ალექს იმნაძე 27 წლის დიზაინერია, რომელიც ძირითადად იტალიაში მოღვაწეობს. იგი მანქანების დიზაინს ქმნის და უკვე საკმაოდ ცნობილ კომპანიებთანაც აქვს მუშაობის გამოცდილება. საინტერესოა, გავეცნოთ წარმატებული ქართველი ახალგაზრდის მიერ განვლილ პროფესიულ გზასა და მის სამომავლო გეგმებს.
ალექსს ხატვა ბავშობიდან უყვარს, სკოლის პერიოდშიც მისი რვეულის ფურცლები სწორედ მანქანებისა და რობოტების ნახატებით ივსებოდა, პარალელურად, კომპიუტერული თამაშებითაც დაინტერესდა და 12 წლის ასაკიდან დაიწყო მათი ტექნიკური მხარის შესწავლა, 15-16 წლისა კი, უკვე თავისუფლად ერკვეოდა ამ სფეროშიც. მოგვიანებით, ჯერ კიდევ მე-10 კლასის მოსწავლემ, ამ ცოდნით შეძლო მასიმილიანო ფუკსასის ერთ-ერთ პროექტზე ემუშავა, ფუკსასი კი, მსოფლიოში სამაოდ განთქმული იტალიელი არქიტექტორია, რომელსაც საქართველოში რიყის, ოპერის თეატრისა და იუსტიციის სახლის პროექტები ეკუთვნის.
სკოლის დამთავრების შემდეგ, ალექსს სურდა სამხატვრო აკადემიაში ჩაებარებინა, თუმცა, დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ვერ მოახერხა სათანადოდ მომზადება. მოგვიანებით ქართულ-ევროპულ უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელა სწავლა და სწორედ აქედან შეძლო რომში გაცვლითი პროგრამით წასულიყო, სადაც ერთ-ერთი პროფესორის რჩევით მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონკურსში და მოიპოვა 100%-იანი დაფინანსება ტურინის დიზაინის უნივერსიტეტში (IED Istituto Europeo di Design- Torino), რომელიც ავტომობილების დიზაინის განხრით მსოფლიოში მე-4 ადგილზეა.
მისი სადიპლომო ნამუშევარი წარმოდგენილი იყო მრავალ იტალიურ დიზაინგამოფენასა და ავტოსალონზე, მათ შორის, მილანის დიზაინის კვირეულზე, ასევე იტალიის საავტომობილო მუზეუმშიც, გამოფენაზე, რომელიც ეძღვნებოდა მისი ფაკულტეტის 25 წლისთავს და მასში წარმოდგენილი იყო დაარსების დღიდან შექმნილი მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო ნაშრომები.
ავტომობილების სფეროში, როგორც ალექსი თავადვე აღნიშნავს, ძალიან გაუმართლა, პირველი კომპანია, რომელიც მისით დაინტერესდა, იყო ,,Bertone-ი“ – მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე ძველი დიზაინ/საინჟინრო სახლი, რომელიც 1912 წლიდან ფუნქციონირებს. მას შემდეგ ალექსს შესთავაზეს ემუშავა ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა – “Alfa Romeo”, “Maserati”, “Ford Motorcompany” და ეს, რა თქმა უნდა, სრული ჩამონათვალი არ არის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მანქანების დიზაინის გარდა, ამჟამად ალექსი მამაკაცის აქსესუარების შექმნაზეც მუშაობს და მის კოლექციაში უკვე არის არქიტექტორებისთვის განკუთვნილი კომფორტული ჩანთა.
როგორც ყველა ხელოვანს, გარვეული დაბრკოლებების გადალახვა ალექსსაც მოუწია და საკუთარ წარმატებას სწორედ იმ ადამიანებს უკავშირებს, რომლებიც თავის დროზე კრიტიკული დამოკიდებულებით უბიძგეს, რომ უფრო მეტად დაეხვეწა თავი. დღესდღეობით კი, ნიჭიერი ახალგაზრდა შეუმჩნეველი არც უცხოური მედიისთვის დარჩენილა და მასზე ხშირად წერენ ისეთი საერთაშორისო ჟურნალები, როგორიც არის – ,,GQ Magazine-ი’’, ,,TopGear-’’, ,,Autobuild-ი’’ და მრავალი სხვა.
ალექსისთვის დიზაინინდურსტია ჰობიცაა და სამსახურიც, თუმცა სხვა გატაცებებიც აქვს, ერთ-ერთია ფოტოგრაფია, რომლის მეშეობითაც შუქისა და ჩრდილის კომპოზიციის უკეთ აღქმისა და გაგების ხელოვნებას ეუფლება, როგორც ამბობს, მას დიდხანს უწევდა საინტერესო რაკურსების პოვნა სტუდიო განათების პირობებში და მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად 3Dპროგრამებში მუშაობს, ეს ყველაფერი საკმაოდ გამოსადეგი აღმოჩნდა მისთვის, რადგანაც ვირტუალურ სამყაროში ყველაფერი იმავე კანონებს ექვემდებარება, როგორსაც რეალურში.
ამჟამად ალექსისთვის საკმაოდ გარდამტეხი პერიოდშია, რადგან უკვე სურს საკუთარი საქმის წამოწყება, მაგრამ, პარალელურად, სერიოზული შემოთავაზებებიც აქვს. დროის უმეტეს ნაწილს ახლა საქართველოში ატარებს, თუმცა ყოფლა შემთხვევები, როცა წლების მანძილზე მხოლოდ რამდენიმე თვით თუ ახერხებდა ჩამოსვლას. მისთვის სამწუხარო ფაქტია, რომ საკუთარ ქვეყანაში ცოდნის 100%-ით რეალიზების შესაძლებლობას ვერ ხედავს, თუმცა დამწყებ ქართველ დიზაინერებს თავდაუზოგავი შრომისკენ მოუწოდებს, სწორედ ამ გზით არის, მისი თქმით, წარმატების მიღწევა შესაძლებელი.
მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”