„ქართული ფერწერის დიდოსტატი“ – ასე შეამკო ლადო გუდიაშვილმა მთიული შემოქმედი -ილო პატაშური. ფერმწერის ნახატები, რომლებიც ამაღლებული ემოციებით, ფერთა შეხამებით, ექსპრესიულობითა და უსაზღვრო სიყვარულითაა სავსე, არაჩვეულებრივად ირეკლავს ავტორის პიროვნებას.
როგორც ილო პატაშური იხსენებს, ბავშვობაში ნახშირით ხატავდა კლდეებზე, ლოდებსა და სოფლის სახლის კედლებზე. 1948 წლის მარტში, სოფელ ხევშაში, სკოლიდან სახლში მიმავალმა, თვალი მოჰკრა მხატვარს, რომელიც სოფლელ ქალს ხატავდა. ახლოს რომ მივიდა, მხატვარი გამოეცნაურა, მთიული ბიჭუნას ნახშირით დახატული კომპოზიციები დაათვალიერა, ფერადი ფანქრები და სახატავი ფურცლები აჩუქა და უწინასწარმეტყველა კიდეც, რომ დიდი მხატვარი გახდებოდა, თუკი ამ ურთულეს გზას გაჰყვებოდა. ბიჭი გაოგნებული გამობრუნდა, თანაც ისე, რომ მხატვრისთვის სახელიც არ უკითხავს. მოგვიანებით, როცა უკვე სასწავლებელში ჩააბარა, ხელმძღვანელმა მთელი ჯგუფი წაიყვანა გამორჩეული მხატვრის, ლადო გუდიაშვილის, გამოფენაზე, სწორედ იქ ამოიცნო თანასოფლელის პორტრეტი და მიხვდა, რომ ჯერ კიდევ პატარა ასაკში გზა ლადო გუდიაშვილს დაულოცავს. ბავშვობის შთაბეჭდილებები დღემდე არ განელებია, სასიამოვნო მოგონებად ჩაებეჭდა ეს შეხვედრა და დღესაც დიდი აღელვებით იხსენებს.
სკოლის დამთავრების შემდეგ იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში გააგრძელა სწავლა, სადაც ხუთი წელი დაყო. მერე კი თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩაირიცხა, სწავლის დასრულების შემდეგ წარჩინებული სტუდენტი ერთი წელი ლაბორანტი გახლდათ, ხოლო მოგვიანებით – ლექტორი. წლების განმავლობაში იყო პეიზაჟის სახელოსნოს ხელმძღვანელი, ორიოდე წლის წინ, როგორც თავად აღნიშნა, ასაკის გამო დატოვა აკადემია. საკუთარი ხელწერის მქონე ოსტატს შესისხლხორცებული აქვს ვაჟა-ფშაველას სიტყვები: „ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელი თავის ძალ-ღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოგდება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქნება მთელი კაცობრიობისათვის“. ილო პატაშურმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა მხატვრობას და ამ გზით დღესაც აგრძელებს ერთგულად, დაუღალავად სამშობლოს სამსახურს.
მხატვარს პირველი პერსონალური გამოფენა 1961 წელს დუშეთში ჰქონდა. მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოფენაში, მათ შორის: ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, ინგლისისა და სხვა ქვეყნების გალერეებში. იგი არის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ჩოხოსანთა საზოგადოების რაინდთა წევრი. 1982 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი წინაპრები იყვნენ არაგვის ხეობის ხევისთავები და ბაგრატიონთა ტახტის მცველ-მსახურნი XVII-XVIII საუკუნეებში.
„მე ვერ ვარსებობ ფუნჯისა და პალიტრის გარეშე. ჩემი შთაგონების საფუძველი, უპირველეს ყოვლისა, მშობლიური ბუნებისა და მთის განუზომელი სიყვარულია, რომელსაც მძლავრად აქვს გადგმული ფესვები ჩემს გულში, მჭიდროდაა დაკავშირებული ჩემს სულთან და მჯერა, რომ ვერაფრის ძალით ვერასდროს მოვშორდები, სწორედ ამიტომ ჩვენი გვარის, პატაშურების, საფლავზე ავაშენე პატარა ბაზილიკური ტიპის ტაძარიც“ – აღნიშნავს ილო პატაშური.
ცნობილია მისი არაერთი ვირტუოზულად შესრულებული, დამოუკიდებელი ესთეტიკური ღირებულების ნახატი, თითოეული მათგანი ისტორიას ჰყვება, საქართველოს, ბავშვობის, ცხოვრების ისტორიას, მათ შორის აღსანიშნავია: „კრწანისის ზარი“„სოფელი ხევშა“, „დიდგორის ბრძოლა“, „დედა“ და ა.შ.
„ჩვენ გარშემო ძალიან ბევრი მხატვარია, მიმბაძველობა მარტივად გამოსდით, თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აკლიათ სიღრმე, ვერ გრძნობენ ეპოქას, იმეორებენ უკვე თქმულს და, შესაბამისად, ვერ ვითარდებიან. ჭეშმარიტი ხელოვანები კი თითქოს თავიანთ ნაშრომებში განსხეულდებიან, კომპოზიციები გვაფიქრებენ, გვასევდიანებენ, ზოგჯერ, პირიქით, ამაღლებულ განწყობილებას გვიქმნიან, თითქოს შეგაგრძნობინებენ ცხოვრების არსს, თანაც უსიტყვოდ, მაგრამ ჩანაფიქრის გაგება არ გიჭირს, რადგან ყველაფერი ნახატშია გადმოტანილი“ – აღნიშნავს ფერმწერი.
განსხვავებული პალიტრის ფერმწერი ამბობს, რომ მხატვრობა მისთვის აზროვნების, სიცოცხლისა და, ზოგადად, ყოფიერების შემეცნების საუკეთესო საშუალებაა.
მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”