სტიმპანკი სრულიად ახალი და უჩვეულო ტიპის მიმართულებაა დიზაინში, თუმცა საქართველოში ამ ტიპის პროდუქციის შეძენა უმეტესად მხოლოდ ინტერნეტის საშუალებითაა შესაძლებელი, სწორედ ამიტომ, ახალგაზრდა გოგონების დუეტმა გადაწყვიტა საკუთარი ხელით შეექმნა Gogglesსათვალეების ქართული ანალოგი და, რაც მთავარია, ხელმისაწვდომ ფასადაც შეეთავაზებინა მსურველისთვის. სტარტაპის შესახებ იდეის ერთ-ერთი ავტორი – ქეთა ანდღულაძე გაგვესაუბრა.
–ქეთა, უპირველეს ყოვლისა, საინტერესოა, ვის გაუჩნდა ორიგინალური სათვალეების შექმნის იდეა?
-სტარტაპის შექმნის იდეა ჩემი და ჩემი მეგობრის – ლიკა ბექაურის სხვადასხვა საიტიდან ნივთების გამოწერის მანიამ განაპირობა. ერთხელაც სწორედ ასე გამოვწერეთ „Goggles“ სათვალეები, რომლებიც იაფი ნამდვილად არ ღირდა და იმდენად მოგვეწონა, რომ მოგვინდა გაგვეკეთებინა ყველასთვის ხელმისაწვდომი სტარტაპი. ნელ-ნელა დავიწყეთ ტუტორიალების ძიება, ვნახეთ დამზადების სხვადასხვა მეთოდი. ასევე, გავიხილეთ „Burning Man ფესტივალი”, სადაც თითქმის ყველას ხელნაკეთი სათვალეები („Goggles-ი“) უკეთია, ამგვარად, რამდენიმეთვიანი შრომის შემდეგ, შევქმენით პირველი ქართული Gogglesსათვალები და გავეშურეთ Gem Fest-ისკენ.
-„Steampunk-ი“ საკმაოდ ორიგინალური და უჩვეულო სტილია, როდის დაინტერესდით ამ მიმართულებით?
–Steampunk და Dieselpunk – ჩემთვის ფილმებთან, ქოსფლეისთან და კომპიუტერულ თამაშებთან ასოცირდება. სწორედ კომპიუტერული თამაშებიდან გავიცანი ეს მიმართულებები, ვნახე სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილი ქოსფლეები და აღვფრთოვანდი ადამიანების ნიჭით.
მომწონს XIX საუკუნის ტექნოლოგიის გათანამედროვების იდეა, ამ ყველაფრის გადმოტანა სხვადასხვა აქსესუარში თუ ტანისამოსში. მე და ლიკამ ახალი საერთო ინტერესი აღმოვაჩინეთ და მივიჩნევთ, რომ ეს არის სტილი, რომელიც თავის აქტუალობას არასოდეს დაკარგავს, ყოველთვის საინტერესო იქნება ნებისმიერი თაობისათვის. ამ სტილში შემქნილი ნებისმიერი აქსესუარი თუ ტანისამოსი გაჯერებულია უამრავი ელემენტით და მორგებულია გემოვნების ყველა სტანდარტზე.
-ქეთა, კერძოდ რა ტიპის სათვალეებს გვთავაზობს გვთავაზობს Goggles.ge ?
– ჩვენ ვქმნით სათვალეებს, რომლის გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურ აქსესუარად, ქოსფლეის გასაფორმებლად, სკუტერით თუ ველოსიპედით სასეირნოდ. ჩვენმა ერთ-ერთმა მომხმარებელმა საცურაოდაც კი გამოიყენა და შეგვატყობინა რომ მასში წყალი ნამდვილად არ შედის. ამჯერად ვმუშაობთ ზამთრის კოლექციაზე, რომელიც თოვლზე სრიალისთვის იქნება განკუთვნილი. გეგმაში გვაქვს სხვა აქსესუარების დამზადებაც, თუმცა ამჯერადაც სათვალეებზე ვაკეთებთ აქცენტს. სხვა აქსესუარების დამატება დამოკიდებულია ზამთრის სათვალეების კოლექციის დამზადებაზე. თუ ყველაფერი დროულად მოესწრო, ახალ კოლექციას ზამთრის აქსესუარებთან ერთად შემოგთავაზებთ.
–ტექნიკური თვალსაზრისით რამდენად რთულია აღნიშნული სათვალეების შექმნა?
-სათვალეების შექმნა თავიდან ძალიან გაგვიჭირდა. ახლა უკვე მივიჩნევ, რომ რთულზე მეტად შრომატევადია, დიდ დროს და ყურადღებას მოითხოვს. ჩვენ ვცდილობთ, პროდუქტი მისაღები, ხარისხიანი და შედარებით დაბალფასიანი იყოს. ასევე, მაქსიმალურად ვცდილობთ აქცენტი ნატურალურ პროდუქტზე გავაკეთოთ, სათვალეებს ვაფორმებთ ნატურალური ტყავით და მიზნად დასახული გვაქვს სხვა არანატურალური მასალის საბოლოოდ ამოღება.
-სად შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს თქვენი ნაწარმის შეძენა და დაახლოებით რა ფარგლებში მერყეობს მისი ღირებულება?
–რაც შეეხება ფასებს, სათვალეების ფასი 35 დან 50 ლარის ფარგლებში მერყეობს.ამ ეტაპზე ხშირად ვსტუმრობთ მარკეტებს, მაგრამ ძირითადად მაინც ონლაინგაყიდვებით შემოვიფარგლებით და მსურველებს ჩვენს Facebookგვერდზეც შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ.
მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”