close
რელიგია და მეცნიერებასაქართველო

ქართველმა მეცნიერმა გერმანიაში მინიატურული სახარება აღმოაჩინა!

ქართველმა ისტორიის აკადემურმა დოქტორმა გიორგი ქავთარაძემ გერმანიის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში აღმოაჩინა ნუსხა-ხუცურით შესრულებული მინიატურული სახარება, რომელშიც ჩართულია ლუკა მახარებლის ერთი ფერადი გამოსახულება.

20160310 143622 1  -ბატონო გიორგი, როგორც ვიცით თქვენ ხართ ერთადერთი ქართველი, რომელსაც მოგეცათ საშუალება გენახათ ეს უნიკალური ხელნაწერი.

– გერმანიაში ჩამოსვლამდე მქონდა მიმოწერა ორიენტალისტიკის მიმართულების თანამშრომლებთან და წინასწარ ვიცოდი, რომ აქ ინახებოდა 11 ქართული ხელნაწერი. ამ ხელნაწერების აღწერა ეკუთვნის გერმანელ მეცნიერ იულიუს ასფალგს („ქართული ხელნაწერები“, 1963). ამჟამად, ჩემი მიზანი იყო ეს ხელნაწერები ადგილზე შემესწავლა და შემედარებინა გერმანელი ავტორის აღწერასთან. ხელნაწერი Hs. or. 14561 არ იყო შეტანილი დასახელებულ ნაშრომში. შესაბამისად, ბიბლიოთეკის თანამშრომლებს ვთხოვე გაერკვიათ ამ ხელნაწერის წარმომავლობა. აღმოჩნდა, რომ ის 2012 წელს შეუძენია ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკას კერძო კოლექციონერისაგან ამსტერდამში.

  -თუ არის ცნობილი ან სადმე აღნიშნული რომელი საუკუნისაა ძეგლი, ვის მიერაა გადაწერილი, ვისი ბრძანებით და რომელ მონასტერში?

  – ბიბლიოთეკის კატალოგებში ასეთი ინფორმაცია არ არის. ხელნაწერის პირველადი დათვალიერებით შეიძლება ითქვას, რომ ის ადრეული ახალი პერიოდის ძეგლს განეკუთვნება. ხელნაწერს არ აქვს ანდერძ-მინაწერი, ამიტომ გადამწერის და დამკვეთის ვინაობა უცნობია

  -შესწავლილია თუ არა წიგნი სპეციალისტების მიერ?  

-ამ ხელნაწერის შესახებ ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკის სამეცნიერო კატალოგში არ არის ინფორმაცია. შესაბამისად, ის არა თუ შესწავლილი, არამედ აღწერილიც არ არის.

vvv  -რა ზომისაა წიგნი და რამდენი გვერდია?  

– ხელნაწერი მომცრო ზომისაა. გვერდების რაოდენობა არ არის დანომრილი. ცოტა ხნით მომეცა მისი ნახვის საშუალება და ამ მონაცემების გარკვევა ვერ მოხერხდა თუმცა ბიბლიოთეკარმა ქალბატონმა ნიკოლე ფიურთინგმა ნება დამრთო, მობილურით პირველი და ბოლო გვერდები ფოტოკამერით აღმებეჭდა.

 – წიგნი როგორ არის შემონახული და გვერდები ხომ არ აკლია?

-პირველადი დათვალიერებით  წიგნი კარგად არის შეკრული. ხელნაწერს არ ეტყობა გვერდების ნაკლოვანება. თუმცა, ამის გადაჭრით თქმა ამ ეტაპზე ძნელია.

– ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან თუ გქონდათ საუბარი, რა მნიშვნელობას ანიჭებენ ისინი ამ  უნიკალურ ძეგლს?

-რა თქმა უნდა, მქონდა საუბარი. მათთვის ყველა ხელნაწერი მნიშვნელოვანი და უნიკალურია, მათ შორის ეს ახლად აღმოჩენილი ქართული ხელნაწერიც. ხელნაწერების დაცვა და შენახვა ხდება უმაღლეს დონეზე.

როგორც ბატონმა გიორგიმ გვითხრა, ამ უნიკალური აღმოჩენის შესახებ  ინფორმაცია გაავრცელა  სოციალური ქსელით და ის იმედოვნებს, რომ ამ აღმოჩენას მოყვება  მეცნიერთა დაინტერესება და მოხდება მისი სათანადოდ აღწერა და შესწავლა.

20160310 143641cc

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0