ბილი, იგივე დავით ბილიხოძე, 32 წლის ქართველი ფოტოგრაფია, რომელიც ბუნების თვალწარმტაცი და არაჩვეულებრივად შერჩეული ხედებით ნელ-ნელა უფრო და უფრო იმკვიდრებს თავს პროფესიულ სივრცეში. მან რამდენიმე საერთაშორისო კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა და მსოფლიოს გააცნო საკუთარი შემოქმედება.
დავით ბილიხოძეს საზოგადოება ბილის სახელით იცნობს, რაც როგორც თავად ამბობს ,,სრულფასოვანი“ ზედმეტსახელია, რადგან ბავშვობიდან მოყოლებული სწორედ ამგვარად მიმართავს მას ყველა. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ის პროფესიით ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტია და ფოტოგრაფია მისთვის მხოლოდ და მხოლოდ გატაცება იყო, სანამ 2 წლის წინ ხელთ შესაბამისი ფოტოაპარატი არ ჩაუვარდა, ,,ხშირად ვცდილობდი ჩემთვის საინტერესო კადრის აღბეჭდვას, თუმცა დროის უქონლობა და, შესაძლოა, მუზის არქონა მოქმედებდა იმაზე, რომ სერიოზული სახე მიმეცა გატაცებისთვის, რომელიც ახლა სრულად მოიცავს ჩემს ცხოვრებას.. ამ ეტაპზე, ვცდილობ, სულ აქტიური ვიყო, ხშირად ვმოგზაურობ, ამ ჩემს რიტმს კი, ჰაერივით სჭირდება აღბეჭდვა, აღქმა, გადმოცემა. რუტინული სამსახურების შემდგომ, სრული თავისუფლება მივანიჭე თავს და ფუფუნება იმისა, რომ ვაკეთო ის, რაც ბედნიერებას მგვრის და არ მბეზრდება,“–ამბობს ბილი.
საქართველოში დღესდღეობით ბევრი პროფესიონალი ფოტოგრაფია და, შესაბამისად, რთულია, ამ სფეროში რაიმე ახლის თქმა, მაგრამ, როგორც თავად აღნიშნა, ბილის არ ჰქონია მიდრეკილება დიდი გამოხმაურების, პოპულარობისა თუ ხშირი კომერციული დაკვეთების, რადგან ეს იყო საქმე, რომლის კეთებაც მას უბრალოდ სიამოვნებდა. თუმცა, საბოლოოდ, ეს ყველაფერი თავისდაუნებურად გაჩნდა, რაც კიდევ უფრო მეტად განაპირობა იმან, რომ მისმა პროექტებმა საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა და ახალგზარდა ფოტოგრაფს კიდევ უფრო უბიძგა საკუთარი თავის დახვეწისა და მეტი საინტერესო კადრის შექმნისაკენ.
მისი ერთ-ერთი ცნობილი პროექტი ,,Pepi’s View”, რომელშიც ბილის მეგობარი გოგონაა გამოსახული სხვადასხვა ბუნების ფონზე, ცნობილმა საიტმა ,,BoredPanda-მაც“ გამოაქვეყნა, იგივე პროექტი წარმოდგენილია ჰონკონგის ერთ-ერთი ცნობილი ფოტოჟურნალის პორტალზეც, ბილი პეპის შესახებაც გვესაუბრა – ,,პეპი, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე პროფესიულ საქმიანობაში, არის ჩემი გვერდშიმდგომი, თანაშემწე თუ მეგობარი… გვაქვს სერიები, რომლებშიც ის ასრულებს მთავარ როლს, მისი ფოტოგენურობიდან და მოყვარული მოდელის პრაქტიკიდან გამომდინარე, ხელს მიწყობს, რომ მივაღწიო სასურველ შედეგს“.
ბუნებისადმი სიყვარულის გამო ბილი საქართველოში ხშირად მოგზაურობს და, შესაბამისად, მის სურათებშიც ბუნების პეიზაჟები უფრო ჭარბობს, ,,მშვენიერი ქვეყანა გვაქვს და სურვილი მიჩნდება ხშირად გადავიღო, სივრცეები, სიმწვანე, დანაოჭებულ ღრუბლებში აჭრილი მთები არ მტოვებს გულგრილს, როგორ შეიძლება ფოტოაპარატი გქონდეს სიახლოვეს და ეს ყველაფერი არ გადაიღო?!“-აღნიშნავს ის და ფოტოგრაფისთვის უმთვარეს საჭიროებადაც სწორედ განწყობასა და შესაბამის გარემოს მიიჩნევს.
ამჟამად, ბილი ძირითადად ინტერიერ/ექსტერიერის ფოტოგადაღებებზე მუშაობს და ცდილობს სხვადასხვა სამშენებლო კომპანიასთანაც ითანამშრომლოს როგორც ფოტოგრაფმა, ამასთანავე კომერციულ შეკვეთებზეც ანაწილებს თავისუფალ დროს, მაგრამ პარალელურად სულ მუშაობს საკუთარ პროექტებსა და სერიებზე, რომლებიც თვეებია გრძელდება, მას უამრავი გეგმა და მიზანი აქვს ფოტოგრაფიის, მოგზაურობისა და მისი შემადგენელი ნაწილების გარშემო, რომელთა შესახებაც ინფორმაცია სულ მალე გახდება ცნობილი.
მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”