close

2014 წელს დაამთავრა კომაროვის სკოლა, ამჟამად ფიზიკის მიმართულებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე სწავლობს. გამომგონებლობით და მეცნიერებით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული, თავიდანვე აინტერესებდა სამყაროს და ბუნებაში მიმდინარე მოვლენების არსი და მათ მიზეზებს ფუნდამენტურად იძიებდა.
სიახლეების ძიება, რისკის სიყვარული, ახალი გამოწვევები და მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ- ეს გიორგი მეშველიანის დახასიათებაში მისი თვისებების მცირე ჩამონათვალია.
ქართველი სტუდენტი აქტიურადაა ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში და თავის მეგობრებათან და თანაგუნდელებთან ერთად, უკვე წლებია სხვადასხვა საინტერესო თემასა და სტარტაპპროექტზე მუშაობს.
ზოგადად სამეცნიერო საქმიანობისა და გამომგონებლობის სირთულეებსა და მისი წარმატებული პროექტების მიღწევებზე “Doctrina” გიორგის ესაუბრა.
-გამომგონებლობით როდის დაინტერესდი და რამ განაპირობა ეს?
-ზოგადად, მეცნიერებით ბავშობიდან ძალიან დაინტერესებული ვიყავი და ყოველთვის მსურდა ღრმად შემეცნო ბუნება და ბუნებაში არსებული მოვლენები. ასევე ძალიან მიზიდავდა ,,ჩხირკედელაობა’’ და ახლის შექმნისა და აღმოჩენის სურვილი სულ მქონდა. რაც უფრო ვიზრდებოდი, ვხვდებოდი რომ მეცნიერება საშუალებას გვაძლევს, გარდა იმისა რომ უკეთ შევიცნოთ ჩვენი გარემო, ასევე – გვეხმარება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებაში, რომელიც ჩვენს კომფორტს უზრუნველყოფს. ამ ყველაფრის წინა პირობა სწორედ გარემოს ფუნდამეტურად გააზრებაა.
კომაროვის სკოლაში გადასვლის შემდეგ საშუალება მომეცა უკეთ მესწავლა ზუსტი და ფუნდამენტური მეცნიერებები და სწორედ ამ დროს დავიწყე გარკვეულ პროექტებზე მუშაობა, ხელმძღვანელისა და ჩემი უფროსი მეგობრების დახმარებით 14 წლის ასაკში შევქმენი პირველი საინტერესო ნამუშევარი ,,სახლის სეისმოგრაფი’’. ამის შემდეგ კი ჩემს სკოლელებთან და მეგობრებთან ერთად შევქმენით სხვადასხვა ინოვაციური ტექნოლოგია, რომელმაც საერთაშორისო დონეზე მოგვიტანა წარმატება. სკოლის პერიოდში განსაკუთრებული იყო ლევან გაბისონიასთან, სიმონ ინვიასთან და დიმიტრი ცხოვრებაძესთან ერთად მუშაობა, რამაც დიდი გამოცდილება მომცა გუნდური მუშაობის თვალსაზრისით.


-სტარტაპებით და გამომგონებლური საქმიანობით რამდენი ხანი იყავი გატაცებული? რა შედეგებს მიაღწიე? რომელიმე შენთვის გამორჩეულ გამოგონებაზე ან პროექტზე გვიამბე.
-ჩვენი პროექტების სტარტაპებად გადაქცევის იდეა და შესაძლებლობა გაჩნდა ჩემი სკოლის დამთავრების შემდეგ, როდესაც არაბული ბიზნესინკუპატორი დაინტერესდა პროექტით ,,ინტერაქტიული ხელთათმანი”, ეს გამოგონება საშუალებას გვაძლევს სპეციალური ხელთათმნის დახმარებით შევეხოთ ვირტუალურ ობიექტებს და ვიგრძნოთ ისინი როგორც რეალურს ვგრძნობთ. მას ვიდეოთამაშების გარდა დიდი გამოყენება შეიძლება ჰქონდეს, ვირტუალურ კომუნიკაციაში, რობოტიკაში, განათლებასა და მედიცინაში. ვფიქრობ რომ ეს გამოგონება, რომლის იდეაც დიმიტრის გაუჩნდა და მის შექმნაში და განვითარებაში დიდი წვლილი მივიღეთ თანაგუნდელებმა, ჩვენი საერთო პროექტებიდან უნიკალურია, იმის და მიუხედავად, რომ ჩვენი სხვა ინოვაციებიც ორიგინალურია და წარმატებული. ჩვენმა სტარტაპმა დუბაიში აქტიურად თითქმის 6 თვე გასტანა, თუმცა მუშაობის პროცესი უფრო დიდხანს გაგრძელდა, შევიძინეთ საკმაოდ დიდი გამოცდილება და გავაკეთეთ რამდენიმე წარმატებული სეილი. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდშიც შევქმენი რამდენიმე პროექტი სხვა მეგობრებთან ერთად და მე და ბაქარ ჩარგეიშვილს(ჩემს კურსელს) გვქონდა სურვილი ერთერთი ინოვაციური იდეის სტარტაპად ქცევის, იყო ინტერესი, თუმცა არა ინვესტიცია, რის გამოც მასზე აქტიური მუშაობა შევწყვიტეთ.
-ამჟამად ასტროფიზიკით ხარ დაინტერესებული. კონრეტულად რამ განაპირობა ეს დაინტერესება და სამომავლოდ ხომ არ გეგმავ რამეს ამ კუთხით?
-ინჟინერია და ტექნოლოგიების განვითარება ძალიან საინტერესოა, როგორც იდეურად, ისე კომერციული თვალსაზრისით. თუმცა ჩემთვის გაცილებით საინტერესოა მეცნიერების ფუნდამენტური გაგება და ამ მიმართულებით მუშაობა, ამ შემთხვევაში, პროცესი უფრო გრძელვადიანია, მაგრამ შედეგი უფრო მასშტაბური და მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ ფუნდამენტურ მეცნიერებებზე დგას ყოველი შემდეგი წარმატება ინჟინერიისა და ტექნოლოგიების კუთხით. თქვენ წარმოიდგინეთ, ეკონომიკაშიც კი დიდი გამოყენება აქვს ფიზიკაში მიღებულ ფუნდამენტურ აღმოჩენებს. ფუნდამენტური მიმართულებით მუშაობა არ გამორიცხავს ინოვაციების შექმნის მიმართულებით ნებისმიერ დროს გადასვლასა და განვიათარებას, ის პირიქით, ხელშემწყობი ფაქტორია ამ ყველაფრის, თუმცა ამჟამად მირჩევნია ის ვაკეთო, რაც ყველაზე მეტად მიყვარს.
ამჟამად საბაკალავრო ნაშრომზე ვმუშაობ პროფესორ ნანა შათაშვილთან, ჯერ ძალიან ადრეა – რომ ვთქვა ატროფიზიკის მიმართულებით ვმუშაობ როგორც მეცნიერი, სინამდვილეში უფრო მეტად ვსწავლობ და იმისთვის რომ ჩემი სურვილები ავიხდინო ამ მიმართულებით ძალიან დიდი მონდომება და ბევრი შრომაა საჭირო მისი სირთულიდან გამომდინარე.
-რა სირთულე ახლავს ზოგადად ინოვაციებისა და გამოგონების შექმნის პროცესს და რა არის ამ დროს ყველაზე მთავარი?
-მნიშვნელოვანია ამოცანის საწყისი პირობების სწორად დასმა და ამ ამოცანის ამოხსნა. პროცესი შექმნის სირთულესთან არის დაკავშირებული, რაც უფრო კომპლექსურია ინოვაცია, მით უფრო რთულია მისი შექმნა. მთავარია ენთუზიაზმი, მონდომება და შრომა.
-ამჟამად რამე პროექტზე ხომ არ მუშაობ და რას გეგმავ სამომავლოდ?
-ამჟამად არ ვმუშაობ პროექტებზე, მაგრამ ვფიქრობ ძველი დროის გახსენებას და ჰაკათონზე გასვლას, თუ დრო გამოვნახეთ, შევქმნით ერთ კარგ პროექტს. ინოვაციების მიმართულებით განსაზღვრული გეგმა არ მაქვს, თუმცა რა იდეებიც მაწუხებს, იმედია მოვიცლი და რამდენიმეს მაინც განვახორციელებ ადრე თუ გვიან, თან ამ დროის განმავლობაში შეიძლება უკეთესი იდეებიც გამიჩნდეს.

მასალა მოამზადა: ანა ურუშაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid