close
ემიგრანტიმსოფლიოსაქართველოტურიზმი

ქართველი გოგონას ნეპალური ცხოვრება და ჰიმალაის მთებთან ნაპოვნი  სულიერი სიმშვიდე

გოგოჩი, იგივე დოდოჩი გოგია ქართველი მოგზაურია, რომელმაც რუტინულ ცხოვრებას ჰიმალაის მთებთან ახლოს მედიტაცია და ნეპალური კულტურის ზიარება არჩია და დღეს საკუთარ თავს ამ ჯადოსნური გარემოს სრულფასოვან წევრად აღიქვამს. გოგოჩი აქამდეც რამდენჯერმე იყო ნეპალში  და გარემოს, რომელშიც ამჟამად ის ცხოვრობს ზღაპრულს უწოდებს, მისი ცხოვრების საუკეთესო მოგონებებიც სწორედ ამ ადგილს უკავშირდება და უჩვეულო თავგადასავლების შესახებ ის თავად გვიამბობს.

-გოგოჩი, რამდენიმე წლის წინ გადაწვიტე რომ მიგეტოვებინა აქაური ცხოვრება, სამსახური თუ ახლობელი ადამიანები და ნეპალში წასულიყავი, რამ გადაგაწყვეტინა, რომ შენი ცხოვრება ასე რადიკალურად შეგეცვალა?

-ნეპალით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც ჩემი ახლო მეგობარი ქართველების 45-კაციან ჯგუფს გაჰყვა 2-კვირიან ტურში, ტურიდან დაბრუნდა თუ არა, მაშინვე მითხრა, ეს შენი ქვეყანაა, ერთ დღეს აუცილებლად უნდა მოხვდეო. მაშინ კინოსკოლაში ვმუშაობდი – ახლაც არის ეროვნული კინოცენტრის პროექტი, რომელიც კინოს მასწავლებლობას გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში; ყოველი წლის ზაფხულს არდადეგები ეწყობოდა და პროექტის მონაწილეებიც ვისვენებდით, სწორედ მაშინ ვიფიქრე, ზაფხულს გამოვიყენებ, სამოგზაუროდ წავალ და თუ ძალიან მომეწონა – დიდხანს დავრჩები, ან სულაც სხვა აზიურ ქვეყანაში გადავალ სამოგზაუროდ-მეთქი.

ჩემი მოგზაურობა უვადო და დაუგეგმავ წამოწყებას ჰგავდა, მაგრამ ერთი რამე საგულდაგულოდ დაჯავშნილი და კარგად მოფიქრებული იყო – ვიპასანა, ეს არის მედიტაციური პრაქტიკა, რომელსაც სპეციალურად გამოყოფილ მშვიდ და წყნარ ადგილას სწავლობ 10 დღის განმავლობაში, ამის გაკეთება ძალიან რთულია და გარკვეულ ფიზიკურ და მორალურ მზაობას საჭიროებს, რადგან 10 საათი წელგამართული და ფეხმორთხმული უნდა იჯდე ერთსა და იმავე პოზაში. როცა პირველად შევიტყვე ვიპასანას შესახებ, დავიზაფრე, მაგრამ ფიზიკურად მხნე ვარ და ჩემი მორალური კონსტიტუციისთვის ეგეთი პრაქტიკა ნამდვილად ზედგამოჭრილია. როცა უკვე  ნეპალის ბილეთი ხელში მეჭირა, ალალბედზე დავგუგლე ვიპასანა ნეპალში და ერთ ცენტრში დავრეგისტრირდი, სურათებიდან ლამაზი, ტბიანი ადგილი ჩანდა და  ვიფიქრე, მარტო ამ ადგილისთვის ღირდა მანდ მოხვედრა. მოკლედ, სამოგზაურო გეგმა მქონდა – ვიპასანა უნდა გამეკეთებინა. მართლაც ჯადოსნური ადგილი აღმოჩნდა, ტყის, ტბის, მაჩაპუჩრესა და ოთხივე ანაპურნას ვრცელი ხედებით დამშვენებული. იქ კურსიც გავიარე, მედიტაციაც ვისწავლე და მას შემდეგ, კიდევ სამჯერ მივუბრუნდი ამ ადგილის მაგიას.

-საინტერესოა, როგორ დაახასიათებდი ნეპალურ კულტურას, რა გიზიდავს მასში ასე ძალიან?

თუ კულტურებს მასკულინურად და ფემინურად დავყოფთ, მაშინ ნეპალური კულტურა ფემინურია, თვინიერ ქალს ჰგავს. ქალებიც და კაცებიც ერთნაირად სანდომიანები და გაღიმებულები არიან, თანაც ყოველთვის გულწრფელები. იშვიათად, რომ გაბრაზებაზე შეიწუხონ თავი, მაგრამ თუ ასე მოხდა და ნამდვილად გაბრაზდნენ, ველურ ნადირს ემსგავსებიან, შევსწრებივარ  და ნამდვილად საშიში სანახაობაა. კაცებს რბილი და დამყოლი ხასიათი აქვთ. კულტურის ფემინურობა მათ გარეგნულ მხარეზეც აისახება. ტრადიციულად ატარებენ საყურეებს, ბეჭდებს, გრძელი თმას და ხშირად ქუჩებშიც ხელჩაკიდებულები დადიან. ეგეც კულტურის ნაწილია, რადგან ასე გამოხატავენ ახლო მეგობრულ ურთიერთობას, მხოლოდ მეგობრულს და არაფერს სხვას.

ნეპალი საქართველოსავით მდიდარია ჰიდრორესურსით, მაგრამ, სამწუხაროდ, იმის გამო, რომ კორუფცია ყვავის, მოსახლეობა სასმელ წყალს ყიდულობს ან შორი წყაროებიდან ეზიდება. აქაურ ახალგაზრდებს, რომლებიც შეძლებისდაგვარად მოგზაურობენ და სხვა კულტურებსა თუ ქვეყნებს ეცნობიან, აქვთ პრეტენზიები და პროტესტი მთავრობის მიმართ, რადგან აქ მოსახლეობის მხოლოდ ერთი პროცენტია ძალიან მდიდარი, დანარჩენი კი შიმშილით ან სიცივით კვდება, მაგალითად, წელს აქ სიცივის გამო 40 ადამიანი გარდაიცვალა.

 მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამ ქვეყანაში მოხვედრისას შეუძლებელია არ შენიშნო და არ გადმოგედოს ამ ღარიბი ხალხის, სიმშვიდე, აუღელვებლობა, სიცილი, მოთმინებისა და გამძლეობის საოცარი უნარი. ფემინურიო კი ვამბობ, მაგრამ მიუხედავად ხასიათის სირბილისა, ეს არის შერპების, თავზეხელაღებული მძღოლების, მებრძოლი გურკების და კლდის ჯადოსნურ თაფლზე მონადირე ხალხის სამშობლო.

-გოგოჩი, როგორც ვიცი, ნეპალში ცხოვრება ფინანსური თვალსაზრისით არც ისე ძვირი ჯდება, მაგრამ ჩვეულებრივი ტურისტული მარშრუტისგან ნამდვილად განსხვავებული ცხოვრების წესით ცხოვრობთ, მოგივყევი, რა აქტივობებით ხართ იქ ჩასული ტურისტები დაკავებული?

-ვიტყოდი, რომ მეც ავიჩემე და ამ ქვეყანამაც რაღაცნაირად ამიჩემა. აქ თავს სახლში ვგრძნობ და მედიტაციის გარდა სხვა აქტივობებიც მაქვს-ხოლმე, მაგალითად, ფერმაში მუშაობა, მცენარეების მოვლა, ადგილობრივებისთვის დახმარება და ეს ყველაფერი მოხალისეობის სახელით. მიყვარს აქ ყოფნა და მუშაობა, თუმცა ზოგჯერ დღეები ისე გადის, რომ არც არაფერს აკეთებ, უბრალოდ ადამიანებს ეკონტაქტები – ადგილობრივებს, ჩამოსულებს და ეს საკმარისია, რომ დღე შედგეს.  ჩემი ახლობლები ეჭვიანობენ, რომ აქაურობა ასე მიყვარს და აინტერესებთ – რა არის აქ ასეთი, ალბათ ერთ დღესაც წამოვლენ დასათვალიერებლად და მეც სიამოვნებით გავუწევ გიდობას. მით უმეტეს, რომ უკვე მაქვს ეგ პრაქტიკაც. უკვე იმდენი რამე ვიცი აქაურობაზე, რომ პერიოდულად გიდობასაც ვითავსებ.

ე.წ. ქაუჩსერფინგი აქ კარგად მუშაობს და მეც მისი საშუალებით ვიპოვე ჩემი მასპინძელი, რომელიც ახლა ჩემი კარგი მეგობარია. მახსოვს, მასპინძლობის მეორე დღესვე ამიყვანა კატმანდუს განაპირა მთიან მხარეში და ადგილობრივი შამანების, ანუ მკურნალების ფესტივალზე მოვხვდი. მაშინვე შინაურად ვიგრძენი თავი. მას შემდეგ, როცა კი აქ ვარ, არ მტოვებს ის შეგრძნება, რომ შინაური ვარ.

-დაბოლოს, როგორია  შენი სამომავლო გეგმები?

-მე გაზაფხულამდე აქ დავრჩები, ახალ სოფლებს აღმოვაჩენ და ახალ ტრეკებზე გავალ,  დავტკბები აქაური სიმშვიდით, გავუძლებ ნეპალურ ყოფას, დავეხმარები გზის გაგნებაში აქ მოხვედრილ ტურისტებს, მოგზაურებს და მოხეტიალეებს, და უფრო ნათელი, ცოდნით, სიმშვიდით და სიყვარულით სავსე შევუდგები გზებს სხვა ქვეყნებისაკენ. ასეთია ჩემი გეგმა და სურვილი, დანარჩენს კი, როგორც იტყვიან, ცხოვრება მოიტანს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid