close
გამოგონება - ინოვაციამედიცინასაქართველო

ქართველი ახალგაზრდების გამოგონება, რომელიც პაციენტებს ინსულტის შემდეგ რეაბილიტაციაში დაეხმარება

           ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიამ (FabLab Iliauni),  გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, 2016 წლის ნოემბერში ჩაატარა მეიქათონი – „შენი სტარტაპიდეა რეალობაში“, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებული პროექტი გახდა ხელთათმანი, რომელიც პაციენტს ინსულტის შემდეგ რეაბილიტაციაში ეხმარება.

          პროექტის ავტორი ორი ქართველი ახალგაზრდა, ძმები – გიორგი და დიმიტრი ცხოვრებაძეები არიან.  19 წლის დიმიტრი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის (MIT) ელექტროინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტია, ხოლო გიორგის სულ მალე 18 წელი უსრულდება და  თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლაში (MACs) სწავლობს.

როგორც გიორგიმ ,,დოქტრინასთან“ საუბარში აღნიშნა, ხელთათმანის შექმნის იდეა სწორედ იმ პერიოდში მოუვიდა, როდესაც მეიქათონი ტარდებოდა ილიაუნიში, შემდეგ ძმებმა ერთად დაამუშავეს იდეა, რომელმაც კოპეტენტური ჟიურის მოწონებაც დაიმსახურა.

აღნიშნული ხელსაწყო შექმნილია ადამიანებისთვის, რომლებიც ინსულტის შემდეგ რეაბილიტაციას საჭიროებენ. სტატისტიკურად, წელიწადში საშუალოდ 15 მილიონ ადამიანს ემართება ინსულტი, რის შემდეგაც პაციენტი, როგორც წესი, კარგავს კიდურების მოძრაობის უნარს და საჭიროებს ხელახლა აღიდგინოს მოძრაობის უნარი, რომელიც ქვეითდება ინსულტის დროს. მოძრაობის უნარის დაბრუნებას რამდენიმე თვე სჭირდება, რაც ასევე საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული (აღემატება 10 000 აშშ დოლარს). ქართველი გამომგონებლების მიერ შექმნილი ხელთათმანის თვითღირებულება კი 150 დოლარს არ გადააჭარბებს.

ხელთათმანის გამოყენება შემდეგნაირად ხდება – პაციენტი იკეთებს ხელთათმანს დაზიანებულ ხელზე და მეორე ხელით სიმულაციაში ასრულებს სახალისო დავალებებს. სენსორი აღიქვამს მოძრაობას და ცდილობს იგივე მოძრაობა გააკეთებინოს ხელთათმანსაც, შედეგად ხელთათმანი ეხმარება დაზიანებულ ხელს იგივე მოძრაობების გაკეთებაში. საბოლოო ჯამში პაციენტი ორივე  ხელს ერთნაირად ამოძრავებს, ხოლო ტვინი იწყებს კავშირების აღდგენას და მოძრაობის უნარიც უმჯობესდება.

გამარჯვებულები კომპანია ,,ბილაინმა“ უზრუნველყო 2017 წლის თებერვალში ესპანეთში გამართულ მობილური ტექნოლოგიების კონგრესზე დასწრების სრული დაფინანსებით. ,,გამარჯვების შემდეგ გავიარეთ აქსელერაცია და გავიმარჯვეთ დემო დღეზე ტექნოპარკში. თებერვლის ბოლოს კი მივემგზავრებით მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესზე, სადაც წარვადგენთ ხელთათმანს და შევხვდებით პოტენციურ ინვესტორებსა და პარტნიორებს. ასევე, ახლახან დაგვასახელეს 10 საუკეთესო გუნდს შორის  ,,Jacobs International Startup Competition-ზე” და მარტის ბოლოს პროექტს წარვადგენთ გერმანიაშიც, სადაც ჩატარდება ფინალი, – აღნიშნა გიორგიმ.

ჯერჯერობით ხელთათმანის პროტოტიპი დამზადების პროცესშია, რის შემდეგაც რამდენიმე საავადმყოფოში, რომლებსაც უკვე აქვთ კონტაქტი ახალგაზრდებთან, მოხდება მათი გამოგონების უშუალოდ მკურნალობისას გამოყენება და დაკვირვება,  ,,დოქტრინა“ კი წარმატებებს უსურვებს მათ და ელის სასიამოვნო სიახლეებს მათგან!

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid