close
საქართველო

რა აკავშირებდა ბაირონს საქართველოსთან?

,,სიყმაწვილეში ძალიან მომწონდა ესქილეს ,,პრომეთე“ და მასთან რა თქმა უნდა  ,,მედეაც“.. ,,პრომეთე“, მიუხედავად იმისა, რომ გამიზნული არ მქონია, იმდენად მქონდა გონებაში ჩაბეჭდილი, რომ თავისუფლად შეიძლება, სწორედ მას ჰქონდეს გავლენა ყველა ჩემს ნაწარმოებზე, რომელიც კი ოდესმე დამიწერია,“ – სწორედ ამგვარი პასუხი გასცა ბაირონმა დაუსრულებელ ბჭობას, იმის შესახებ თუ ვისი ზეგავლენით შექმნა მან ,,მანფრედი“. მითი პრომეთეზე,  ქართულ კულტურაში შეესაბამება ლეგენდას ამირანზე, რის შესახებაც, როგორც წყაროებიდან  ხდება ცნობილი, ბაირონმაც იცოდა.

ამავე დროს, ბაირონმა გარკვეულწილად გაიზიარა მედეას ტრაგედიაც, როცა შეუყვარდა გათხოვილი ვენეციელი ქალი, სახელად მარგარიტა კოგნი, რომელმაც წერა-კითხვაც არ იცოდა. მარგარიტა ბაირონს კოლხ მედეას აგონებდა და ამგვარად აღწერდა თავის წერილში -,,დარწმუნებული ვარ, ახლა რომ მას სატევარი მივცე ხელებში, სწორედ იქ დაიცემს, სადაც ვეტყვი და არც მე დამინდობს, თუკი ამას ვისურვებ. მჯერა, რომ ნებისმიერ ქალს მედეას ვამჯობინებდი, თუმცა შესაძლოა გაგიკვირდეთ ჩემი ცოლის გამო,  რომელიც საწყალი სენტიმენტალისტია, შეიძლება ითქვას მორალური კლიტემნესტრა, და არა მედეა, რომელსაც უყვარს შურისძიება კანონის ფარგლებში“.

ბაირონს მრავალი სხვა ფაქტიც აკავშირებს კავკასიასთან, როგორც ისტორიიდან ცნობილია,  ძირითადად ახალგაზრდა ქართველ და თურქ  ბიჭებს ხშურად ჰყიდიდნენ მამლუქებად, სწორედ ,,მამლუქი“ ერქვა არაბულ ცხენს, რომლითაც ბაირონმა უკანასკნელად მოიარა მისოლონგიონი (საბერძნეთი).

თუმცა, ბაირონის ცხოვრებაში ყველაზე დიდი მაკავშირებელი რგოლი კავკასიასთან საქართველოა. აქ საუბარია 13 წლის ქართველი გოგონაზე, რომელიც ალექსანდრიაში თავისი პირველი მოგზაურობისას, მონათა ბაზრობაზე ნახა. ბაირონმა გამოისყიდა გოგონა და თბილისში ჩამოსაყვანად ირლანდიელ ვაჭარს ჩააბარა, რის შემდეგადაც ვაჭარს დამადასტურებელი წერილი წაეღო გოგონას მშობლებისაგან. საუბედუროდ, ვაჭარმა გოგონა თავისთან ხასად დაიტოვა, მაგრამ ბაირონმა კლავაც მიაგნო მათ და დააპატიმრებინა თურქეთის ფაშას, მას კვლავ სურდა გოგონას სამშობლოში გამოგზავნა, მაგრამ ის უკვე დასნეულებულიყო და მალევე გარდაიცვალა. ბაირონი ძალიან დაამწუხრა მისმა დაკარგვამ, ,,კიდევ ერთხელ გავუსწორე თვალი სიკვდილს და დავკარგე ერთი ძალიან ძვირფასი ადამიანი. ჩემი მეგობრები ემხობიან ჩემს ირგვლივ და მე ვრჩები როგორც ეული ხე,  სანამ მეც არ დავჭკნები“, – ასე აღნიშნა ეს ამბავი ბაირონმა 1811 წლის 11 ოქტომბერს გაგზავნილ წერილში და იმავე დღეს დაწერა ყველასთვის კარგად ცნობილი ლექსი ,,თირზა“, სადაც ქართველი გოგონას შესახებ საკუთარ გრძნობებზე საუბრობს:

 

ვიცი,შენს საფლავს ხსოვნის ნიშნად ქვაც კი არ ადევს,
მინდა სიმართლეს გავუსწორო მზერა თვალებში,
ვაითუ ყველამ დაგივიწყა, არვის ადარდებ,
ასე უდროოდ, ასე მალე რატომ წახვედი..

ცხრა მთის გადაღმა, ცხრა ზღვის გადაღმა მეგულებოდი,
და სიყვარული ჩვენი თურმე იყო ამაო,
შენკენ მოჰქროდა ერთი ფიქრი _ კვლავ შევხვდებოდით,
თუმც დამსხვრეული იმედები დამრჩა სანაცვლოდ..

როცა სიკვდილი გიმზადებდა მსუბუქ აღსასრულს,
როცა წარსულმა გაიელვა უხმო წამებით,
გულს ვინ ეწადა?თუ ნატრობდი შენგან შორს წასულს?
ვისაც უყვარდი და კვლავ უყვარხარ კვლავ გამალებით..

სხვისთვის თუ იყავ უფრო მეტი ზრუნვის საგანი?
გულს ვის უკლავდი , როცა თვალში შუქი ჩაგიქრა?
ვიდრე სიკვდილის და სიცოცხლის ჰპოვე სამანი..
ხომ ჩუმი სევდით მიზიდავდი წუხილს,საფიქრალს…

სადაც მე დიდხანს არ დამიდგამს ფეხი თავადაც
აქ დაგიტირე, ამ კოშკებში, ამ დარბაზებში,
რისთვის მომიხმეს, თუ მელოდა ტანჯვა მარადჟამს,
ბებერ ქონგურებს ვეფერები ამ განსაცდელში.

სხვა ცისქვეშ მახსოვს მე ცრემლები, ჩვენი გულწრფელი,
ჩვენს თვალთამზერას ვერ ხედავდა უცხო ახდილად
გულში მწვდებოდა შენი ფიქრი გამოუთქმელი,
მთრთოლარე ხელი მეხებოდა მხოლოდ ფაქიზად,

შენი ამბორი წმიდა იყო და უწყინარი,
დიდრონ თვალებში გამოკრთოდა მზერა უმწიკვლო,
ვნება იქ უმალ გაწრებოდა ვით უჩინარი,
და სიყვარულის ყველა განცდა იყო უბიწო…

მე, გულჩათხრობილს შენი ხმა თუ მახალისებდა,
შენით ვისწავლე სიცოცხლესთან ლაღი ტრფიალი,
ჰანგი უტკბესი მიქარწყლებდა დარდსა და სევდას,
ღვთიურ სიმღერით ჩაესმაოდა ცათა შრიალი,

სად ხარ ახლა, სად გეძებო სულზე უტკბესო?
თან წარიტანე სანუკვარი ის სახსოვარიც..
შენი თან დამაქვს ,ისღა დამრჩა ხსოვნად უბედოს,
როგორც არასდროს ვარ ბედკრული და უბედური…

თუ სათნოება შენი გულის სევდას მისახავს
და სული შენი ცათა მიღმა გაცისკროვნდება,
ლოცვა-ვედრებით მომაწიე ნეტარ მომავალს,
თან წამიყვანე! ამისრულე ერთი ოცნება,

ბედის ბორბალი დატრიალდა რადგან უკუღმა,
თავად მოწყალე პატიებას შენგან მოვითხოვ,
და თუ ამქვეყნად ჩვენს სიყვარულს ბედმა უმუხთლა,
მჯერა შევხვდებით, როს საუფლო ცათა მომიხმობს

წყარო:   “Byron and Georgia” Innes Merabishvili

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0