ქართულ-ოსური ურთიერთობებს მრავალწლიანი ისტორია აქვს, რაც არა მარტო გეოგრაფიული თუ ისტორიული, არამედ კულტურული ხასიათისაა, ეს თავის თავში ლიტერატურულ, ფოლკლორულ თუ სხვა სახის კავშირებს მოიცავს.
ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ქართულ-ოსურ კონფლიქტზე და ამ კონფლიქტის განმაპირობებელ მიზეზებზე , მაგრამ საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, მაგ: კოსტა ხეთაგუროვი, რომლის შემოქმედება არა რომელიმე კონკრეტული ერის, არამედ მსოფლიოს საკუთრებაა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, ვისაუბრო იმ თემებზე, რომლებსაც თითქმის არავინ ეხება.
2008 წლის ომმა, საბედნიეროდ, ვერ გაწყვიტა ქართულ-ოსური ლიტრატურული ურთიერთობები, იქნებ, სწორედ ეს იქცეს იმ მთავარ ქვაკუთხედად, რომელიც აღადგენს გაწყვეტილ კავშირს.
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში არსებულმა პრობლემებმა და დროებითმა გათიშვამ ამ ორ მხარეს შორის, დავიწყებას მისცა უამრავი ოსური კულტურული ძეგლი, მწერალი, ნაწარმოები, ამ კულტურის ამსახველი სხვადასხვა ნამუშევარი და ა.შ. თუმცა, ურთიერთობების აღდგენის საუკეთესო გზას, უპირველეს ყოვლისა, სწორედ კულტურული საერთო მახასიათებლების პოვნა განაპირობებს.
საუკუნეთა განმავლობაში ოსი ხალხის ისტორიული ცხოვრება აისახებოდა და ვლინდებოდა ფოლკლორში. იგი გამოირჩევა ჟანრული მრავალფეროვნებით. ზეპირსიტყვიერების მნიშვნელოვანი ძეგლია ნართაული ეპოსი, რომელიც ისე მდიდრად და სრულყოფილად არცერთ ერს არ შემორჩენია, როგორც ოსებს. ნართების ეპოსი ოსური ზეპირსიტყვიერების შედევრია, სადაც წარმოდგენილია მარადიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ტრადიციები. ეს არის სამყარო, რომელშიც უმაღლესი ეთიკური და მორალური წესების დამცველი გმირები არიან გაერთიანებულნი. თვითონ სიტყვა ,,ნართი“ გულუხვ, დოვლათიან, უზადო დიასახლისს ნიშნავს. ოსები ძველ თქმულებებსა და სიმღერებში თავიანთ თავებს ნართებს უწოდებნენ. თქმულებათა გმირები რამდენიმე თაობის მანძილზე ერთი-მეორეს მამაპაპიდანვე მოსდევდნენ.
ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 90-იან წლებში ოს მასწავლებელს – ვასილ ცორაევსა და ცნობილ ქართველ მწერალს – დანიელ ჭონქაძეს ჩაუწერიათ ნართების რამდენიმე თქმულება და გადაუციათ გამოჩენილი რუსი მეცნიერის- აკადემიკოს შიფნერისათვის. შიფნერმა ყურადღებით განიხილა ისინი და 1868 წელს რუსეთში აკადემიის ,,მოამბეში“ დაბეჭდა. ასევე, მეორე მეცნიერმა – ვ.პფაფმა თვითონ მოიარა ოსეთი და ჩაიწერა რამდენიმე თქმულება ნართებზე, განსაკუთრებით სისრულიათაა ჩაწერილი თქმულება ბათრაძზე. აგრეთვე, აღსანიშნავია ოსური მეცნიერებისა და ისტორიის ფუძემდებლის- ვსევოლოდ მილერის მოღვაწეობა, რომლმაც კარგად შეისწავლა ოსური ენა და ფოლკლორი. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ოსმა ინტელიგენციამ შეიტყო, თუ რა განძს წარმოადგენს ნართების ეპოსი და ეს არა მარტო ოსების, არამედ, ჩვენთვის, ქართველებისთვისაც, სააამაყო უნდა იყოს.
ფრანგი მეცნიერი – ჟორჟ დიუმეზილი: ,,არსებობს მრავალი საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ წარმოდგენები ნართებზე და უმთავრესი პერსონაჟები, რომლებიც გამოსახავენ ამ წარმომადგენლებს, ოსეთში გაჩნდა.“
,,ნართების“ თარგმანში დიდი წვლილი შეიტანეს გიორგი ლეონიძემ, ს.ფაშალიშვილმა და გ. გორგიძემ.
საინტერესოა, რატომ აქცევდნენ მეცნიერები ასეთ ყურადღებას ნართების ეპოსს?! საქმე ისაა, რომ ნართების ეპოსი წარმოშობილია უძველესი დროიდან და მასში კარგად ჩანს უძველესი საზოგადოების ცხოვრება. ამ ნაშრომების უდიდესი ნაწილი 2 000 წელზე მეტი ხნისაა და აქვს ისეთი მხატვრული თვისებები, რომლებიც მას მსოფლიოს მოწინავე ეპოსთა რიგში აყენებს. საიდან ჩანს, რომ უძველესი დროიდან არის წარმოშობილი? – იქიდან, რომ მათში გადმოცემული სამეურნეო წყობა, მითოლოგიური თქმულებები და სხვ. გვიხატავენ ადამიანთა ცხოვრების უადრეს პერიოდს. მილერისა ვარაუდით, ნართების ეპოსი მრავალი მოტივით უკავშირდება სკვითურ ტომებს. საინტერსოა, რომ ნართების ეპოსში გვაროვნული წყობაში ქალს უმაღლესი მდგომარეობა უკავია. ასევე, ჩანს ტოტემიზმის კვალი – ხალხი თავის წინაპრად რომელიმე მხეცს მიიჩნევდა. ნართების მოხუცი ვერხაგის სახელი აღნიშნავს ,,მგელს“, ამიტომ ვერხაგის შთამომავლობა ,,მგლის შთამომავლობად“ იწოდებოდა.
მიუხედავად ტრაგიკული მომენტებისა, ნართების ეპოსი მთლიანად ოპტიმისტური ხასიათისაა – ნართები არასდროს კარგავენ იმედს. საინტერესოა, რომ მათი მტრები დევები არიან და ისინიც ხშირად ამარცხებენ მათ. აღსანიშნავია, რომ იგივე დევების თემატიკა ხშირად გვხვდება ქართულ თქმულებებსა თუ ზღაპრებში.
მდიდარი და მრავალფეროვანია ოსი ხალხის ზეპირსიტყვიერება: ნართების თქმულებები, დარეჯანის ძეთა ამბები, ცალკეული თქმულებები, ზღაპრები, დატირებები, ლოცვები, აგრეთვე – ე.წ. მცირე ჟანრები – იგავები, ანეკდოტები ან მხიარული ხაბარები ( ამბები).
ოსურ მითოლოგიში დიდ ადგილს იჭერს ღვთაება ვასთირჯის. ეს სიტყვა ერთგვარი კომპიზიტია და სამი ფუძისგან შედგება – ვუაც – წმინდა, სთირ – დიდი, ჯი, ჯიორ -გიორგი. ანუ – წმინდა დიდი გიორგი.
რაც შეეხება პირველ ბეჭდურ გამოცემებს – ოსურ ენაზე პირველი ნაბეჭდი წიგნი
ოსური ლიტერატურა იწყება თ. მამსუროვის შემოქმედებით (1843-1899). იგი 1865 წელს მუსლიმ ოსებთან ერთად გადასახლდა თურქეთში. მისი ნაწარმოებები ძირითადად საბჭოთა პერიოდში გახდა ხელმისაწვდომი.
ოსური პროზის ფუძემდებელია სეკა გადიათი. მისი სოციალურ-ფსიქოლოგიური თხზულებები აღმოცენებულია ფოლკლორულ ტრადიციებზე.
ზოგადად, ოსური ლიტერეტურის დამფუძნებლად კი ბევრისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი კოსტა ხეტაგუროვი – კოსტა ხეთაგათი მიიჩნევა. მან 1899 წელს გამოსცა ლექსების კრებული „ოსური ლირა“ (Ирон фæндыр). სადაც გამოქვეყნდა ლექსები ოსურ ენაზე. ორი წლით ადრე ალექსანდრე კუბალოვმა გამოსცა პირველი სრულტანიანი პოეტური ნაწარმოები. თუმცა, კოსტა ხეთაგუროვის დამსახურება ოსური ლიტერატურის დამკვიდრებაში, უმნიშვნელოვანესად მიაჩნიათ. მას ეკუთვნის პოემები: ..ყუბადი“, ,,მწყემსად“, ,,ფატიმა“( ამ ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმიც არსებობს) და სხვ. მან ოსურ ლიტერატურაში რეალიზმის პრინციპები დაამკვიდრა.
კოსტა ხეთაგუროვს უყვარდა ქართველი ხალხი. ის იცნობდა ალექსანდრე ყაზბეგს, მიხეილ ზაალის ძე ყიფიანს, რომელსაც გარდაცვალების შემდეგ ლექსიც მიუძღვნა (მ. ზ. ყიფიანის გარდაცვალებაზე); დიმიტრი არაყიშვილს და სხვებს. მისთვის კავკასია იყო სამშობლო, ქარველები კი – ძმები. იგი სწავლობდა ქართულ ენას და განსაკუთრებულად უყვარდა ქართული ხალხური მუსიკა.
კოსტა ხეთაგუროვი ხატავდა. ქართული პრესის განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია მის მიერ შექმნილმა წმინდა ნინოს ხატმა. სხვათა შორის, კოსტა ხეთაგუროვის არაერთი ლექსი თარგმნა ქართველმა სიმბოლისტმა პოეტმა – ვალერიან გაფრინდაშვილმა. ხეთაგუროვის თხზულებები თარგმნილია ქართულსა და მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე. ანტიცარისტული ქმედებებისთვის პოეტი ორჯერ იყო გადასახლებული. 1903 წელს კოსტა მძიმედ დაავადდა და შეწყვიტა შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობა.
ლაგოდეხის რაიონის სოფ. არეშფერნის კოსტა ხეთაგუროვის სახელობის საჯარო სკოლაში ასაერთაშორისო ორგანიზაცია “კავკასიურინ მოზაიკა”ყოველწლიურად აღინიშნავს სახალხო დღესასწაულს ,,კოსტაობა”. წელს მისი 157-ე წლის იუბილე აღინიშნა.
ოსი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, კოსტა ხეთაგუროვის ძეგლი 1959 წელს დაიდგა ამავე სოფლის კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სკოლის ეზოში (მოქანდაკე ი. ზანტიევი). ძეგლი 1990-იანი წლების დასაწყისში ააფეთქეს.
2004 წელს ნაირა ბეპიევმა ( ,,კავკასიური მოზაიკას თავმჯდომარე”) ნინო პოპიაშვილთან (პროექტის ავტორთან) და ჟურნალისტთა ჯგუფთან ერთად მოამზადა პროექტი ,,კოსტა ხეთაგუროვის ძეგლის აღდგენა”.
2005 წლის ოქტომბერში ლაგოდეხის რაიონის სოფ. არეშფერნის კოსტა ხეთაგუროვის სახელობის საჯარო სკოლაში კოსტა ხეთაგუროვის ძეგლი (მოქანდაკე მერაბ გაგლოევი) საზეიმოდ გაიხსნა.
ამ ფაქტს საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა – სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები არაქართული ეროვნების ცნობილი მოღვაწეები ქართველ შემოქმედებად არ მიიჩნეოდნენ. სწორედ, ამის გამო ქართული და სხვა კულტურები უკიდურესად გაიმიჯნა, რამაც არაერთი უსიამოვნება მოგვიტანა. ჩვენთვის ხეთაგუროვი მხოლოდ ოსი, თუმანიანი კი – სომეხია და მათი შემოქმედება არაქართულად მიიჩნევა, მაშინ, როდესაც ეს ადამიანები მუდმივად იბრძოდნენ ძმობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის. ხეთაგუროვი თავის მოთხრობაში ,,ჩვენს მთები“ ასეთ რამეს წერს: ,,თუკი კავკასიაში ჩასულხარ და საქართველო არ გინახავს, მაშინ არც კავკასია გინახავს, მეგობარო!“ სხვათა შორის, ამ სიტყვებს რუს მოგზაურს ეროვნებით ოსი მწყემსი ეუბნება.
ქათულ-ოსური ლიტერატურული ურთიერთობების განხილვისას აუცილებელი აღნიშვნის ღირსია ოსი მწერალი და მთარგმნელი – გიორგი ბესთაუთი, რომლის საიუბილეო საღამოები ყოველი წლის 16 მაისს აღინიშნება. გიორგი ბესთაუთი მრავალი პოეტური კრებულის ავტორია. მის ლექსებს თარგმნიდნენ ცნობილი ქართველი პოეტები: ბესიკ ხარანაული, ჯემალ აჯიაშვილი, ჯანსუღ ჩარკვიანი, გიორგი შაჰნაზარი, მორის ფოცხიშვილი და სხვ. გიორგი ბესთაუთმა ოსურ ენაზე თარგმნა ქართველი კლასიკოსების: ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, გიორგი ლეონიძისა და სხვათა ქმნილებები. მან ოსურად აამეტყველა მრავალი თანამედროვე ქართველი პოეტის ლექსი. გიორგი ბესთაუთის განსაკუთრებულ დამსახურებად ითვლება ის, რომ მან ოსურ ენაზე შესანიშნავად თარგმნა შოთა რუსთაველის პოემა ,,ვეფხისტყაოსანი”, რისთვისაც მას მიენიჭა ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია.
არაერთი ქართველი მოღვაწე ყოველნაირად ცდილობდა ოსებისათვის ხელის შეწყობას ყველა კეთილ საქმეში. ოსებს შორის მისიონერობდნენ ქართველი მოძღვრები, მათი ლიტერატურის მთავარი დამფუძნებლის ლექსებს იმთავითვე თარგმნიდნენ ქართველი პოეტები. როცა რუსებმა რუსეთში უგულებელყვეს ოსურ ენაზე სწავლება და კულტურის გავრცელება, ჩრდილო ქართლში (ცხინვალის რეგიონში) ოსური სკოლები, თეატრი, გაზეთი და უმაღლესი სასწავლებელი იხსნებოდა. ოსური ეპოსის ნიმუშების თარგმანი ქართულ ენაზე მე-19 საუკუნის მე-2 ნახევრიდან გვხვდება. ბევრი მათგანი გამოქვეყნებულია ისეთ პოერიოდულ გამოცემებში, როგორიცაა: ,,დროება“, ,,ივერია“, ,,ჯეჯილი“ და სხვ. ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვით ქართველ მწერლებს: ილია ჭვჭავაძეს, ა. წერეთელს, დ.ჭონქაძეს, პ.უმიკაშვილს …
აუცილებელი აღნიშვნის ღირსია ქართველი პროფესორი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი – ავთანდილ ცოტნიაშვილი, რომლის პუბლიცისტური მოღვაწეობის ძირითადი ნაწილი სწორდ ქართულ-ოსური ლიტერატუურლი ურთიერთობების თემატიკას მიეძღვნა, რაც გადმოცემულია მის სადისეტაციო ნაშრომებსა თუ წიგნებში. მათ შორის: ,,ქართულ-ოსური ლიტერატურული ურთიერთობების შესახებ“, ქართულ-ოსური ლიტერატურული ურიერთობების ისტორიიდან მე-19 ს. შუა წლებიდან დღემდე“ ; ,,მე-19 საკუნის დასასრულისა და მე-20 საუკუის დასაწყისის ქართული პერიოდიკა ქართულ-ოსური ურთიერთობების შესახებ“.
ოსურ ენაზე თარგმნილია მსოფლიო ლიტერატურის შედევრები. ოსი და ქართველი ხალხები საუკუნეთა მანძილზე ცხოვრობდნენ კეთილმეზობლურად, ერთობლივად იბრძოდნენ მომხვდურთა წინააღმდეგ და ქმნიდნენ მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლებს. ამ საფუძველზე ვითარდებოდა მათი ლიტერატურული ურთიერთობებიც. ამ ურთიერთობათა შორეული სათავეები ჯერ კიდევ ამირანისა და ამრანის მონათესავე ეპოსებიდან მოჩანს. ოსური ლიტერატურის ბევრმა გამოჩენილმა წარმომადგენელმა რუსეთსა და საქართველოს ცენტრებში მიიღეს განათლება, პირველი ოსური ხელნაწერი (1802) შესრულებულია ქართული გრაფიკით იოანე იალღუზიძის (ი. აღუზათის) მიერ. ქართული გრაფიკის საფუძველზეა შედგენილი აგრეთვე პირველი ოსური ანბანი (1812). ოსური ფოლკლორის ნიმუშები პირველად 1868 წელს გამოქვეყნდა; მასალები შეადგინეს დ. ჭონქაძემ და გ. ცორაევმა. ქართული თემატიკა და ლიტერატურული მოტივები ოსური ლიტერატურისთვის დასაბამიდანვე ახლობელი იყო. ივანე იალღუზუძის პოემა „იალღუზიანი“ (გამოიცა 1885) ერთგვარად ვეფხისტყაოსნის პოეტურ ტრადიციებს ეყრდნობა. საქართველოს, მის ადამიანებს მიუძღვნა თავისი ნაწარმოებები ბევრმა ოსმა მწერალმა (ნ. ჯუსოითიმ, მ. შავლოხოვმა, დ. ჯისოევმა, კავკაზაგმა, გაფეზმა, გ. ძუგაევმა და სხვებმა).
მკვიდრი ტრადიციები აქვს აგრეთვე ოსურ ენაზე ქართული ლიტერატურის ნიმუშების თარგმნას. ვეფხისტყაოსნის ნაწილი პირველად 1938 წელს ითარგმნა, დღეისათვის კი პოემის ორი სრული თარგმანი არსებობს (მ. შავლოხოვის და გ. ბესთაუთის). ოსურ ენაზე თარგმნილია აგრეთვე ქართველი კლასიკოსების ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ვაჟა-ფშაველიას, ნ. ბარათაშვილის, ა. ყაზბეგის, ე. ნინოშვილის, გ. ერისთავის, გ. ტაბიძის, გ. ლეონიძის, ი. აბაშიძის, კონსტანტინე ლორთქიფანიძის და სხვათა ნაწარმოებები.
ქართულ ენაზე თარგმნილია ოსური ლიტერატურის მრავალი ნიმუში, რომლებიც თავმოყრილია წიგნებში: ,,გმირული თაობა“, ,,სამშობლო“ (ლექსები), კრებული სამხრეთ ოსეთის საბჭოთა მწერლების ნაწარმოებებისა, ,,თეთრი მწვერვალები“.
საინტერესოა,რა ხდება დღეს და რა თანამედროვე გამოწვევების წინაშე დგას ქართულ-ოსური ლიტერატურული ურთიერთობები? საბედნიეროდ, კონფლიქტურმა სიტუაციამ ვერ გაწყვიტა მჭიდრო კავშირი და დღეს არაერთი წიგნი გამოიცემა:
2005 წელს გამოიცა ოსური ზეპირსიტყვიერება ქართულ და ოსურ ენებზე. წიგნი შეადგინეს და ქართულ ენაზე თარგმნეს ნაირა ბეპიევმა და მერი ცხოვრებოვამ. მთავარი რედაქტორი: ნაირა გელაშვილი, სპეცრედაქტორი: ნინო პოპიაშვილი.
2007 წელს გამოიცა ქართული მწერლობის ანთოლოგია ოსურ ენაზე და ოსური მწერლობის ანთოლოგია ქართულ ენაზე ორ წიგნად.
ქართული მწერლობის ანთოლოგიაში შესულია რუსთაველის, სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის, გიორგი ლეონიძის, რეზო ინანიშვილისა და სხვა ქართველი მწერლების ნაწარმოებები.
ოსური მწერლობის ანთოლოგიაში შესულია: თემირბოლათ მამსუროვის, კოსტა ხეთაგუროვის, ინალ ყანუყათის, სეკა გადიათის, გიორგი ბესტაუთის, ქუძაგ ძესთის და სხვა ოსი მწერლების ნაწარმოებები.
შემდგენლები: ნაირა ბეპიევი, ნაფი ჯუსოითი, მერი ცხოვრებოვა. მთავარი რედაქტორი: ნაფი ჯუსოითი, რედაქტორი: ნინო პოპიაშვილი.
2008 წელს გამოიცა პირველი ოსი მწერლის, თემირბოლათ მამსუროვის ლექსების კრებული ,,ოსური სიმღერები” ქართულ და ოსურ ენებზე. მთარგმნელი: ნაირა ბეპიევი, მთავარი რედაქტორი: ნაფი ჯუსოითი, რედაქტორი: ნინო პოპიაშვილი
2009 წელს გამოიცა ოსური თქმულებები ქართულ და ოსურ ენებზე. წიგნში პირველად ქვეყნდება ცარციათების ეპოსი, ლეგენდები, თქმულებები და წეს-ჩვეულებები, რომლებიც ჩაწერილია საველე ექსპედიციების შედეგად. ტექსტები შეადგინეს ნაირა ბეპიევმა და ნინო პოპიაშვილმა, თარგმნა ნაირა ბეპიევმა, რედაქტორები: ტამერლან გურიევი, ზურაბ კიკნაძე.
აღსანიშნავია, ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონი, რომლის შემდგენელი და მთავარი რედაქტორი ორგანიზაცია ,,კავკასიური მოზაიკის“ თავმჯდომარე – პროფ. ნაირა ბეპიევი გახლავთ.
აგრეთვე, 2014 წელს გამოვიდა ნართების ეპოსის ორენოვანი გამოცემა და ოსურ-ქართული და ქართულ-ოსური ლექსიკონების მეორე გამოცემა. . კრებულში შესული ტექსტების დიდი ნაწილი პირველად ქვეყნდება. ნართების ეპოსი მხატვრულად გააფორმეს ქართველმა და ოსმა მხატვრებმა.
ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონები სრულიად ახალი მოვლენაა ქართველებისა და ოსების კულტურულ-საგანმანათლებლო ისტორიაში. ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონები მთლიანობაში 50 000-ზე მეტ სიტყვას მოიცავს. ლექსიკონების შემდგენელი და მთავარი რედაქტორია ნაირა ბეპიევი. ლექსიკონებს ერთვის ოსური ენის გრამატიკული ნარკვევი (აკადემიკოსი ვასილ აბაევი) და ქართული ენის გრამატიკული მიმოხილვა (აკადემიკოსი ავთანდილ არაბული). წიგნს დართული აქვს გამოყენების წესები ოსურ და ქართულ ენებზე, ოსური და ქართული ანბანი ტრანსკრიპციით, ასევე – შემოკლებები, განმარტებები და სხვა. ლექსიკონი პირველად გამოიცა 2012 წელს, თუმცა დიდი ინტერესის გამო მისი მეორე გამოცემა განხორციელდა.
როგორც ნართების ეპოსის ორენოვან გამოცემაზე, ასევე ლექსიკონების გამოცემაზე მუშობდნენ ქართველი და ოსი მეცნიერები და მთარგმნელები თბილისიდან და ცხინვალიდან.
იმ ფონზე, როდესაც რეალურად, ქართველ და ოს ხალხს შორის ე.წ. გეოგრაფიული საზღვრები არსებობს, სასიამოვნო ფაქტია ის, რომ კულტურული ურთიერთობები ნაწილობრივ მაინც გრძელდება, მაშინ, როდესაც დიპლომატიას ძალას კარგავს, თუ რამეს შეუძლია ამ გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენა- ეს კულტურა და ხელოვნებაა.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ,,საქართველოს ეთნოგრაფია“ – როლანდ თოფჩიშვილის რედაქციით. თბილისი. 2010. (გვ, 189-217)
- ,,ნართები“ ( 1947წ.) -თარგმნილია ოსურიდან გ.ლეონიძის, გ. გორგიძის და ს. ფაშალიშვილის მიერ ( გვ. 7-22)
- ,,ოსური თქმულებები“ ნაირა ბეპიევა და ნინო პოპიაშვილი ( გვ. 3-8)
- ,,ოსური ზღაპრები და ლეგენდები“ -შეკრებილია დუდარ ბეგიზოვის მიერ. 1957 წ. ( გვ. 3-22 )
- http://caucasianmosaic.com/index.php?action=2.1&id=8&lang=geo
- ინტერნეტი – ბოლო ნახვა 19 ოქტომბერი
- https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%95%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9A_%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98
- ინტერნეტი – ბოლო ნახვა – 18 ოქტომბერი
- http://presa.ge/new/?m=lit&AID=7344
- ინტერნეტი – ბოლო ნახვა, 19 ოქტომბერი
მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”