ესმა გუმბერიძეს საზოგადოება საკმაოდ კარგად იცნობს – ახალგაზრდა აქტივისტი, რომელიც არა მარტო საკუთარი, არამედ სხვების უფლებებისთვისაც აქტიურად იბრძვის და მისი მომავალი გეგმები სცდება მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვას. უსინათლო გოგონამ განათლების მიღება, არახელსაყრელი პირობების მიუხედავად, საკუთარი ძალისხმევითა და მონდომებით მაინც შეძლო და თავის თანატოლებს ურჩევს, არასდროს შეწყვიტონ თვითრეალიზაციაზე ზრუნვა.
-ესმა, უკვე რამდენიმე წელია, აქტიურად ხართ ჩართული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის პროცესში – ახლა რა ეტაპზეა შენი საქმიანობა?
–ახლახან დავინიშნე ომბუსმენის შშმ პირთა უფლებების დაცვის ახალ საკონსულტაციო საბჭოს წევრად. ეს საბჭო იკრიბება 2 თვეში ერთხელ და გასცემს რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ რა საკითხები უნდა გადაიხედოს და შემოწმდეს – ერთ-ერთი ყველაზე მნიშველოვანია ინტერესთა კონფლიქტის შესწავლა. არსებობს შშმ პირთა საბჭოები, პრემიერ-მინისტრის ადამიანის უფლებათა სამდივნოსთან, მერიასთამ, თუმცა, საინტრესოა, რომ ეს საბჭოები როგორც პრიორიტეტების განსაზღვრაზე მუშაობენ, ასევე, ხშირად არიან იმავე სერვისის მიმწოდებლები და თავადვე ეწევიან შიდამონიტორინგს.
აუცილებელია, განვსაზღვროთ შშმ პირთა ორგანიზაცია რას ნიშნავს, იმიტომ რომ ხშირად ისეთი ორგანიზაციები იბრალებენ ამ სტატუსს, სადაც შშმ პირები ძალიან ნაკლებად არიან ჩართულები გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
–შენი დაკვირვებით, ახლა რა მდგომარეობაა შშმ პირთა უფლებების კუთხით?
-ზოგადად, თანდათანობით, შშმ პირთა შესახებ ცნობადობა იზრდება – ადამიანებმა დაიწყეს იმის გააზრება და დანახვა, რომ ისინი არსებობენ და საკმაოდ ბევრიც არიან. მედიასაშუალებებშიც აქტიურად მიდის საინფორმაციო კამპანია. მეორე საკითხია – რა მხრივ არის საზოგადოება ინფორმირებული და რა მესიჯები იგზავნება.
თვითონ თემშიც გვაქვს პრობლემები – ზოგი ისე ცდილობს შშმ პირთა საკითხების მიწოდებას, რომ ისინი ძალიან კარგები, თბილები არიან და სხვებზე უკეთესები. ზოგი მათ აიგივებს სოციალურად დაუცველებთან. რა თქმა უნდა, უმეტესად, მართლაც არიან სოციალურად დაუცველები, მაგრამ შშმ პირობა სულაც არ ნიშნავს ავტომატურად ამ სტატუსს.
-რაც შეეხება განათლების საკითხს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატურია – როგორი მოცემულობა გვაქვს?
–როცა განათლებაზე ვსაუბრობთ, თავიდანვე უნდა განვსაზღვროთ შეზღუდვის ტიპი, გეოგრაფიული საცხოვრებელი, ოჯახის მდგომარეობა. არცერთი სმენადაქვეითებული პირი არ სწავლობს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. საკმაოდ ცოტა არიან უსანათლო და ეტლით მოსარგებლე პირებიც. ძირითადად, განათლებას მსუბუქი შეზღუდულობის მქონე ხალხი იღებს. ასეთივე მდგომარეობაა სკოლებშიც.
მე 202-ე სპეცსკოლა დავამთავრე – იქ ხშრად მიჰყავთ ხოლმე დიდი ასაკის – 14-15 წლის ბავშები, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ განათლება – ესეც პრობლემაა.
ვიღაცები სწავლობენ პროფესიულ სასწავლებლებში, მაგრამ, სწავლის დასრულების შემდეგ, არ შეუძლიათ დასაქმება, იმიტომ რომ, მაგალითად, საჯარო სამსახურები ხშირად ითხოვენ უმაღლეს განათლებას იქ, სადაც ეს სულაც არაა საჭირო და აუცილებელი.
წარმოვიდგინოთ – ღონისძიებების ორგანიზატორის პოზიცია შეიძლება იყოს ვაკანტური – არსებობს პროფესიული პროგრამა, რომელიც ამას ასწავლის, მაგრამ მუნიციპალიტეტი რატომღაც ითხოვს უმაღლეს განათლებას, რაც არაა სწორი. თუ პროფესიული განათლების წახალისებას ცდილობ – ხელიც უნდა შეუწყო, რომ ადამიანებმა შეძლონ ნამდვილად რეალიზება. ესეც შშმ პირთა არაპირდაპირი დისკრიმინაციაა და, ზოგადადაც, ვაკანსიების 40% მაინც მოითხოვს უმაღლეს განათლებას. ერთია, რომ განათლება მიიღო და მეორე – რაში შეიძლება ეს გამოგადგეს.
-უშუალოდ შენ რაც შეგეხება – რა პროცესი და ეტაპები გაიარე აქამდე?
–დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი. სკოლის შემდეგ – ,,ფლექსის“ პროგრამით ამერიკაში 1 წელი ვიცხოვრე. უნივერსიტეტის პერიოდში ,,ერასმუსის“ პროგრამით 1 სემესტრი გერმანიასა და 1 რუმინეთში ვისწავლე.
ვარ შმმ ქალთა საინიციატივო ჯგუფ – ,,პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ თანადამფუძნებელი და კოორდინატორი. ჩვენ უკვე ვმუშაობთ ორგანზიაციის დაფუძნებაზეც.
-არსებობს განსხვავება შშმ ქალთა და კაცთა უფლებების რეალიზაციის თვალსაზრისით?
–კი, მაგალითად, სკოლადამთავრებულთა რაოდენობები რომ შევადაროთ სქესის მიხედვით – ზოგადად, უფრო მეტი გოგონა ამთავრებს სკოლას, ვიდრე ბიჭი, მაგრამ შშმ პირთა შემთხვევაში პირიქით ხდება.
– რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
-უპირველეს ყოვლისა, ოჯახების სტიგმა – ისინი ერიდებიან შშმ გოგონების გამოჩენას ან, უფრო სწორად რომ ვთქვათ – შშმ გოგონების შეზღუდული შესაძლებლობების წარმოჩენას. მიიჩნევენ, რომ ასეთ გოგონას ცოლად არავინ არ მოიყვანს და პრობლემები შეექმნება. ერთ-ერთ რეგიონში ერთი მცირედმხედველი, 16 წლის გოგონა გავიცანი. სკოლა მისთვის არაფერს უზრუნველყოფდა. როცა ვუთხარი, რომ კარგი იქნებოდა შშმ პირის სტატუსი მიეღო – რითაც სწავლის დაფინანსების, სოციალური შემწეობის პაკეტს მიიღებდა და ა.შ., ასე მითხრა – მამაჩემმა ასე თქვა – შშმ სტატუსი ჩემს შვილს არასდრს არ ექნებაო.
გოგონა მართლაც ცუდად ხედავს და ოჯახი ცდილობს ამის დამალვას. როდესაც, ბიჭის შემთხვევაში, უფრო ნაკლებად ერიდებათ მისი გამოყვანა გარეთ, სტატუსის მინიჭებდა ა.შ.
-შენ რა ტიპის სირთულეები შეგხვედრია?
-ზოგადად, კონკურსები თითქმის არასდროს არ იყო ხოლმე სკოლის დროს ადაპტირებული, სახელმწიფო კონკურსების შემთხვევაში, ცოტა უკეთესი მდგომარეობა გვქონდა. უნდა ითქვას, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები უპრობლემოდ ჩავაბარე – გაორმაგებული დროითა და ადაპტირებული გარემოთი. რაც შეეხება უნივერსიტეტს – ჩაბარებისას უამრავ პრობლემას შევეჩეხე – არ არსებობდა უსინათლოთა სწავლების გამოცდილება, გამოდიოდა, რომ მე, გამოუცდელს, უნდა მომეთხოვა ყველაფერი. მოვითხოვე, რომ მასალის წამკითხველები მყოლოდნენ, რომ კომპიუტერებით უნდა ჩამებარებინა გამოცდები და დამატებითი დრო მოეცათ ჩემთვის, რომ მოხალისე გ გამოეყოთ, რომელსაც უნდა ესწავლებინა აუდიტორიიდან აუდიტორიაში როგორ გადავაადგილებულიყავი. ეს ყველა მოთხოვნა უნივერსიტეტმა დამიკმაყოფილა.
-ახალ რა გეგმები გავქს?
-სამსახურის კუთხით აღმოვჩნდი სამწუხარო რეალობის პირისპირ. მიუხედავად ჩემი განათლებისა და გამოცდილებისა – ღია შრომით ბაზარზე დასაქმება გამიჭირდა ანუ ისეთ სამსახურში, რომელიც არ არის შექმნილი სპეციალურად შშმ პირისთვის. 4 მცდელობა მქონდა, მხოლოდ ერთ შემთხვევაში დავსაქმდი მოკლე ვადით, თუმცა, რეალიზებუალდ ვერ ვიგრძენი თავი. დანარჩენი სამ შემთხვევაში მივიღე უარი. აქედან 2-ში პირდაპირ მითხრეს უარი შეზღუდული შესაძლებლობს გამო. ერთ-ერთი შემთხვევა გავასაჩივრე კიდეც სახალხო დამცველის აპარატში, მაგრამ არ დაკმაყოფილდა. რომც დაკმაყოფილებულიყო, კერძო ორგანიზაციის შემთხვევაში, სახალხო დამცველის რეკომენდაციები არ არის სავალდებულო ხასიათის.
სამომავლოდ, ვაპირებ მაგისტრატურის უცხოეთში გაგრძელებას.
-შენ გარშემო რამდენად არიან შენნაირად აქტიური შშმ პირები?
-არიან, თუმცა ძალიან ცოტა – თითზე ჩამოსათვლელი. დაახლოებით, 160 000 შშმ პირი გვყავს ოფიციალურად, თუმცა, რაოდენობა ბევრად დიდია. წესით, დაახლოებით 370 000-380 000 მაინც. ამ რაოდენობიდან ძალიან ცოტაა რეალიზებული. ბევრი ახალგაზრდა ცდილობს სტაბილური სამუშაო იშოვოს და ნაკლებად აინტერესებთ უფლებების საკითხი.
-რა ცვლილებებს ისურვებდი სამომავლოდ?
-უპირველეს ყოვლისა, ის, რომ სტიგმა – შშმ პირებმა მხოლოდ შშმ პირთა უფლებებზე უნდა იმუშავონ და სხვა ინტერესები არ ჰქონდეთ – მინდა შეიცვალოს – ეს არის ჩემი პირადი სატკივარი. თუ შშმ პირი იღებს განათლებას, მისთვის ღია დასაქმების ბაზარი დახურულია, სხვა აქტიოვებებიც არაა ადაპტირებული და მეგობრული, უმეტესწილად. ერთადერთი გამოსავალი, რაც აქვს შშმ პირს, არის ის, რომ ისევ თავისი მიმართულებით იმუშავოს. ჯერჯერობით ასეთია საჭიროება, თუმცა, დიდი იმედი, მაქვს, ოდესმე აღმოიფხვრება.
მე იმავენაირად მაინტერესებს ქალთა უფლებების საკითხიც – ვწერ ბლოგებს, სხვადასხვა თემაზე ვესწრები ტრენინგებს, ასევე, მოხალისებრივად მიმყავს გადაცემა ონლაინრადიო ,,ჩემს ხმაში“.
-რას ურჩევდი საზოგადოებას, განსაკუთრებით, შენს თანატოლებს?
-ყველა შშმ პირს ვურჩევ, გამოვიდეს კომფორტის ზონიდან – წარმატება და თვითრეალიზება ამის გარეშე არ არსებობს! – რაღაცის შეცვლა ყოველთვის დისკომფორტსა და ძალისხმევასთანაა დაკავშირებული, მაგრამ ესაა აუცილებელი! ჩვენთვისვეა უარესი, თუ არ გამოვალთ – ჩვენ თუ არ გამოვალთ, არავინ არ შემოგვიმტვრევს სახლის კარს. როგორც იტყვიან, ,,შეუცვლელი კადრი არ არსებობს“. აუცილებელია, რომ ჩვენ გამოვიჩინოთ ინიციატივები. ეს მუდმივი პროცესია – მე ამას ნებისმიერ სხვა ადამიანსაც ვურჩევ, წარმატება და თვითრეალიზაცია განგრძობის მქონე პროცესია. ერთხელ თუ რაღაც გააკეთე, მისი შედეგი მალევე ქრება, თუ რაღაც ახალი არ მიუმატე.
ყველაფერი უფრო რთულად მოდის ჩემს შემთხვევაში, იმიტომ რომ ყველგან მხვდება დაბრკოლება. საქმე საქმეზე როცა მიდგება და გადაწყვეტილებებია მისაღები, ძალიან უჭირთ ადამიანებს ჩვენი აზრის გათვალისწინება, იმის გაანალიზება, რომ ჩვენც შეგვიძლია გვქონდეს რაიმე აზრი.
მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”