საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ხორციელდება ,,ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების” პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შექმნილი ელექტრონული სასწავლო–მეთოდური მასალები შემსწავლელებსა და მასწავლებლებს ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლა–სწავლების სრულ პაკეტს სთავაზობს. პროგრამა ხორციელდება ევროპის საბჭოს ენობრივი პოლიტიკის სამმართველოსთან თანამშრომლობითა და ზოგადევროპული ენობრივი კომპეტენციების გათვალისწინებით. სამეცნიერო პორტალი ,,დოქტრინა“ გაესაუბრა პროგრამის ავტორსა და ხელმძღვანელს, ქალბატონ მარიკა ოძელს, რომელმაც დაწვრილებით ისაუბრა ამ წამოწყების შესახებ.
-აღნიშნულ პროგრამას მრავალი ანალოგი ჰყავს სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა საქართველოში პირველად ხდება მსგავსი მეთოდიკით სწავლების დანერგვა, საინტერესოა როგორ გაჩნდა მისი იდეა და რამ განაპირობა მსგავსი პლატფორმის განვითარება ჩვენს ქვეყანაში?
– წლების წინ ჩვენ შევქმენით ევროპული ენობრივი პორტფოლიო (ELP_European Language Portfolio), რომელიც აერთიანებს ენობრივი კომპეტენციას, როგორც მშობლიურ, ასევე უცხო ენებში, თავდაპირველად ის განკუთვნილი იყო საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ ქართული ენის შესწავლით. მოგვიანებით ამ პროგრამის მიერ შემოთავაზებულმა ფრაგმენტებმა, მეთოდებმა თუ მიდგომებმა ბიძგი მისცა „ქართული, როგორც უცხო ენის“ პირველადი სტანდარტის შექმნას 2012 წლის მიწურულისაკენ. 2012 წლამდე ქართულ სივრცეში არ არსებობდა დონეების მიხედვით შექმნილი ლექსიკონი, ასევე არ გვქონია სიხშირული ლექსიკონი, შესაბამისად, მსგავს ნიადაგზე შექმნილი პროგრამა დღესაც განვითარების გზაზეა და კვლავაც ვცდილობთ მის გაუმჯობესებას.
– რაც შეეხება თვითონ მეთოდიკას, როგორ ხორციელდება აღნიშნული სტანდარტით სწავლება?
– ჩვენ აღნიშნული პროგრამის გერმანულ და ფრანგულ ანალოგებზე დაყრდნობით შევქმენით ,,ქართულის, როგორც უცხო ენის“ მეთოდიკის პირველი სახელმძღვანელო. ამის შემდგომ, უკვე გადავწყვიტეთ შეგვექმნა სახელმძღვანელოები დონეების მიხედვით. აღსანიშნავია ისიც, რომ იქამდე უცხოელებისთვის განკუთვნილი ქართული ენის ერთენოვანი სახელმძღვანელო არ არსებობდა, შესაბამისად ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ეს არ არის თვითმასწავლებელი და განკუთვნილია ინდივიდუალური ან ჯგუფური სწავლებისთვის, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი. არსებობს, როგორც სახელმძღვანელო ,,აღმართი“, ისევე შესაბამისი სამუშაო რვეული, ხოლო მასალა მოიცავს, როგორც წერილობით სამუშაო დავალებებს, ასევე მოსასმენს. აქ განთავსებული ბუნებრივი და ცოცხალი დიალოგები, შესაბამის დავალებებთან ერთად საშუალებას იძლევა, რომ დაინტერესებულმა პირმა დიდი წვალების გარეშე გაითავისოს ენის ძირეული სპეციფიკა.
– როგორია ამ პროგრამის მომხმარებელი იმ ქვეყნების ამჟამინდელი სტატისტიკა, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ თქვენთან?
– დღესდღეობით თურქეთის რამდენიმე ქალაქში უკვე არსებობს ქართული ენისა და ლიტერატურის ბაკალავრიატი და უკვე ჰყავთ ამ სპეციალობის კურსდამთავრებულების ორი გამოშვება, მათი რაოდენობა კურსზე დაახლოებით 20 სტუდენტია, თუმცა სამომავლოდ ვიმედოვნებთ, რომ ეს რიცხვიც გაიზრდება. გასულ წელს განათლების სამინისტროს ინიციატივით თურქი სტუდენტები ერთი კვირით ესტუმრნენ საქართველოს და ჩვენ ვეცადეთ უფრო ახლოს გაგვეცნო მათთვის საქართველოს კულტურა. პროგრამას წარმატებით იყენებენ პეტერბურგშიც, სადაც ასევე არის ქართული ენის სპეციალური კურსები. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ადგილებში ცდილობენ ჩვენი პროგრამა თავისებურად მოირგონ და ჩვენთან შეთანხმებით ახდენენ მცირეოდენ მოდიფიკაციებს, რათა მათი სტუდენტებისთვის უფრო გაადვილდეს ენის შესწავლის პროცესი. ჩვენი პროგრამის მომხარებელ ქვეყნებს შორის ხშირად ფიქსირდება ბრაზილია, ჩინეთი, ირანი, რუსეთი და ა.შ თუმცა სტატისტიკით, ბუნებრივია, კვლავ საქართველოში მცხოვრებნი დომინირებენ.
– აქვს თუ არა პროგრამას რაიმე შეზღუდვა და ვისთვისაა ის ხელმისაწვდომი?
-პროგრაა ხელმისაწვდომია ყველა მსურველისთვის, რომელიც ესტუმრება ჩვენს საიტს geofl.ge, საიდანაც მათ თავისუფალი წვდომა ექნებათ ონლაინსახელმძღვანელოებსა თუ ენასთან დაკავშირებულ სხვა მასალებთან. მათ ასევე შეუძლიათ გამოგვეხმაურონ და მოგვმართონ თხოვნებითა თუ შენიშვნებით.
– რა გამოხმაურება ჰპოვა ,,ქართული, როგორც უცხო ენის“ პროგრამამ მსოფლიო მასშტაბით?
– ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სხვადასხვა ქვეყნებიდან გვიკავშირდებიან და მადლობას გვიხდიან გაწეული სამსახურისთვის, რამდენიმე მათგანმა საკუთარი სურვილისამებრ რეცენზიებიც კი გამოაქვეყნა ჩვენ შესახებ. ერთ-ერთი მათგანი არის იასუჰირო კოჯიმა და გთავაზობთ ციტატას მისი რეცენზიიდან: ,,ინტერნეტსივრცეში განთავსებული წიგნები მთელს მსოფლიოში ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება და ამით ბევრს ქართული ენის სასწავლებლად უნიკალური საშუალება მიეცემა. განსაკუთრებით სასარგებლო იქნება უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის. მეც პირადად აუცილებლად გამოვიყენებდი იაპონიაში ჩემი ვაჟიშვილისთვის.” (აღსანიშნავია რომ ბატონ იასუჰიროს ჰყავს ქართველი მეუღლე).
– უახლოეს მომავალში ხომ არ იგეგმება რაიმე ცვლილება და რა სამუშაოები ტარდება ამჟამად პროგრამის განვითარებისთვის?
– პროგრამის ფარგლებში ამჟამად ვფიქრობთ, რომ შევქმნათ ელექტრონული ორენოვანი ლექსიკონი, პარალელურად ვხვეწთ უკვე არსებულ დონეებს (A1-A2, B1-B2) და ამის შემდგომ უკვე დავიწყებთ მუშაობას C დონის შესაბამისი მასალის განთავსებაზეც.
მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”