გამორჩეული მხატვარი, რომელიც ინდივიდუალური შემოქმედებითი ხედვით, თვითმყოფადი სტილითა და განუმეორებელი მხატვრული ხერხებით ქმნის შთამბეჭდავ ნახატებს, ხატია გაგნიძეა. იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია. ადამიანების ხატვა და მათი ემოციების ნახატში გადმოტანა პატარა ასაკიდანვე გამოსდიოდა, მისი ყველა ნახატი, როგორც წესი, აბსტრაქტულია და კონკრეტულ იდეას ატარებს. აღსანიშნავია, რომ იგი ერთადერთია საქართველოში, ვინც ასომთავრული ანბანით კომპოზიციებს ქმნის. ,,დოქტრინა” ახალგაზრდა მხატვარს გაესაუბრა.
-ხატია, თქვენ შესახებ გვიამბეთ, რას საქმიანობთ ამჟამად, როგორც ვიცი, რამდენიმე პროფესიას წარმატებით უთავსებთ ერთმანეთს.
-ინგლისურ ფილოლოგიაზე ვსწავლობ, თუმცა მაინც ვახერხებ, სხვა საქმეებითაც დავკავდე: დაახლოებით ორი წლის წინ, ერთ „საბედისწერო“ დღეს, ძალიან კარგმა პოეტმა და მთარგმნელმა, დათო ბარბაქაძემ, რომელიც მაშინ ჩემი სემინარის ხელმძღვანელი იყო, მირჩია, მეცადა უილიამ ბლეიკის „ქორწინება სამოთხისა და ჯოჯოხეთისას“ თარგმნა. ჩემი შრომა ნაყოფიერი აღმოჩნდა და თარგმანი ლიტერატურულ ჟურნალ „ახალ საუნჯეში“ დაიბეჭდა. ამის შემდეგ დროდადრო ვუბრუნდები მხატვრული ლიტერატურის თარგმნას, როგორც შემოქმედებით პროცესს, რომელიც, ვფიქრობ, მხატვრობაზე არანაკლებ საინტერესოა. მოგვიანებით, უნივერსიტეტში, პროფესორ დავით მაზიაშვილის პროექტის – „სტურუას შექსპირის სამყაროს“ – ფარგლებში უკეთ გავეცანი შექსპირის შემოქმედებას, დავუახლოვდი ქართულ თეატრს და დავიწყე სტატიების წერა. ამ ყველაფერმა კი თავისი კვალი დატოვა ჩემს ნახატებში, რომელთა შექმნასაც დროის ყველაზე დიდ ნაწილს ვუთმობ.
-რა არის შთამაგონებელი ხატვისას? მუშაობის პროცესზე ისაუბრეთ.
-ვფიქრობ, შთაგონების წყაროდ ბევრი რამ შეიძლება იქცეს, მთავარია, აღიქვა ისინი და გარკვეული განწყობა შეგექმნას. მე მეხმარება მუსიკა (ძირითადად, კლასიკური), ბუნება, რომელიც ერთ დიდ ნახატს ჰგავს, ქალაქი, რომელიც სავსეა საინტერესო პორტრეტებით, ლამაზი დეტალებითა და კონტრასტებით, ბიბლიური იგავები და სიმბოლოები, წაკითხული ლიტერატურა და ა.შ. უნდა ითქვას, რომ ხატვის პროცესში შეუძლებელია დრო აღიქვა ან ფიზიკური დაღლა იგრძნო; იმდენად ჩართული ხარ ამ ყველაფერში, რომ შესაძლოა, ყველაფერი დაგავიწყდეს ფურცლისა და კალმის გარდა. განსაკუთრებით სასიამოვნო სწორედ ეს არის: მიუხედავად იმისა, რომ უკიდურესად იღლები, ბოლოს მაინც კმაყოფილი ხარ საკუთარი თავით. ხშირად მიფიქრია, რომ შედეგზე უფრო სასიამოვნო თავად ხატვის პროცესია, როგორც განტვირთვის უცნაური და ნაყოფიერი საშუალება.
-რომელ მხატვრებს გამოარჩევდით და ვინ დააჩნიეს კვალი თქვენს შემოქმედებას?
-რამდენიმე ქართველი და უცხოელი მხატვარი მომწონს განსაკუთრებით. ქართველი მხატვრებიდან გამოვარჩევდი ელენე ახვლედიანს; მისი ნახატების დათვალიერება ყოველთვის მსიამოვნებს. არ მახსოვს, ვინ წერდა, ელენე ახვლედიანის დახატულ სახლებს ფანჯრების ნაცვლად თითქოს თვალები აქვსო. მართლაც, ძველი თბილისის პეიზაჟებში ბევრი ასეთი სახლისთვის მიმიგნია, რომლებიც ადამიანივით გელაპარაკებიან. რაც შეეხება უცხოელ მხატვრებს, მომწონს ვან გოგი, იმპრესიონისტები, რადგან მათი ნახატები ალტერნატიულ რეალობას ქმნის, რომელშიც სიამოვნებით ვიცხოვრებდი. ჩემს სტილზე გავლენა მხატვრებს არ მოუხდენიათ, თუმცა აზიური არქიტექტურა, ფასადები და ინტერიერი, აგრეთვე, ქართული ტრადიციული ორნამენტები ხშირად გამომიყენებია ნახატებში.
-როგორც ცნობილია, საფრანგეთში გქონდათ გამოფენა. მოგვიყევით ამის შესახებ.
-დიახ, სტრასბურგში. ჩემი მეგობრის, ირაკლი თურმანაულის, დახმარებით ორი პერსონალური გამოფენა მოეწყო საუნივერსიტეტო და საბიბლიოთეკო სივრცეში. ერთ-ერთი მათგანი დეკემბერში დასრულდა, მეორე კი მარტში გაიხსნა და ახლაც მიმდინარეობს. აგრეთვე, ჩემი ორი ნახატი გასული წლის აპრილში სტრასბურგში იყო წარმოდგენილი ჯგუფური გამოფენის ფარგლებში.
-რა არის თქვენთვის მხატვრობა და, ზოგადად, ხელოვნება? ამ ორიგინალურ ნახატებზე გვესაუბრეთ, საიდან გაჩნდა ასომთავრული ანბანის გამოყენების იდეა?
-ჩემთვის მხატვრობა აზროვნების საუკეთესო საშუალებაა, თანაც ისე, რომ თარგმნას არ საჭიროებს და ყველასთვის საერთოა. ამასთანავე, ხელოვნება, ვფიქრობ, სოციალურ პრობლემებზე მაღლა დგას და გვახსენებს, რომ შეიძლება არსებობდეს რაღაც მატერიალურ სამყაროზე უფრო მშვენიერი ან უფრო საშინელი. ჩემი აზრით, საუკეთესო ნახატი ან ხელოვნების ნიმუში ის არის, რომელიც ავტორის გულწრფელ გრძნობებს გამოხატავს. ბებია კალიგრაფი მყავს, რომელიც ცხოვრების დიდ ნაწილს უთმობს ქართულ ანბანს და ულამაზეს ნამუშევრებს ქმნის. მისი გავლენით მეც ხშირად მიფიქრია ქართულ ანბანზე, არა როგორც უბრალოდ პირობით ნიშნებზე, არამედ ფიგურებზე, რომლებიც შესაძლოა, დიდი ხნის წინ რეალური არსებებისა თუ საგნების მიბაძვით შექმნილიყო. ამ ფორმების ძიების პროცესში რამდენიმე საინტერესო კომპოზიცია გამომივიდა და ქართული ანბანის დახმარებით აღმოვაჩინე, რომ ასოებით არა მხოლოდ წერა, არამედ ხატვაც შესაძლებელი ყოფილა. რა თქმა უნდა, მე პირველი არ ვყოფილვარ – კალიგრაფია, კალიგრაფიული ხელოვნება, საუკუნეების განმავლობაში აქტუალური იყო არა მხოლოდ აღმოსავლურ კულტურაში, არამედ დასავლურშიც. როგორც ვიცი, საქართველოშიც არიან პროფესიონალი კალიგრაფები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, თუმცა ასომთავრული ანბანით შექმნილი ნახატები, ჯერჯერობით არ შემხვედრია.
-სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე გვესაუბრეთ.
-ახლო მომავალში ქართული ანბანით შექმნილი კომპოზიციების გამოფენას ვგეგმავ ჩვენს უნივერსიტეტში, შორეულ მომავალში – პერსონალურ გამოფენას. ჩემი მთავარი მიზანია, განვვითარდე ამ სფეროში, ვისწავლო უფრო მეტი დეტალის აღქმა და მისი გააზრება ხელოვნების კონტექსტში, რადგან განვითარებისა და პროგრესის გარეშე, ჩემი აზრით, ყველაფერი კარგავს ფასს. ასე რომ, ვიმედოვნებ, სამომავლოდ ახალი იდეებითა და ნახატებით დავაინტერესებ ნაცნობ თუ უცნობ ადამიანებს.
მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”