სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტი, რომელიც კომპიუტერული ინჟინერიის მესამე კურსის სტუდენტია, ,,Facebook-ის” თანამშრომელი გახდა. აღსანიშნავია, რომ ლუკა ,,ფეისბუკმა” 250 000 სტუდენტიდან საუკეთესო 300 სტუდენტს შორის შეარჩია და ზაფხულში მენლო პარკში, სილიკონ ველიზე დეველოპერად მიიწვია. ,,დოქტრინა” გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:
– უპირველეს ყოვლისა, მოგვიყევით თქვენ შესახებ.
-დავამთავრე ქალაქ ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლა. პროგრამირება მეხუთე კლასში დავიწყე. სკოლის დამთავრების შემდეგ გავხდი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს პირველი კოჰორტის სტუდენტი თბილისში. მეათე კლასიდან დავიწყე და შევქმენი 8 სტარტაპი, რომელთაგანაც 2 დღესაც აქტიურად მუშაობს. ბოლო ორი წლის მანძილზე საქართველოში ვიმუშავე 10 სხვადასხვა წამყვან კომპანიასა და სახელმწიფო სტრუქტურაში. საბოლოოდ, საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვე დეველოპმენტის სხვადასხვა სფეროში. ამჟამად ვიმყოფები ჩემი უნივერსიტეტის მთავარ კამპუსში, კალიფორნიაში.
– თქვენი პროფესიის შესახებ გვესაუბრეთ, უპირატესობებზე, პერსპექტივებზე, ნაკლოვანებებზე.
-მიყვარს პროგრამირება, ყოველ ჯერზე ისეთი პროგრამის შექმნა, რომელსაც დამოუკიდებლად აზროვნება და ადამიანისთვის დახმარების გაწევა შეუძლია, თავისთავად სასიამოვნოა. მივიჩნევ, რომ დღევანდელი ცხოვრება ამ სფეროს გარეშე წარმოუდგენელია, ნებისმიერ საქმიანობაში პროგრამირების დახმარებით გაცილებით უკეთესი შედეგების მიღწევა შეიძლება. ვფიქრობ, სწორედ ეს სფერო არის დღეს ყველაზე სწრაფად განვითარებადი და, შესაბამისად, ყველაზე პერსპექტიულიც. ნაკლოვანება, რომელიც მახსენდება, ამავდროულად ეშხსაც სძენს ამ სფეროს. იმისთვის, რომ იყო ძლიერი პროგრამისტი, მუდმივად უნდა განვითარდე და ფეხი აუწყო თვითონ ამ სფეროს განვითარებას. გაჩერების შემთხვევაში ის ცოდნა, რომელიც გქონდა, ფასს კარგავს, მაგრამ ჩემთვის მუდმივი სწავლისა და განვითარების პროცესი დიდი სიამოვნების მომტანია.
-როგორც ვიცით, საზღვარგარეთ სწავლობთ, ალბათ, შეამჩნევდით განათლების სისტემაში სხვაობას. აღნიშნულზე რომ გვესაუბროთ. როგორ ფიქრობთ, რა უპირატესობა აქვს საზღვარგარეთ მიღებულ განათლებას?
-ვარ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, საქართველოში ვსწავლობ, უბრალოდ მესამე კურსზე ჩემი უნივერსიტეტის მთავარ კამპუსში ვაგრძელებ ცოდნის მიღებას. მგონია, რომ უცხოეთში მიღებული განათლების მთავარი უპირატესობაა ის მრავალწლოვანი გამოცდილება, რომელიც საზღვარგარეთის სასწავლო სისტემებს, მაგალითად, ამერიკელებს აქვთ. გარდა ამისა, ვფიქრობ, საერთო შედეგზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოს, რომელშიც ადამიანი ამა თუ იმ რამეს სწავლობს.
– მოგვიყევით თავისუფალ დროს რით ხართ დაკავებული.
-ძალიან ბევრი ჰობი მაქვს. ვარ ფოტოგრაფი, მოგზაური, ნატურალისტი და ექსტრემალური თავგადასავლების დიდი მოყვარული. მაგრამ თავისუფალ დროს ყველაზე საყვარელი საქმიანობა მაინც ფიქრია. ძირითადად, მომავალზე ვფიქრობ და ვცდილობ, მოვლენების სხვადასხვა განვითარებისთვის ჩემი მიზნებისკენ მიმავალი გზა დავგეგმო.
-როგორც ვიცით, ,,facebook-მა” მიგიწვიათ სამუშაოდ, საიდან გაიგეს თქვენ შესახებ?
-კალიფორნიაში ჩამოსვლისას ,,Facebook-ის” რეკრუიტერები შემეხმიანენ, მითხრეს, რომ დაინტერესებულები იყვნენ ჩემით და მიმიწვიეს ტექნიკურ ინტერვიუზე. დიდი ალბათობით, სწორედ ორი ტექნიკური ინტერვიუს შედეგმა გამოყო ჩემი აპლიკაცია სხვა აპლიკანტებთან შედარებით, რადგან ყველა მოცემული ტექნიკური დავალება მოცემულ დროზე მნიშვნელოვნად მალე დავამთავრე. ბოლო ინტერვიუდან 1 კვირაში კონტრაქტიც გამომიგზავნეს და მიხარია, რომ 2018 წლის ზაფხულში ,,Facebook-ის” მთავარ ოფისში ვიმუშავებ.
-სამომავლო გეგმებზე უფრო დეტალურად გვესაუბრეთ, როგორ ფიქრობთ, ვინ იქნება მომავალში ლუკა ლომთაძე? რა არის მაქსიმუმი, რისთვისაც იბრძვით?
-არასდროს მიფიქრია ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმზე. რაიმე რომც წარმოვიდგინო, დარწმუნებული ვარ, ოდნავ მეტი შრომით უფრო მეტს მივაღწევ. ვიბრძვი, რომ დღესვე გავხდე იმაზე ძლიერი, ვიდრე ხვალ ვიქნებოდი. ვიცი, რომ ერთადერთი რამ, რაშიც შეზღუდული ვარ, არის დრო და არ მინდა, არცერთი წუთი დავკარგო. ეს ბრძოლა სიამოვნებას მანიჭებს. მომავალს რაც შეეხება, არაფერს გამოვრიცხავ, ვიცი, რომ იქ ვიქნები, სადაც საჭირო იქნება, ოჯახში მყოფი სუპერმამიდან დაწყებული ქვეყნის პარლამენტში პოლიტიკოსობით დამთავრებული.
მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრია”