close
საქართველო

ქართული ფილმი ,,დედა“ იტალიის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა

რეჟისორის რატი წითელაძის გადაღებული ფილმი  მსოფლიოს მასშტაბით უკვე 100-ზე მეტ საერთაშორისო ფესტივალზე იყო წარდგენილი და ბოლო თვის მანძილზე უკვე მოიპოვა 4 მთავარი პრიზი ფესტივალებზე: 20th Faludi Filmszemle, უნგრეთი. V Mostra de Curtmetratges per la Identitat, ესპანეთი. 5th Tetova International Film Festival, მაკედონია.

ხოლო, CORTO IMOLA FESTIVAL-ის 23-ე ფესტივალზე შესული 1587 ხმიდან მან ყველაზე მეტი ხმა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ იტალიურ ფილმს 74 ხმით აჯობა.

სცენარის ავტორი და მთავარი როლის შემსრულებელი ნინო ვარსიმაშვილი გახლავთ, რომლის მიერ განსახიერებული პერსონაჟიც ნათლად დაგვანახებს ქართული რეალობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას. ფილმი ეძღვნება ყველა მარტოსულ დედას, რომელსაც რთულ პირობებში უწევს ცხოვრება, რეჟისორი ამ ფაქტს ოფიციალური Facebookგვერდითაც გამოეხმაურა: ,,საქართველოში, 40,000-მდე მარტოხელა დედაა, რომლებსაც რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება… მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადამიანს შევხვდი, სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერ მოვიპოვე ვერანაირი ინფორმაცია, თუ როგორ ეხმარება სახელმწიფო მარტოხელა დედებს. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტ ყურადღებას გამოვიჩენთ გმირი დედების მიმართ“.

,,რატი წითელაძემ შეძლო, რომ შავ-თეთრი პოეტური სიუჯეტების მიღმა, რომლებშიც დაძაბულობა მუდმივად მატულობს, ეჩვენებინა რეალური ისტორიის მთელი დრამა  მარტოხელა დედის შესახებ, რომელიც იძულებულია საზოგადოებას დაუმალოს საკუთარი შვილის არსებობა, რადგან მას მხოლოდ განკიცხვა და უარყოფა შეუძლია“-ასე შეაფასეს კინოფესტივალზე ქართული ფილმი.

ჯერჯერობით ფილმი მხოლოდ საერთაშორისო ფესტივალებზეა ნაჩვენები, მაგრამ როგორც რეჟისორი იმედოვნებს მალე გახდება შესაძლებელი მისი ქართველი მაყურებლისთვის მიწოდებაც.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid