ჰარი დამგზავრების პირველი ქართული მობილური აპლიკაციაა, რომელიც საერთო მიმართულების მქონე მძღოლებსა და მზგავრებს ერთმანეთთან აკავშირებს, რათა მათ შეძლონ საერთო მარშრუტის გაზიარება. აპლიკაციის შესაქმნელად რამდენიმე ახალგაზდა გაერთიანდა, მათ მიერ განვლილი გზისა და უშუალოდ პროდუქტის მახასიათებლების შესახებ კი, გუნდის ერთ-ერთი წევრი, მარკეტინგის მენეჯერი – ანა ხარაზიშვილი გვიამბობს.
-ანა,უპირველეს ყოვლისა, მოგვიყევით რამ გაგაერთიანათ ამ მიზნის გარშემო?
-ჰარის შექმნის იდეა გაჩნდა იმ პრობლემიდან გამომდინარე, რასაც ბევრჯერ გადავაწყდით. ჩვენს დამფუძნებელს ხშირად მშობლიური ქალაქისკენ – ქუთაისისკენ გამგზავრება უწევდა მშობლების სანახავად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება კი ქალაქიდან ქალაქში წასასვლელად ნამდვილად არ წარმოადგენს მოსახერხებელ, კომფორტულ თუ უსაფრთხო გამოცდილებას. ამიტომ გადაწყვიტა შეექმნა პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მძღოლები, რომლებიც ქალაქიდან ქალაქისკენ საკუთარი მანქანით მგზავრობას გეგმავდნენ და თავისუფალი ადგილებიც ჰქონდათ დაკავშირებოდნენ მგზავრებს, ვისთვისაც მარშრუტი ხელსაყრელი იქნებოდა.
– როგორ მუშაობს თქვენი აპლიკაცია და რა დადებით მახასიათებლებს გამოარჩევდით?
– აღვნიშნავ რომ მგზავრობის გაზიარებით შესაძლებელია საწვავის ხარჯის გაყოფაც, რაც საერთო ჯამში ორივე მხარისთვის აიაფებს გადაადგილებას. გარდა ამისა დამგზავრება სოციალიზაციის შესანიშნავი საშუალებაა. მძღოლების სტიმულირებისთვის მათთვის შეთავაზებაც გვაქვს: ყოველი მე-100 მძღოლი, რომელიც აპლიკაციით საშუალებით გაიზიარებს მგზავრობას, საჩუქრად 25 ლიტრიანი საწვავის ვაუჩერს მიიღებს.
ამასთანავე, აპლიკაციის გამოყენება მარტივია, მძღოლი აპლიკაციაში დებს განცხადებას საიდან საით მიემგზავრება, რამდენი თავისუფალი ადგილი აქვს და რა დაუჯდება ერთ მგზავრსგაყოლა. მგზავრს კი შეუძლია მოძებნოს განცხადებები, დაჯავშნოს და დაემგზავროს.
-როგორია თქვენი სტატისტიკა, ამ ეტაპისთვის რამდენად მოთხოვნადია ჰარი საქართველოში და ხომ არ ერთვებიან მასში უცხოელი მოგზაურებიც?
– საქართველოს ბაზარი ამ ტიპის მომსახურებისთვის დიდი ხანია მზადაა, რასაც მოწმობს სოციალურ ქსელებში შექმნილი მსგავსი შინაარსის მქონე ჯგუფები, სადაც ხალხის ჩართულობა საკმაოდ მაღალია. თუმცა ჯგუფების ფორმატი ართულებს მძღოლებისა და მგზავრების კომუნიკაციას, აპლიკაციის მეშვეობით კი, ვფიქრობთ, ეს პორცესი გაცილებით გამარტივებულია.
-როგორც ვიცი, საქართველოში ჰარის ანალოგი არ აქვს, თუმცა შესაძლოა მსოფლიო მასშტაბით არსებობდეს მსგავსი აპლიკაცია, ამ შემთხვევაში თქვენ რით გამოარჩევდით თქვენს პროდუქტს მათგან?
-მსოფლიოში არაერთი აპლიკაციაა, რომელიც დამგზავრების მომსახურებას სთავაზობს მომხარებელს. არიან როგორც მცირე ასევე გიგანტი და რეგიონის მიხედვით მონოპოლისტი კომპანიებიც კი. ჩვენი კონკურენტული უპირატესობა მათთან მიმართებაში ამ ეტაპზე რთულია გამოვკვეთოთ, რადგან რეალურად ჰარი სტარტაპია, აპლიკაცია ბეტა ვერსიას წარმოადგენს და მუდმივად მის ფუნქციურ თუ ტექნიკურ დახვეწაზე ვმუშაობთ. თუმცა ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ დამგზავრების მომსახურების შეთავაზება, არამედ გვინდა მეტი ყურადღება დავუთმოთ სოციალიზაციის კუთხეს და გვინდა ქალაქიდან ქალაქისკენ მგზავრობა არათუ უბრალო მგზავრობად დავტოვოდ არამედ თავგადასავლად და საინტერესო, დასამახსოვრებელ გამოცდილებად ვაქციოთ.
-ნებისმიერი სტარტაპი დგება ფინანსური საკითხის გადაჭრის საჭიროების წინაშე, თქვენს შემთხვევაში რამდენად რთული იყო იდეის პრაქტიკული განხორციელება?
-აპლიკაციის განვითარების პერიოდში მონაწილეობა მივიღეთ რამდენიმე ადგილობრივ კონკურსში. CREATIVE GEORGIA-ს ორგანიზებული ერთ-ერთი კონკურსის საშუალებით დავესწარით ტალინში გამართულ ფორუმს, CREATIVE BUSUINESS CUP-ზე კი მეორე ადგილი ავიღეთ და ფულადი პრიზითაც დაგვაჯილდოეს. ჩვენმა დამფუძნებელმა კი მოახერხა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სააქსელერაციო პროგრამის Y COMBINATOR SCHOOL-ის ონლაინ რეჟიმში გავლა.
ამ დრომდე აპლიკაციას მხოლოდ სერვერზე წვდომის და კომპანიის დარეგისტრირების ხარჯი ჰქონდა. სერვერზე წვდომა Y COMBINATOR SCHOOL-მა თავად დაგვიფინანსა, ხოლომარკეტინგული ხარჯი, რაც უკვე აპლიკაციის გაშვებიდან დაგვემატა, CREATIVE BUSINESS CUP-ზე მიღებული ფულადი პრიზით ავანაზღაურეთ. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეს რესურსები რეალურად მხოლოდ საწყის მინიმუმს აკმაყოფილებს და საჭიროა უფრო დიდი აუდიტორიის მოცვა, სწორედ ახლა ვართ ინვესტიციების მოძიების პროცესში.
-საინტერესოა თქვენი სამომავლო გეგმებიც…
-ამჟამად ვმუშაობთ ჰარის ბეტა ვერსიის დახვეწაზე, ვიკვლევთ მომხარებლის საჭიროებებს და სურვილებს და ვცდილობთ მაქსიმალურად სწრაფად ვუპასუხოთ მათ მოთხოვნებს. მასშემდეგ, რაც ქართულ ბაზარს სრულიად შევისწავლით, სათანადოდ დაიხვეწება ჰარი და მოერგება ბაზარს ვგეგმავთ ამიერკავკასიის ქვეყნებში გასვლას.
მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”