, არადა მსოფლიოს მოსახლეობა იმდენად სწრაფად იზრდება, რომ 2050 წლისთვის საჭირო იქნება არსებული საკვების წარმოების გაორმაგება, იმისთვის რომ 9 მილიარდი ადამიანის საკვებზე მოთხოვნილება დაკმაყოფილდეს,“ -აღნიშნა ნიკამ.

საერთოდ, ჰიდროფონიკა ნიშნავს მცენარეების გაზრდას ნიადაგის გარეშე, წყალში, რომელშიც  მცენარისათვის საჭირო მინერალებია გახსნილი. ამ მეთოდით მოსავალის მოყვანა შეიძლება ყველგან,  მთაშიც, უდაბნოშიც და კოსმოსშიც, თანაც წელიწადის ნებისმიერ დროს. დღეს განვითარებულ ქვეყნებში ყველაფერი, რისი მოყვანაც ჰიდროფონულად მომგებიანია ღია გრუნტზე ფაქტობრივად აღარ მოჰყავთ (სალათის ფურცელი, მწვანილი, კიტრი, პომიდორი, მარწყვი და ასე შემდეგ), რადგან ამ მეთოდს 90%-ით ნაკლები წყალი, 10-ჯერ ნაკლები ფართობი სჭირდება და არ საჭიროებს პესტიციდებს. მაგალითად, ისრაელი, რომელიც ჩვენზე პატარა ქვეყანაა და, ფაქტობრივად, უნაყოფო ნიადაგით გამოირჩევა, ამ მეთოდის შედეგად არამხოლოდ საკუთარ ბაზარს, არამედ სხვა ქვეყნებსაც ამარაგებს.

როგორც ჩანს, ჰიდროფონიკული მეურნეობის მართვა ავტომატიზაციის გარეშე, ძალიან რთულია, რადგან ის ბიოლოგიის, ქიმიის და ფიზიკის კარგ ცოდნას საჭიროებს და ორმოცამდე პარამეტრის, იქნება ეს მარილიანობა, მჟავიანობა, ჟანგვა-აღდგენის პოტენციალი, ტემპერატურა, ტენიანობა, განათება და სხვა მრავალი,  უწყვეტ რეჟიმში მართვას მოითხოვს, ამასთანავე, მცენარის ზრდაც სხვადასხვა ფაზაში სხვადასხვა ტემპით მიმდინარეობს. ამიტომაც გუნდმა შექმნა ავტომატიზაცია, რომელიც მცენარის ჩარგვიდან მოსავლის აღებამდე მიმდინარე პროცესებს ავტომატურად მართავს და მისი დახმარებით ჰიდროფონიკული მეურნეობის მართვას შეძლებს ყველა, ისინიც კი, ვისაც სოფლის მეურნეობაში არავითარი გამოცდილება არ აქვთ.

აღნიშნული მეთოდი, ეკოლოგიურ უპირატესობებთან ერთად, მომგებიანიცაა, რადგან იდეალური პირობების გამო მცენარეები სწრაფად იზრდება და თან მთელი წლის განმავლობაშია მოსავლის აღება შესაძლებელი,  როგორც ნიკამ ხაზი გაუსვა, ამ მეთოდით, მაგალითად, სალათის ფურცლის მოსავალი წელიწადში 15-ჯერ მიიღება, რადგან 1 მოსავალს მხოოდ 21-24 დღე სჭირდება.

ამ ეტაპზე გუნდს აქვს ლაბორატორია, სადაც პროტოტიპი შეიქმნა და დაიტესტა, ახლა კი მის განვითარებას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს, ,,ძალიან გვინდა ურბანული ფარმინგის განვითარება, რაც დიდ ქალაქებში მცირე და საშუალო ზომის ჰიდროფონიკული მეურნეობების შექმნას გულისხმობს, რათა უმაღლესი ხარისხის, პესტიციდების გარეშე მოყვანილი პროდუქტი მოკრეფვის დღესვე განთავსდეს სუპერმარკეტებში, რაც გაცილებით უფრო სასარგებლო იქნება მომხმარებლისთვის“ -აღნიშნა ნიკამ დასასრულს.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid